ერთ-ერთ ყველაზე საშინელ პარაზიტს, შესაძლოა, სასარგებლო თვისებები ჰქონდეს
პარაზიტმა არმადილოს ღვიძლის იდეალურად აღდგენა შეძლო
ირონიულია, მაგრამ მკვლევრებმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ ქსოვილების დამაზიანებელ დაავადებას, შესაძლოა ძუძუმწოვრების ღვიძლის აღდგენა შეეძლოს.
კეთრს, კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესსა და მოუშორებელ დაავადებას, ორი პარაზიტი ბაქტერია იწვევს — Mycobacterium leprae და Mycobacterium lepromatosis. ეს მიკრობები აზიანებენ კანს, ნერვულ სისტემასა და სხვა ქსოვილებს.
გავრცელებული სტიგმის საპირისპიროდ, კეთრი არც ისე გადამდებია. ის ინფიცირებული ადამიანის ლორწოსთან მრავალჯერადი შეხების შემთხვევაში შეიძლება გადაგედოთ და ამ შემთხვევაშიც დაავადება ბაქტერიასთან კონტაქტში მყოფი ადამიანების მხოლოდ 5%-ს ემართება. მეტიც, თანამედროვე მედიცინა დაავადებას მარტივად კურნავს.
ბაქტერია ბუნებრივად არმადილოებში გვხვდება. მიკრობისა და მისი მასპინძლის ინტერაქციის შესწავლისას მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ პარაზიტს აქვს უნარი, "გაიტაცოს" და გარდაქმნას უჯრედები.
ედინბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო მკვლევარმა სამუელ ჰესმა და მისმა კოლეგებმა 45 არმადილოს ორგანიზმში კეთრის პარაზიტი შეუშვეს, რომელთაგანაც 13-მა ინფექციას გაუძლო. მეცნიერებმა მოგვიანებით თითოეული ინფიცირებული ორგანიზმის ღვიძლი ჯანმრთელისას შეადარეს.
აღმოჩნდა, რომ ინფიცირებული არმადილოების ღვიძლი იზრდება და, რაც ყველაზე საინტერესოა, ფუნქცია არ იცვლება, ყოველი ახალი უჯრედი ფუნქციურად გამართულია და სხვა ყველაფერიც პროპორციულად გაიზარდა.
"თუ ჩვენ შევძლებთ გავარკვიოთ, თუ როგორ ზრდის ბაქტერია ცოცხალი ორგანიზმის ღვიძლს მისი ფუნქციის დაკარგვისა და უარყოფითი ეფექტების გარეშე, ამ ინფორმაციის განზოგადებასა და გამოყენებას ვეცდებით". — განაცხადა ედინბურგის უნივერსიტეტის უჯრედულმა ბიოლოგმა ანურა რამბუკანამ.
როგორც ჩანს, ევოლუციის პერიოდში ბაქტერიამ რეგენერაციისა და იმ უჯრედების აღდგენა და გამრავლება ისწავლა, რომელიც არმადილოს ორგანიზმში, სადაც ის ცხოვრობს, ყველაზე მეტად ერგებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ დეტალები ჯერ უცნობია, როგორც ჩანს, Mycobacterium Leprae ცვლის ზრდასრული ღვიძლის უჭრედებს, ჰეპატოციტებს, აქცევს რა მათ ღეროვანი უჯრედის მსგავსად, რაც საშუალებას იძლევა, დამატებითი ქსოვილები მათგან სწორად გაიზარდოს.
მკვლევრებმა ადრე ჩატარებულ კვლევაში აჩვენეს, რომ კეთრს დაახლოებით იგივეს გაკეთება შვანის უჯრედებისთვისაც შეუძლია.
არმადილოების ბოლო კვლევამ კი აჩვენა, რომ პროცესი იდეალურად ჯანმრთელ გაზრილ ღვიძლამდე მივიდა, რომელსაც დაზიანების, დაბერების, ფიბროზისა და სიმსვნეს ნიშნები არ აღენიშნება.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ღვიძლს აქვს რეგენერაციის შესაძლებლობა ნაწილობრივ მაინც (და ერთადერთი შიდა ორგანოა, რომელიც ამას ახერხებს), დროთა განმავლობაში დაზიანებები გროვდება, რაც ქრონიკული დაავადებებით ყოველწლიურად ძალიან ბევრი ადამიანის გარდაცვალებას იწვევს. იმის სრულყოფილად გაგებას, თუ როგორ ახერხებს კეთრის გამომწვევი პარაზიტი ამ ორგანოს სრულყოფილ აღდგენას, მილიონობით ადამიანის გადარჩენა შეუძლია.
კვლევა ჟურნალ Cell Reports Medicine-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები