10 მთავარი რამ, რაც DataFest Tbilisi 2022-ზე დასწრებისას გავიგეთ
17-19 ნოემბერს თბილისში მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი — DataFest Tbilisi იმართებოდა. ღონისძიება დატვირთული იყო ინსპირაციული გამოსვლებით, ვორქშოპებითა და პანელური დისკუსიებით, რომლებიც მონაცემებს, დეზინფორმაციასთან ბრძოლას, უფლებრივ საკითხებს, ხელოვნურ ინტელექტს, სტარტაპებსა და სხვა მრავალ მონაცემებთთან დაკავშირებულ თემას ეხებოდა.
მონაცემთა კონფერენციაზე ვორკშოპებსა და საერთაშორისო სპიკერების გამოსვლებსა და დისკუსიებს შემდეგი მიმართულებებით დავესწარით: მონაცემთა ანალიტიკა, მონაცემთა ჟურნალისტიკა, მონაცემთა ვიზუალიზაცია, მონაცემთა ანალიზი, მონაცემთა აქტივიზმი და ღია მმართველობა, მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი. ტრადიციულად, ღონისძიებამ დატათონებსაც უმასპინძლა, ოღონდ წინა წლებისგან განსხვავებით, ახლა გუნდები სამი გამოწვევის გარშემო მუშაობდნენ და სხვადასხვა ტიპის პრიზები მიიღეს.
რას გაიგებდით ღონისძიებიდან, თუ DataFest Tbilisi-ს დასწრებოდით? ამ სტატიაში სწორედ 10 ასეთ მთავარ ამბავს მოგიყვებით.
მონაცემთა მეცნიერების გამოყენება კორუფციის წინააღმდეგაც შეგვიძლია
მონაცემთა მეცნიერება თანამედროვე მსოფლიოში, რომელმაც ტექნოლოგიურ ერაში შეაბიჯა, უკვე მრავალი დანიშნულებით გამოიყენება. მონაცემები — ესაა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ბერკეტი, რომელიც ადამიანებს გაგვაჩნია და საბედნიეროდ, ინტერნეტსივრცეში მსგავსი ინფორმაციის უზარმაზარი ბაზაა ხელმისაწვდომი, მთავარია, ის სწორად და მიზანმიმართულად ავითვისოთ.
DataFest Tbilisi-ის პირველ დღეს ყურადღება მონაცემთა მეცნიერების კორუფციის წინააღმდეგ გამოყენებაზეც გამახვილდა, რის შესახებაც სპიკერებმა საინტერესო გამოცდილებებსა და ინფორმაციული ბერკეტის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ერთ-ერთი მათგანი ერიკ ბარეტი გახლდათ, რომელიც პროექტ OCCRP-ის ფარგლებში ჟურნალისტებთან და სხვადასხვა სააგენტოსთან ერთად კორუფციისა და დანაშაულის გამოვლენაზე მუშაობს.
მან მონაცემების მეშვეობით რუსი ოლიგარქების ქონების მოძიების გამოცდილება გაგვიზიარა. სამიზნე ობიექტები ისეთი პირები იყვნენ, როგორიც ალექსანდრ ბასტრიკინი, ალიშერ უსმანოვი და დენის პოპოვია. ინფორმაციის შეგროვების მთავარ არხებს შორის სპიკერმა ე.წ. ქროუდსორსინგი და რეპორტიორები დაასახელა, საკვლევ მასალაში კი — ბიზნესისა თუ მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო საჯარო დოკუმენტები, გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიები, გაჟონილი მონაცემები და სხვა. მან აღნიშნა ისიც, რომ ამ რაოდენობის ინფორმაციის გადამუშავება და მათი ავთენტურობის დადასტურება მარტივი საქმე არაა, რადგან გამომძიებელ ჟურნალისტთა თუ სხვა სპეციალისტთა დაუღალავ შრომას მოითხოვს.
ამ საკითხს მეორე სპიკერი, რენატო მალაკორტოც შეეხო, რომელმაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ღია მონაცემების გამოყენებაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას Open Data Charter გააცნო, რომელიც მთავრობებისა და ექსპერტების კოლაბორაციაა. ის 6 პრინციპზეა დაფუძნებული, თუ რისი გათვალისწინებით უნდა აქვეყნებდეს ხელისუფლება ინფორმაციას, მათ შორისაა, მაგალითად, ხელმისაწვდომობა და გამოყენებადობა, ინკლუზიურ განვითარებასა და ინოვაციაზე ორიენტირებულობა, დროულობა და საყოველთაობა.
გამომსვლელის თქმით, ასეთ მონაცემების მეშვეობით კორუფციის კონტროლი და კვლევა მარტივი უნდა იყოს, ხოლო საჯარო მიზნებით დახარჯული თანხისა თუ ინვესტიციების ანალიზში საზოგადოების ჩართულობა წახალისდეს. მისი აზრით, მხოლოდ გამჭვირვალობა საკმარისი არაა, რადგან ყურადღება კონკრეტულ პრობლემებზე უნდა გამახვილდეს და მონაცემები მათ გამოსასწორებლად მივმართოთ.
ხელოვნური ინტელექტი ჩვენივე საზოგადოებას ირეკლავს და მის დახვეწაშიც შეიძლება დაგვეხმაროს
გუნაი კაზიმზადე, კომპიუტერულ მეცნიერებაში PhD-ის კანდიდატი და DataFest Tbilisi-ს ერთ-ერთი გამომსვლელი, ხელოვნური ინტელექტის მხრიდან მიკერძოების საკითხს შეეხო.
გამომდინარე იქიდან, რომ AI-ს თავად ადამიანი ქმნის და პროგრამას მონაცემებზე თავად წვრთნის, ლოგიკურია, რომ ტექნოლოგია საზოგადოების ქცევას აირეკლავს. შესაბამისად, მიკერძოებული ხელოვნური ინტელექტი მიკერძოებულ საზოგადოებას უდრის, ანუ, შესაძლოა, AI-მ დისკრიმინაციასა და მიკერძოებას შეუწყოს ხელი, თუნდაც გენდერულ ანდა რასობრივ ჩაგვრას. მაგალითისთვის, გამომსვლელმა ერთ-ერთი კვლევა მოიყვანა, რომელიც ამტკიცებდა, რომ თვითმართვადი ავტომობილები შავკანიანებს უფრო ხშირად ეჯახება...
კაზიმზადე იმ შეცდომებსაც შეეხო, რომლებმაც, შესაძლოა, საბოლოო ჯამში მიკერძოებულ AI-მდე მიგვიყვანოს. პრობლემა შეიძლება წარმოიშვას როგორც თავად მონაცემების წყაროს კუთხით, ასევე მონაცემების შეგროვების, დამუშავების, გაანალიზებისა და ინტერპრეტაციის პროცესშიც.
ალი სროური, SocialLab-ის აღმასრულებელი დირექტორი და მონაცემთა მთავარი მეცნიერი, კრიზისულ სიტუაციებში ე.წ. სოციალური მოსმენის მნიშვნელობას შეეხო და საზოგადოებრივი ტენდენციების გამოვლენაში ხელოვნური ინტელექტის როლსაც გაუსვა ხაზი.
მისი განმარტებით, სოციალური მოსმენა სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ხალხის საჯარო საუბრებზე დაკვირვებას გულისხმობს. იგი არაერთ მიზანს ემსახურება: დამატებითი მონაცემების მიღებასა და კვლევის წარმოებას, ტრენდების გამოვლენას, მარკეტინგული ტაქტიკების გაუმჯობესებას, სიტუაციის მონიტორინგსა თუ მართვას და სხვა.
ამგვარი ტიპის დაკვირვებებით საზოგადოების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება შეიძლება — ვაწყდებით მათ პირად გამოცდილებას, აქტუალურ სიახლეებს, გრძნობებსა და მოსაზრებებს, ფაქტებს, იდეებს... შესაძლოა, უნებურად გამოვლინდეს სენტიმენტები, ემოციები, გავლენები, საფრთხეები და გავრცელდეს დეზინფორმაცია.
ხელოვნური ინტელექტი სწორედ ამ დროს შეიძლება ჩავრთოთ საქმეში. მისი საშუალებით შესაძლებელია კანონზომიერებების გამოვლენა, დეზინფორმაციის დროულად აღმოჩენა, მასობრივი გამოსვლებისა და მიგრაციის წინასწარმეტყველება, კრიზისის მართვის ოპტიმიზაცია და სოციალური ქცევების გაგება. ეს ყველაფერი, თავისთავად, ჩვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და უკეთესი საზოგადოების შექმნას ემსახურება.
