ახალი კვლევის თანახმად, სიცოცხლე წებოვანი გელის სახით დაიწყო
ფოტო: Getty Images
მეცნიერებს ბევრი თეორია აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ იქცა დედამიწის ნედლი მასალა სიცოცხლედ, მაგრამ ახლა ამ ყველაფერს კიდევ ერთი საინტერესო ვერსია შეემატა.
ახალი ნაშრომის მიხედვით, მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფი აცხადებს, რომ სიცოცხლე პირველად წებოვან გელში წარმოიშვა, რომელიც კლდეს ეკვროდა. ეს ყველაფერი მოხდა დიდი ხნით ადრე, ვიდრე ნამდვილი უჯრედები გაჩნდებოდა.
ავტორები ამბობენ, რომ სიცოცხლე შეიძლება დაწყებულიყო ნახევრად სითხისებრ, წებოვან გელში, რომელიც მსგავსია დღევანდელი ბაქტერიული ნაერთის — მაგალითად, კლდეებზე, ტბის ზედაპირზე ან კბილებზე დაგროვილი ბაქტერიული ფენების მსგავსად. ასეთი გარემო შესაბამისი უნდა ყოფილიყო სიცოცხლის გასაჩენად.
იდეა, რომ სიცოცხლე შეიძლება დაწყებულიყო წებოვან გელში, სპეციფიკურია: უმეტესობა თეორიებისა საუბრობს პირველ ქიმიურ რეაქციებზე წყალში და არა გელის მსგავს მასაზე.
მეორე მხრივ, ამ თეორიებითაც რთულია აისხნას, თუ როგორ შეიძლება უბრალო მოლეკულები რნმ (რიბონუკლეინური მჟავა) და დნმ გამხდარიყო. თუ დავუშვებთ, რომ სიცოცხლე გელის მსგავს გარემოში დაიწყო, მსგავსი პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია.
ფოტო: ChemSystemsChem
"სხვა თეორიები ყურადღებას ამახვილებს ბიომოლეკულებისა და ბიოპოლიმერების ფუნქციაზე, მაგრამ ჩვენი თეორია ხაზს უსვამს გელის როლზე", — ამბობს ჰიროსიმას უნივერსიტეტის ასტრობიოლოგი ტონი ჯია.
ტონი ჯიასა და მისი კოლეგების აზრით, გელის მსგავსი გარემო შეძლებდა მოლეკულების შეკავებას და მათ ორგანიზებას სტაბილურ სტრუქტურებში. ისინი საკმარისად მტკიცე იქნებოდა, რათა გადალახულიყო სიცოცხლის გაჩენამდე არსებული დაბრკოლებები.
დედამიწის ადრეული პერიოდი არ ყოფილა ისეთი სტაბილური და ოზონით დაფარული, როგორსაც დღეს ჩვენ ვხედავთ. ზედაპირზე ძლიერი ულტრაიისფერი რადიაცია თავისუფლად აღწევდა, ხოლო ტემპერატურა სიცოცხლისთვის შეუსაბამო იყო.
მკვლევრების ჯგუფის აზრით, პრებიოტიკური გელები სიცოცხლის მყიფე ქიმიურ სისტემებს იცავდა ბევრად ადრე, ვიდრე მემბრანით შემოსაზღვრული ნამდვილი უჯრედები ჩამოყალიბდებოდა.
ამ თეორიის მიხედვით, პროტოუჯრედები სიცოცხლის წარმოშობის პირველი ნაბიჯი არ ყოფილა; ისინი უფრო იმ ქიმიური ორგანიზმების შედეგი იყო, რომელიც პირველყოფილ წებოვან მასაში ჩამოყალიბდა.
სწორედ ამ პროცესებს უნდა შეეკავებინა მოლეკულები ერთად და საბოლოოდ დაედო საფუძველი სიცოცხლის ჩასახვისთვის. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ დედამიწის მიღმა სიცოცხლის ძიებისას ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
კვლევა ჟურნალში ChemSystemsChem გამოქვეყნდა.
კომენტარები