28 თებერვალს იშვიათ სანახაობაზე დაკვირვების შესაძლებლობა გვექნება — ცაზე 6 პლანეტა ერთ ხაზზე ჩამწკრივდება. ესაა მოვლენა, რომელსაც პლანეტების აღლუმს უწოდებენ, თუმცა, რა თქმა უნდა, მათი ასეთი განლაგება მხოლოდ დედამიწის პერსპექტივიდან ჩანს და ამ დროს ციურ სხეულებს შორის დისტანცია არ მცირდება.

6 პლანეტას შორისა მზის სისტემის შიდა ობიექტები: ვენერა და მერკური. მათ გვერდით სატურნი, ნეპტუნი, ურანი და იუპიტერიც გამოჩნდება. ამ განლაგების დასანახად დასავლეთ ჰორიზონტისკენ უნდა გაიხედოთ, თუკი ამინდიც შეგიწყობთ ხელს და ცა მოწმენდილი იქნება.

დაკვირვების ფანჯარა საკმაოდ ხანმოკლეა, განსაკუთრებით ვენერას, მერკურის, სატურნისა და ნეპტუნის შემთხვევაში. ისინი მზის ჩასვლის შემდეგ ძალიან მცირე ხნით გამოჩნდება — მხოლოდ დაახლოებით ნახევარი საათით. პირველი სამი, წესით, შეუიარაღებელი თვალითაც უნდა დაინახოთ, თუმცა საუკეთესო სანახაობისთვის სპეციალური ბინოკლის გამოყენებას გირჩევთ. ვენერა და მერკური შებინდებისას ჰორიზონტთან ყველაზე ახლოს ჩამწკრივდება, მათ მაღლა კი სატურნი მოექცევა.

ნეპტუნი სატურნს დაუმშვენებს გვერდს, მაგრამ მას სათანადოდ 15-სანტიმეტრიანი ტელესკოპით თუ დააფიქსირებთ. იუპიტერის შესამჩნევად სამხრეთით, მაღლა უნდა აიხედოთ, სადაც მარჩბივის (ტყუპების) თანავარსკვლავედია. ის ძალიან კაშკაშა იქნება, ამიტომ მისი დანახვა, წესით, არ გაგიჭირდებათ.

მეშვიდე პლანეტა, ურანი, ამ მოვლენის მონაწილეა, მაგრამ მას მხოლოდ ბინოკლით ან ტელესკოპით დააფიქსირებთ. ამისთვის ორიონის სარტყლის სამ ელვარე ვარსკვლავს მაღლა უნდა გააყოლოთ თვალი, პლეადებისკენ, კუროს თანავარსკვლავედში.

28 თებერვლის ღამის ცაზე 92%-ით განათებული მთვარეც იქნება. ცნობისთვის, 3 მარტს მისი სრული დაბნელებაა, რადგან იგი დედამიწის ჩრდილქვეშ მოექცევა. ეს ყველაზე კარგად დასავლეთ აშშ-იდან, წყნარი ოკეანის კუნძულებიდან, ახალი ზელანდიიდან, ავსტრალიიდან და აღმოსავლეთ აზიიდან გამოჩნდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.