მარსზე ახალი აღმოჩენები უძველეს უცხოპლანეტურ სიცოცხლეზე მიგვანიშნებს
კვლევის დასკვნები იძლევა დამაჯერებელ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ სიცოცხლე, შესაძლოა, ოდესღაც არსებობდა წითელ პლანეტაზე.
NASA-ს Perseverance-ის მისიამ მსოფლიოში პირველად შეძლო კონტროლირებადი ფრენა სხვა პლანეტაზე და პირველად მოიპოვა ჟანგბადი მარსის ატმოსფეროდან. მისიამ ასევე ერთხელ და სამუდამოდ დაადასტურა, რომ მარსზე ჯეზეროს კრატერი ოდესღაც მასიური ტბა იყო. ახლა კი ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ორგანული მოლეკულები უხვად უნდა ყოფილიყო ამ წყლებში. დასკვნები იძლევა დამაჯერებელ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ სიცოცხლე, შესაძლოა, ოდესღაც არსებობდა წითელ პლანეტაზე.
ნასას მარსმავალი Perseverance დაეშვა მარსზე 2021 წლის თებერვალში. მას შემდეგ, რაც გაატარა თავისი პირველი 208 მარსული დღე პლანეტის გამოკვლევაში, როვერმა წარმოადგინა დამაჯერებელი ახალი მტკიცებულება იმისა, რომ ორგანული მოლეკულები ოდესღაც უხვად იყო ტბაში, როვერის დაშვების ადგილზე, ჯეზეროს კრატერზე.
ექიმმა ჯოზეფ რაზელ ჰოლისმა, ლონდონის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმის თანამშრომელმა და ახალი კვლევის თანაავტორმა, რომელიც წარმოადგენდა აღმოჩენებს, თქვა: "როგორც ჩანს, ჯეზეროს კრატერი მართლაც არის ის, რაც ვივარაუდეთ, ორბიტალური გამოსახულების საფუძველზე. ის იყო ტბა, დაახლოებით, 3-3,5 მილიარდი წლის წინ. და ეს ჩვენთვის ნამდვილად ამაღელვებელია, რადგან 3 მილიარდი წლის წინ მარსზე თხევადი წყლის არსებობა დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციის დროს ემთხვევა. ასე რომ, ეს აჩენს კითხვას, შეიცავდა თუ არა მარსზე არსებული წყალი სიცოცხლის სამშენებლო ბლოკებს?"
ჰოლისმა და დოქტორმა ევა შელერმა წარმოადგინეს თავიანთი დასკვნები ახალ ნაშრომში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Science-ში. მათ გამოიყენეს SHERLOC ინსტრუმენტის მონაცემები როვერ Perseverance-ზე ჯეზეროს კრატერში ქვების გასაანალიზებლად და კონკრეტული ორგანული ნაერთების ფლუორესცენციის დასადგენად.
მკვლევრებმა განმარტეს, რომ ამ ნაერთებს შეეძლო, გამოეწვია მარსზე სიცოცხლის ევოლუცია. თუმცა, მათ დასჭირდებათ მსგავსი ქვის ნიმუშების უფრო დეტალური ანალიზი აქ, დედამიწაზე, სანამ რაიმე მტკიცე დასკვნას გააკეთებენ.
Perseverance მისიის ნიმუშები უკეთ გაგვაცნობს უძველეს მარსს
ნასას და ESA-ს Mars Sample Return-ის მისია ავითარებს ტექნოლოგიას, რომელიც საჭიროა ნიმუშების მარსიდან დედამიწაზე ჩამოსატანად, რათა მეცნიერებმა შეძლონ მათი ანალიზი. კოსმოსური სააგენტოები ამას 2030-იანი წლებისთვის მოელის.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში როვერი Perseverance სწავლობდა უძველესი მდინარის დელტას, რომელიც, სავარაუდოდ, კვებავდა ტბას ჯეზეროს კრატერში. ამდენად, ესაა იდეალური ადგილი ნიმუშების შესაგროვებლად, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდეს უძველესი მიკრობული სიცოცხლის მტკიცებულებას.
გასული წლის ოქტომბერში, კვლევამ დაადასტურა, რომ ჯეზეროს კრატერი იყო დიდი ტბა, რომელიც იკვებებოდა პატარა მდინარით დაახლოებით 3,7 მილიარდი წლის წინ. ახლა ნიმუშების ძიება გრძელდება, Perseverance და Curiosity როვერები აგრძელებენ საინტერესო აღმოჩენებს.
კომენტარები