იყო და არა იყო რა — ამ ამბის სხვაგვარად დაწყება შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ ხომ ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ საბავშვო მწერალზე და მის მდიდარ შემოქმედებაზე უნდა ვისაუბროთ. ჰოდა, იყო მწერალი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ცოტაოდენი ჯადოსნობაც შორს წაგიყვანს, ამ მოგზაურობაში ყველაზე ერთგულ მეგზურობას კი წიგნები გაგიწევენ.

როალდ დალის არცერთი წიგნი თუ აქამდე ჯერ არ წაგიკითხავთ, დარწმუნებულები ვართ, რომელიმე მათგანის მიხედვით გადაღებული ფილმი მაინც გექნებათ ნანახი. ბრიტანელ მწერალს მე-20 საუკუნის მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია. სიცოცხლეშივე მისი შემოქმედება უამრავი პრემიით აღინიშნა, დღემდე კი მსოფლიოში დალის წიგნების 250 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.

ნორვეგიელი მშობლების ოჯახში დაბადებულმა როალდმა ენაც ნორვეგიულად აიდგა. ეგ კი არა, მწერლობა არასდროს ყოფილა მის გეგმებში — რომ არა ერთი შემთხვევა. მეორე მსოფლიო ომში პილოტად ყოფნისას მისი თვითმფრინავი ეგვიპტეში ჩამოვარდა, სასწაულებრივად გადარჩენილ დალს კი წერის სურვილი გაუჩნდა.

ასე დაიწყო დიდი მოგზაურობა, რომელშიც ბრიტანელ მწერალს თავისი უშრეტი ფანტაზია და ჯადოსნობის ძიების სურვილი უძღოდა წინ. აკი ამბობდა კიდეც, ვისაც ჯადოსნობის არ სჯერა, მას ვერც ვერასდროს იპოვისო. აი, ჩვენ კი გვჯერა, რომ დალმა მაგია იპოვა და მერე ის მილიონობით ბავშვს გაუზიარა მთელ მსოფლიოში. ამ სტატიაში სწორედ მის ჯადოსნურ წიგნებსა და ეკრანიზაციებზე მოგიყვებით.

შეუდარებელი ბატონი მელია

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

მელაკუდების ეშმაკობა საქვეყნოდ ცნობილი ამბავია და ალბათ იფიქრებთ კიდეც, დალს ახალი რაღა უნდა ეთქვაო. მაგრამ გაიხსენეთ, რამდენ ისტორიაში გაიცანით ეს პერსონაჟი ახლოდან? მწერალმა არა მხოლოდ ბატონ მელიას შეგვახვედრა, არამედ მის სახლშიც მიგვიპატიჟა და ოჯახი გაგვაცნო. თუმცა, შეუდარებელი და გონიერი გმირი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდება, როცა მისი მეზობელი ფერმერები გადაწყვეტენ, ქურდბაცაცობისთვის პასუხი მოსთხოვონ.

დალის 1970 წელს გამოცემული ეს რომანი არაერთგზის ადაპტირებულია, როგორც კინოსთვის, ასევე ოპერისა და თეატრისთვის. თუმცა, ყველაზე ცნობილი ადაპტაცია უეს ანდერსონის გადაღებული კინოეკრანიზაციაა, რომელიც 2009 წელს გამოვიდა. ფილმში მთავარ გმირებს ჯორჯ კლუნი და მერილ სტრიპი ახმოვანებენ. კინოსურათი წარდგენილი იყო ოსკარის ორ ნომინაციაშიც.

დალის შეუდარებელი ბატონი მელია ქართულად სულ ცოტა ხნის წინ თარგმნა სულაკაურის გამომცემლობამ. წიგნის შეძენა უკვე შეგიძლიათ გამომცემლობის ვებგვერდზე და წიგნის მაღაზიებში.

ჩარლი და შოკოლადის ქარხანა

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ეჭვი კი გვეპარება, ვილი ვონკას ჩვენი წარდგენა სჭირდებოდეს, მაგრამ ამ ჩამონათვალში მისი გამოტოვება არაფრით იქნებოდა. დალის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი ჩარლი და შოკოლადის ქარხანაა, რომელიც 1964 წელს გამოიცა. რომანი ერთ ხელმოკლე ოჯახში მცხოვრებ პატარა ბიჭზე მოგვითხრობს, რომელიც სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდება ტკბილეულისა და ნუგბარის უზარმაზარ სამყაროში. ამ სამყაროში კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი ვილი ვონკაა — შოკოლადის მწარმოებელი და ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ლიტერატურული პერსონაჟი.

