რატომაა ფეხის თითის რამეზე მირტყმა ასეთი მტკივნეული? — რას ამბობს მეცნიერება
ალბათ, ფეხის ნეკა თითის ავეჯზე მირტყმისას განცდილი ტკივილი არც თქვენთვის იქნება უცხო. შეგრძნება აუტანელია, თუმცა აღმოჩნდება ხოლმე, რომ თითზე სერიოზული დაზიანება ნამდვილად არ მიგიღიათ. მაშ, რატომაა მირტყმისას აღმოცენებული შეგრძნება ასეთი საშინელი?
ამაზე პასუხი ფეხებში არსებულ ნერვულ დაბოლოებებსა და მათ რაოდენობაში უნდა ვეძიოთ. მნიშვნელოვანია ძალაც, რომლითაც საგნებს ვეჯახებით ხოლმე.
BrainFacts.org-ის მიხედვით, სხეულში მტკივნეული შეგრძნებები ნერვული უჯრედებისგან, სახელად ნოციცეპტორებისგან (იგივე ტკივილის რეცეპტორები), მოდის. ისინი კანში, კუნთებსა და შინაგან ორგანოებში გვხვდება და დაზიანებული უჯრედების მიერ წარმოქმნილ სიგნალებზე რეაგირებს.
ტკივილის სხვადასხვა რეცეპტორი სხვადასხვა ტიპის დაზიანებაზე რეაგირებს. მაგალითად, ცხელ ტაფაზე შეხებისას თერმული ნოციცეპტორები აქტიურდება, ფეხის თითის რამეზე მირტყმისას კი — მექანიკური ნოციცეპტორები, რომლებიც დაწოლის ანდა ჭრილობების მიმართ არის მგრძნობიარე.
StatPearl-ის თანახმად, თავის ტვინის ქერქის ის ნაწილი, რომელიც შეხებაზე, ტემპერატურაზე ანდა ტკივილზე მიმანიშნებელ სიგნალებზე რეაგირებს, ტვინს გარს აკრავს, მისი სხვადასხვა ნაწილი კი სხეულის სხვადასხვა ადგილას წარმოქმნილ შეგრძნებებს ამუშავებს.
კონკრეტული რეგიონი, რომელიც ფეხებსა და ფეხის თითებზე აგებს პასუხს, ქერქის ცენტრია, სადაც ტვინის ორი ნახევარი ხვდება ერთმანეთს, მისი ზომა კი ფეხებში რეცეპტორთა რაოდენობაზეც აისახება. სენსორულ ქერქში ყველაზე დიდ ადგილს ზემგრძნობიარე სახე, პირი და ხელები იკავებს, თუმცა ნაკლებად მგრძნობიარე ტანსა და კიდურებთან შედარებით ფეხებს მაინც ბევრი ეთმობა.
საგულისხმოა, რომ დაზიანებული თითისგან წამოსული ყველა ტკივილთან დაკავშირებული სიგნალი ტვინამდე ერთდროულად არ აღწევს.
მირტყმის შემდეგ პირველ შეგრძნებას, ელვისებურ ტკივილს, "A-დელტა ბოჭკოები" წარმოშობს — თხელი, ცხიმით შემოსაზღვრული ნერვული ბოჭკოები, რომლებიც სიგნალებს უაღრესი სიმარჯვით აგზავნის.
ყრუ ტკივილზე, რომელიც წამების შემდეგ ჩნდება, ნაკლებად ქმედითი C-ბოჭკოებია პასუხისმგებელი, რომელთა ნერვული დაბოლოებებიც დიდ არეალს ფარავს, ანუ ფეხის რამდენიმე თითს და არა მხოლოდ ერთის წვერს. იმ შემთხვევაში, თუ დაზიანება ანთებას გამოიწვევს, ამ ტიპის ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს კიდეც.
Insider-ის ცნობით, ფეხებში არსებული ნოციცეპტორები ფიზიკური ტრავმის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე შეიძლება იყოს, რადგან აქ ნაკლები ცხიმია, რომ დარტყმის გავლენა შეასუსტოს. ამასთანავე, ფეხის თითის რაიმეზე მირტყმისას, დიდი ალბათობით, ამ ნერვულ ბოჭკოებს თქვენი სხეულის წონაზე 2-3-ჯერ დიდი ძალით ურტყამთ, მთელი ეს ძალა კი ძალიან პატარა ზედაპირზეა თავმოყრილი.
საბედნიეროდ, მირტყმის შემდეგ ტკივილი რამდენიმე წუთში ან საათში ქრება. იშვიათია უფრო სერიოზული დაზიანებები, მაგალითად: მყესის ძლიერი დაჭიმვა ან ამოვარდნა და ძვლის მოტეხილობა.
იმ შემთხვევაში, თუკი ტკივილი დღეების განმავლობაში რჩება და თითის გამოძრავებისას უარესდება, შესაძლოა, საქმე სწორედ რომელიმე ზემოხსენებულ მოვლენასთან გვქონდეს, ამიტომაც ექიმთან ვიზიტს გირჩევდით.
კომენტარები