რატომ არის ქაღალდით მიღებული ჭრილობა ასეთი მტკივნეული?
გაუსაძლის ტკივილში წვლილი ანატომიასთან ერთად, ქაღალდსაც მიუძღვის
ალბათ, თქვენს ცხოვრებაშიც ყოფილა შემთხვევა, როცა წიგნის კითხვამ ზედმეტად ჩაგითრიათ, ძალიან სწრაფად გადაშალეთ გვერდი და ამ დროს ქაღალდის ბასრმა კიდემ თითი გაგიჭრათ. ეს ჭრილობა, ერთი შეხედვით, ძალიან მცირეა, თუმცა ისეთი მტკივნეულია, თითქოს თითი მოიჭერით.
თუ ეს შეგმთხვევიათ, აუცილებლად დაინტერესდებოდით, რატომ არის ეს ნაკაწრის მსგავსი ჭრილობა ასეთი მტკივნეული.
ადამიანის ხელებსა და თითებში ტკივილის რეცეპტორების, ნოციცეპტორების, დიდი რაოდენობაა თავმოყრილი. ეს რეცეპტორები დაზიანებული უჯრედებიდან მომავალ სიგნალზე რეაგირებენ. ქაღალდის ჭრილობა ააქტიურებს "მექანიკურ ნოციცეპტორებს", რომლებიც ზეწოლით, ჩხვლეტით ან გაჭრით მიყენებულ ზიანზე რეაგირებენ და არა, მაგალითად, დამწვრობაზე. გარდა მექანიკური ნოციცეპტორებისა, ქაღალდით მიყენებული ჭრილობა ააქტიურებს იმ რეცეპტორებსას, რომლებიც მგრძნობიარეები არიან ქიმიური გამღიზიანებლების მიმართაც, რაც ჭრილობის ირგვლივ აუტანელ ქავილის შეგრძნებას იწვევს.
გააქტიურებული ნოციცეპტორები უშვებენ ელექტრული სიგნალების ნაკადს, რომელიც ნერვულ ქსოვილებში გადის და ზურგის ტვინს აღწევს. ზურგის ტვინის ნერვული უჯრედები ამ სიგნალს თავის ტვინისკენ გადაამისამართებენ. საბოლოოდ, სიგნალი აღწევს ტვინის უბანს, რომელსაც სომატოსენსორულ ქერქს ვუწოდებთ. ჩვენი ტვინის ეს ნაწილი პასუხისმგებელია შეხების, ტემპერატურისა და ტკივილის აღქმაზე. თითებისა და ხელების აღმქმელ რეგიონს სომატოსენსორული ქერქის დიდი ნაწილი უჭირავს, რაც მეტ ტკივილს იწვევს. დიდი წილი აქვს პირისა და ენის რეგიონსაც. ამით აიხსნება გაუსაძლისი ტკივილი, რომელსაც ენის ქაღალდით გაჭრა იწვევს (თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა).
მიუხედავად ამისა, ქაღალდით მიღებულ ჭრილობას მტკივნეულად მხოლოდ ანატომია არ აქცევს. მიზეზი თავად ქაღალდშიც უნდა ვეძიოთ. შეიძლება, შეუიარაღებელი თვალისთვის ძალიან გლუვია, თუმცა მიკროსკოპულ დონეზე ქაღალდი გამომშრალი, შეკუმშული ხის ქსოვილებისგან შედგება, რაც მის კუთხეებს უხეშ, ხერხივით უსწორმასწორო სახეს აძლევს. ამის გამო, ქაღალდის ჭრილობა სუფთა ჭრილობისგან განსხვავებულ, უფრო მძიმე დაზიანებას გვაყენებს.
ქაღალდი, სხვა ჭრილობებისგან განსხვავებით, ძირითადად მხოლოდ კანის ზედა ორ ფენას, ეპიდერმისსა და დერმას აზიანებს, შესაბამისად, სისხლდენა ან არ არის, ან მცირეა, რაც ჭრილობის ფუფხით დაფარვას და შეხორცებას გამორიხავს. შესაბამისად, დაზიანებული ნერვული ქსოვილები ხანგრძლივად რჩებიან ღია გარე გამღიზიანებლების მიმართ და ყოველ შეხებაზე ტკივილს ვგრძნობთ.
ქაღალდის ჭრილობის სამკურნალოდ, აუცილებელია ის სუფთა წყლითა და საპნით დამუშავდეს, წაისვათ ანტიბიოტიკური მალამო, რათა ინფექცია აირიდოთ თავიდან და შეიხვიოთ, რათა სხვადასხვა ზედაპირებთან შეხება ნაკლებად მტკივნეული და საფრთხისშემცველი იყოს.
კომენტარები