ჩარლი და შოკოლადის ქარხანა ასევე რამდენჯერმე ადაპტირდა. მათგან ორი გამორჩეული ეკრანიზაცია მელ სტიუარტსა და ტიმ ბარტონს ეკუთვნით. პირველი მათგანის გადაღებული ფილმი 1971 წელს გამოვიდა და პრესტიჟული კინოპრემიების ნომინანტი გახდა. ბარტონის არანაკლებ ცნობილ ეკრანიზაციაში კი, რომელიც 2005 წელს იხილა მაყურებელმა, ვილი ვონკა ჯონი დეპმა განასახიერა. ფილმი ნამდვილ ბლოკბასტერად იქცა, რომელმაც მსოფლიოში $475 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.

ქართველი მკითხველისთვის უკვე რა ხანია, ჩარლი და შოკოლადის ქარხანა მშობლიურ ენაზეა ხელმისაწვდომი. თუმცა, სიახლე ისაა, რომ სულაკაურის გამომცემლობამ წიგნი ცოტა ხნის წინ მოსწავლის ბიბლიოთეკის განახლებული დიზაინით გამოსცა.

მატილდა

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

მატილდა ალბათ ის შემთხვევაა, როცა ეკრანიზაცია პოპულარობით პირველწყაროს არ ჩამოუვარდება. 1996 წელს გამოსული ფილმი, რომელიც დენი დევიტომ გადაიღო, დიდი კომერციული წარმატებით სულაც არ გამოირჩეოდა. თუმცა, წლების შემდეგ, კინოსურათი უკვე კლასიკად იქცა, მისი მსახიობები კი ბავშვების საყვარელი ვარსკვლავები გახდნენ.

თუ ისე მოხდა, რომ აქამდე არც დალის რომანი წაგიკითხავთ და არც ფილმი გინახავთ, გაგონილი მაინც გექნებათ მატილდას განსაკუთრებულ შესაძლებლობებზე. ეს გოგო ნამდვილი ვუნდერკინდია, რომელმაც ადრეულ ასაკში თავადვე ისწავლა და შეიყვარა კითხვა. მის მშობლებს არც ამისთვის მიუქცევიათ ყურადღება და არც იმისთვის, სასკოლო ასაკის მატილდას უკვე უცნაური რაღაცების ჩადენა რომ შეეძლო. აი, პატარა გოგოს კი ეს ჯადოსნური შესაძლებლობები მოგვიანებით ძალიან გამოადგა, რათა დიდი და კეთილი საქმეები შეესრულებინა.

როალდ დალის მატილდა ინგლისურ ენაზე 1988 წელს გამოიცა. ამ ასევე კლასიკად ქცეულ საბავშვო რომანს სულაკაურის გამომცემლობა კვლავაც მოსწავლის ბიბლიოთეკის განახლებული დიზაინით გთავაზობთ.

დიდი კეთილი გოლიათი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

დალის ბავშვობაში მისი მასწავლებელი ამბობდა, წერისას სიტყვებს სულ სხვა მნიშვნელობით იყენებსო. ეს უცნაური ჩვევა როალდმა მოგვიანებით თავისი საქმის ნაწილად აქცია და დიდი კეთილი გოლიათის წერის პროცესში 238 ახალი სიტყვა გამოიგონა.

თუმცა, ამ რომანს მხოლოდ ეს როდი აქცევს განსაკუთრებულად. წიგნი, რომელიც დალის სხვა ბევრი საბავშვო ნაწარმოების მსგავსად კვენტინ ბლეიკის დასურათებულია, 1982 წელს გამოიცა. მას შემდეგ წიგნი ყოველწლიურად თითქმის მილიონამდე ეგზემპლარად იყიდება მსოფლიოში. ეს გასაკვირი არცაა — დიდი კეთილი გოლიათი მწერლის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწარმოებია, რომელიც ობოლთა თავშესაფარში მცხოვრები რვა წლის გოგოს, სოფისა, და კეთილი, სასაცილო გოლიათის უჩვეულო მეგობრობის ამბავზე მოგვითხრობს. ნაწარმოები დალმა თავის შვილს, ოლივიას, მიუძღვნა, რომელიც შვიდი წლის ასაკში გარდაიცვალა.

დიდი კეთილი გოლიათის ყველაზე ცნობილი კინოადაპტაცია, The BFG, სულ რამდენიმე წლის წინ, 2016-ში, გამოვიდა. მისი რეჟისორი და ერთ-ერთი პროდიუსერი ლეგენდარული სტივენ სპილბერგი გახლავთ. კინოსურათის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა, სადაც მან კრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა.

წიგნი, რომელსაც, გავრცელებული ცნობით, დალი თავის ყველაზე საყვარელ ნაწარმოებად მიიჩნევდა, ქართულად რამდენიმე წლის წინ ითარგმნა.


როალდ დალის ჯადოსნურ სამყაროში შებიჯება არც გვიანია არასდროს და არც — ნაადრევი. მწერლის წიგნების შეძენას შეძლებ როგორც სულაკაურის გამომცემლობის ვებსაიტზე, ასევე გამომცემლობის წიგნის მაღაზიებში.