გაზრდილი გენდერული დანაშაული — როგორ უნდა შეიცვალოს გაუპატიურების დეფინიცია
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა, ქალთა მიმართ ძალადობა კი — ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში ქალების 1/3 ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხდება სხვადასხვა ფორმის ფიზიკური, სექსუალური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. თუმცა, არსებული სტიგმების გამო, შესაძლოა, ეს რიცხვი რეალურ სურათს არ ასახავდეს. ხშირად ქალებზე ძალადობა გაუხმაურებელი და დაუსჯელი რჩება.
გენდერული მოტივი სისხლის სამართლის საქმეებში
საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2021 წელს გენდერული დისკრიმინაციის მოტივი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებში 732 დანაშაულში გამოიკვეთა. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია და 2016-2020 წლების ჯამური მონაცემთან შედარებით 157%-ით არის გაზრდილი.
- ამგვარ დანაშაულებში ბრალდებულთა 99% კაცია.
- გენდერული ძალადობის 84% ოჯახური დანაშაულის სახისაა.
- ხოლო ბრალდებულთა 73% დაზარალებულის ქმარია.
მას შემდეგ, რაც საქართველომ სტამბულის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა (ევროსაბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და წინააღმდეგობის შესახებ) კანონმდებლობაში კონვენციასთან ჰარმონიზაციისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.
ხელახლა განისაზღვრა სასჯელის დამამძიმებელი ფაქტორები, მათ შორის გენდერული ან გენდერული იდენტობის მიხედვით დანაშაულის ჩადენა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, ეს ხელს უწყობს გენდერულად მგრძნობიარე სისხლის სამართლის სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც ქალების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები სათანადოდ იქნება აღიარებული, კვალიფიცირებული და დასჯილი.
მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, საიას შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული მთელი პრევენციული აქტივობები ძირითადად ქაოსური და უსისტემოა, რაც პრევენციული სამუშაოს ეფექტურობას ავრცელებს.
ჯიპას პროფესორისა და ფემიციდის მკვლევრის, თიკო ცომაიას განმარტებით, სენსიტიური ცვლილება ძალადობის ამოსაცნობად ზრდის ძალადობის მანიფესტაციას.
"თვითონ ის, რომ გენდერული ნიშნით ხდება დანაშაულის ამოცნობა, და ამ მიმართულებით დიდი შრომაა გაწეული, რა თქმა უნდა ზრდის დანაშაულის არეალს".
კანონმდებლობაში გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, ცომაია ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გახშირებას ასევე უკავშირებს ორგანიზაციათა შორის კოორდინაციის არ ქონას და საკითხზე დეტალური კვლევების არარსებობას.
"ჩვენ გვაქვს ზოგადი სურათი, და არ გვაქვს დეტალები. ფემიციდის პორტალზე ვცდილობთ მონაცემების ანალიზი ისე მოვახდინოთ, რომ ამ გლობალური მოვლენის სხვადასხვა შრის, შუქ-ჩრდილების დანახვა ხდებოდეს. მდგომარეობა ისევ საგანგაშოა. პრობლემურია მონაცემების გამოთხოვა, დეტალიზაცია, ანალიზი.
საჭიროა პერმანენტული მონიტორინგი. სახელმწიფო ინსტიტუტებს, მედიებს, NGO-ებს და watchdog-ებს, ვინც ამ მანკიერი პრაქტიკების იდენტიფიცირებას და მასზე რეაგირებას ახდენენ, ერთმანეთში უნდა ჰქონდეთ მეტი თანამშრომლობა, კოორდინაცია".
რა არის გაუპატიურება და რა წერია კანონში
2021 წელს სულ 56 343 დანაშაული დარეგისტრირდა, რაც 0,45%-ით ნაკლებია 2020 წლის მაჩვენებელზე. მიუხედავად საერთო რაოდენობის შემცირებისა, ცალკეული დანაშაულის შემთხვევებმა იმატა. მათ შორის, გაუპატიურების შემთხვევები 56%-ით გაიზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს გაუპატიურების 137 შემთხვევაა რეგისტრირებული, რომელთა 34% გახსნილი არ არის.
"გაუპატიურება, ეს საშინელი სისასტიკე, დღესაც ტაბუდადებული თემაა. ამიტომ, ქალებს განსაკუთრებული დახმარება სჭირდებათ. საერთაშორისო გაიდლაინების შესრულება აუცილებლად გახდება პრევენციული მექანიზმი", — გვითხრა თიკო ცომაიამ.
სტამბოლის კონვენციის თანახმად, როგორც ამ საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმომწერს, საქართველოს ეკისრება პასუხისმგებლობა, მხარი დაუჭიროს ძალადობის ყველა ფორმის კვლევას კონვენციის ფარგლებში და დაამყაროს ეფექტური თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, გაუპატიურება არის პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ქალთა მოძრაობაში განმარტავენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში სქესობრივი დანაშაულების დეფინიციები შეზღუდულია, პრაქტიკაში კი სქესობრივ დანაშაულებთან მიმართებით დამკვიდრებულია მეტისმეტად ხისტი, მოუქნელი და საბჭოური მტკიცებულებითი სტანდარტები.
ქალთა მოძრაობამ და სოლიდარულმა ჯგუფებმა, სოციალურმა მოძრაობებმა, რეკრეაციულმა, კულტურულმა და შემოქმედებითმა სივრცეებმა, ღამის კლუბებმა და მუსიკალურმა ფესტივალებმა 25 ნოემბერს, 20:00 საათზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მარში დააანონსეს.
მოძრაობა მოითხოვს, კანონმდებლებმა შეცვალონ გაუპატიურების მოქმედი დეფინიცია და კანონში გაკეთდეს ჩანაწერი ქალის თანხმობასთან დაკავშირებით. აქტივისტები განმარტავენ, რომ არსებული კანონმდებლობით, იმისთვის, რომ ქალი ჩაითვალოს გაუპატიურებულად, ის ასევე უნდა იყოს ნაცემი და ითხოვენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რადგან შეუძლებელია ქალების სქესობრივი დანაშაულებისაგან დაცვა დღეს არსებული კანონით.
"ჩვენი მიზანია, შევცვალოთ საზოგადოებაში არსებული მანკიერი აღქმა და დამოკიდებულება ქალთა გაუპატიურების მიმართ, აღმოვფხვრათ გაუპატიურების დაკანონებული პრაქტიკა და დავიცვათ ქალები სქესობრივი დანაშაულებისგან.
ყველამ პატივი უნდა სცეს ქალის სხეულებრივ ავტონომიას და მის ხელშეუხებლობას. ქალი დაცული უნდა იყოს სექსუალური ძალადობისგან ყველგან — სახლში, ქუჩაში, საცეკვაო მოედანზე, ნებისმიერი სახის საჯარო თუ პირად სივრცეში", — აცხადებენ ორგანიზატორები.
"არის შემთხვევები, როდესაც დუმილი გამოწვეულია მსხვერპლის შიშით ან იმის გაცნობიერებით, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. დუმილი თანხმობად არ უნდა მივიჩნიოთ, საჭიროა ყველა გარემოების შესწავლა. თანხმობის არსებობა უნდა დამტკიცდეს. საჭიროა, თანხმობა რაიმე ფორმით (ვერბალურად ან არავერბალურად) იყოს გამოხატული; პასიურობა და პროტესტის გამოხატვისაგან თავის შეკავება თანხმობის არსებობას არ გულისხმობს", — განმარტავს საფარი.
ფემინისტი აქტივისტის, მარი კურტანიძის შეფასებით, ეს საკანონმდებლო ცვლილება არის ნაბიჯი, რომლის არსებობის გარეშეც აბსურდულია გაუპატიურებასთან ბრძოლაზე საუბარიც კი.
მისი განმარტებით, დღესდღეობით გაუპატიურების ბევრი შემთხვევა რეაგირების მიღმა რჩება. ისჯება მხოლოდ ის დანაშაული, რომელსაც დამატებით ფიზიკური ძალადობის მტკიცებულებები ახლავს. ასევე, სამართალდამცავი ორგანოები გამოძიების დაწყების წინაპირობად მხოლოდ სიცოცხლის მოსპობის მუქარას მიიჩნევენ.
