კოსმოსურმა ხომალდმა Orion-მა მთვარემდე მიაღწია! — შემდეგ ჯერზე იქ ასტრონავტებს გაუშვებენ
21 ნოემბერს, თბილისის დროით 16:44 საათზე, მისია Artemis 1-ის ფარგლებში კოსმოსში გაშვებულმა ხომალდმა Orion-მა მთვარეს ჩაუარა, რა დროსაც დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირისგან დაახლოებით 130 კილომეტრი აშორებდა.
შეგახსენებთ, რომ აპარატი კანავერალის კონცხზე მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან 16 ნოემბერს, მსოფლიოში უმძლავრესი რაკეტის, Space Lunch System-ის დახმარებით გაუშვეს, რომლისთვისაც ეს სადებიუტო ფრენა იყო.
ასევე. იხილეთ: როგორ ვბრუნდებით მთვარეზე? — ყველაფერი, რაც მისია Artemis 1-ზე უნდა იცოდეთ
კოსმოსურმა ხომალდმა მთვარესთან მიახლოებისას მისი გრავიტაცია გამოიყენა და წარმატებით შეასრულა მანევრი, რომლის მეშვეობითაც ის ციური სხეულის ორბიტაზე გადაინაცვლებს. Orion დედამიწის თანამგზავრს დაახლოებით 70 000 კილომეტრით გასცდება, ანუ იმაზე შორს წავა, ვიდრე ადამიანს ოდესმე უმოგზაურია. ამ დროს ის ჩვენი პლანეტისგან 500 000 კილომეტრ დისტანციაზე იქნება.
მანამდე აპარატმა უმნიშვნელოვანესი მანევრი უნდა შეასრულოს, რაც 25 ნოემბერს მოხდება — ის ტრაექტორიას შორეული რეტროგრადული ორბიტისკენ მიმართავს. პირველ დეკემბერს Orion ძრავებს კიდევ ერთხელ აამუშავებს და უკვე დედამიწისკენ გამოემართება, ატმოსფეროში შემოვა და წყნარ ოკეანეში დაეშვება.
რაც შეეხება მომდევნო მისია Artemis 2-ს, მის ფარგლებში მთვარეზე ასტრონავტებს გაუშვებენ, თუმცა ისინი მხოლოდ ციური სხეულის გარშემო იმოძრავებენ. კულმინაციური მომენტი მისია Artemis 3-ის განმავლობაში გველის, როცა ადამიანები მთვარის ზედაპირზე ფეხს დადგამენ, რაც 1972 წლიდან დღემდე პირველი მსგავსი მცდელობა იქნება.
კომენტარები