"იყო ასეთი შემთხვევა, როცა სასამართლომ გაუპატიურების საქმეში პირადი ხასიათის კადრების გავრცელების მუქარა მუქარად არ ჩათვალა", — იხსენებს კურტანიძე.
აქტივისტის განცხადებით, საჭიროა საუბრების, დისკუსიების და სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობის გზით გავაანალიზოთ, თუ რა არის გაუპატიურება და როგორ განმარტავს ამას ქართული კანონმდებლობა. ამასთან, კურტანიძე საუბრობს მედიის მნიშვნელოვან როლზე.
"მედიის მხარდაჭერის გარეშე, შეუძლებელი იქნება ცვლილების მოტანა. ჩვენ საქართველოში არ გვაქვს ელემენტარული სქესობრივი განათლება. Სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას, რომ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდოს მსგავს საკითხებზე. გვრჩება არაფორმალური გზები, აქციები და დისკუსიები, რომ ინფორმაცია საზოგადოებამდე მივიტანოთ".
პრობლემები აქაც კომპლექსურია. უფლებადამცველის განმარტებით, პასუხისმგებელ ორგანოებს და სტრუქტურებს არ აქვთ შესაბამისი გადამზადება. შესაბამისად, ქალებს აქვთ მცირე ნდობა სისტემისადმი.
"არსებობს მანკიერი კულტურა, რომელიც ხელს ისევ ქალისკენ იშვერს. გამოძიების დროს ქალი რეტრავმატიზება ხდება, არ არსებობს სენსიტიური მიდგომა და ბოლოს მაინც ვერ ვიღებთ სამართალს. ეს ჩაკეტილ წრეზე მოძრაობაა. გაზრდილი სტატისტიკაც კი არ ასახევს დანაშაულის რეალურ ციფრებს, რადგან ბევრ ქალს კვლავ ეშინია ამ თემის გასაჯაროება."
კურტანიძე განმარტავს, რომ არასწორად მიაჩნია მუდმივად იმ თემებზე სპეკულირება, თუ რა უნდა გააკეთონ და როგორ უნდა დაიცვან თავი ქალებმა. ჯობია იმაზე იყოს აქცენტი, რა არ უნდა გააკეთონ კაცებმა.
მარშის ორგანიზატორები თანხმდებიან, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია გადააზრებული იქნეს თანხმობის მნიშვნელობა — როდის არის თანხმობა ნამდვილი. მათი განმარტებით:
- "მოტყუებით, მოწყვლადობით მიღებული თანხმობა, თანხმობა არ არის. ხშირად იყენებენ თრობას, ან ქალების სხვა მდგომარეობას, რომ თანხმობა მიიღონ";
- "გაუპატიურებაა ნებისმიერი ქმედება, როცა სექსის ნებისმიერი საკითხი წინასწარ არ არის შეთანხმებული";
- "გაუპატიურებაა დაძალება თავდაცვის გარეშე სექსზე. თუ ვინმე გაძალებთ უპრეზერვატივო სექსს, ეს უკვე ძალადობაა".
"დროა, დავასრულოთ ეს კულტურა, რომ კაცებმა უნდა მოგვინადირონ. ბევრს ჰგონია, რომ ჩვენი "არა" არას არ ნიშნავს და უბრალოდ ვჭირვეულობთ", — აცხადებს უფლებადამცველი.
კურტანიძის განმარტებით, საჭიროა შეიქმნას ძალადობაზე გამარჯვებული ქალების ისტორიები და ნარატივები.
"ჩვენი განვლილი ტრავმები ჩვენ არ განგვსაზღვრავს. გაუპატიურებას უნდა მოვაშოროთ ქალების მუდმივი დამღა. საკუთარ თავთანაც გვიჭირს ძალადობის გააზრება, არათუ ამაზე საჯარო საუბარი. გაუპატიურება არ უნდა გახდეს შენი იდენტობის, ცხოვრების განმსაზღვრელი. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ამ ისტორიებზე ძლიერები".
კომენტარები