მონაცემთა მიმართულებით საქართველოს ბანკის მასშტაბური გამოწვევა — Data Challenge-ის მეორე სერია დაიწყო!
მონაცემთა მეცნიერება ბიზნესის ჰუმანიზაციისთვის — ამ თემაზე საქართველოს ბანკის მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ირაკლი გოგატიშვილი გვესაუბრა, გამოსვლის ბოლოს კი Data Challenge-ის მეორე სერიის დაწყება დააანონსა და შეჯიბრის დავალების დეტალებზეც ისაუბრა.
Data Challenge — ეს ყველაზე მასშტაბური მონაცემთა გამოწვევაა საქართველოში, რომლის საპრიზო ფონდიც 50 000 ლარია. Data Challenge-ის შეჯიბრის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ მარტო, ან გუნდთან ერთად ჩაერთონ კონკურსში, შეასრულონ მოცემული დავალება და გამარჯვების შემთხვევაში მოიგონ ფულადი პრიზი. გარდა ამისა, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, დასაქმდნენ საქართველოს ბანკში.
პროექტში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომელიც დაინტერესებულია კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკის, ფიზიკის ან ეკონომიკის სფეროთი.
გამოწვევაში მონაწილეობის მისაღებად და დავალების შესასრულებლად კონკურსანტი უნდა დარეგისტრირდეს ვებგვერდზე. დამატებით ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://go.bog.ge/3AmJtxY
მონაცემების სწორად ვიზუალიზაცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც მათი შეგროვება
ქეროლაინ სინდერსმა, მკვლევარმა, კრიტიკულმა დიზაინერმა და ხელოვანმა, ფართოდ გავრცელებული ცოდნის საპირისპირო მოსაზრება გაგვაცნო: ნედლი მონაცემები სინამდვილეში სულაც არ არსებობს. საქმე ისაა, რომ მაშინაც კი, როდესაც მონაცემებს ვაგროვებთ, მათთვის ერთგვარ კონტეინერებსა თუ სტრუქტურებს ვქმნით, შესაბამისად, ისინი უკვე "გამომცხვარია".
მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია არამხოლოდ მონაცემთა "გამოცხობის", არამედ მათი ვიზუალიზაციის პროცესიც, ანუ გზა, რომლითაც ისინი საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ. იმისათვის, რომ მონაცემები ადამიანურად ვაქციოთ, ვიზუალიზაციის საშუალებით ზუსტი ისტორიები უნდა მოვყვეთ, რომლებიც ნამდვილი ადამიანების ნამდვილ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ასახავს; სტატისტიკის გარეთ არ უნდა დარჩეს არცერთი საზოგადოება, რომლის ხმაც მიუწვდომელია.
ამასთანავე, ინფორმაციის დიზაინის პროცესი ფემინისტურ მიდგომას უნდა ეფუძნებოდეს, რომელიც კონკრეტული მონაცემთა ნაკრების შექმნაზე მომუშავე პირებსა თუ ინსტიტუტებსაც ითვალისწინებს და ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
ხელმისაწვდომია აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ინტერნეტის ცენზურის შეფასება შეგვიძლია
ფესტივალის პირველ დღეს ერთ-ერთმა გამომსვლელმა, ელიზავეტა იაჩმენევამ, ვორქშოპის მიმდინარეობისას თავისუფალი და ღია ინტერნეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიუკერძოებელ ინფორმაციაზე წვდომის საშუალება ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, რაც ძალიან ხშირად, ხელისუფლებების მიერ უხეშად იზღუდება, ამ პროცესის წინააღმდეგ მარტო ბრძოლა კი, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია.
სწორედ ამისთვის შეიქმნა OONI (Open Observatory of Network Interference), რომლის მიზანიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტის ცენზურის კვლევაა. OONI Probe აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ საიტებსა აპლიკაციებს ბლოკავს თქვენი ინტერნეტ პროვაიდერი (რისი დირექტივაც, ბუნებრივია, ხელისუფლებისგან მოდის) და დამოუკიდებლად შეაფასოთ ნებისმიერ ქვეყანაში ინტერნეტის კონტროლის ხარისხი.
გარდა ამისა, აპლიკაციის გამოყენება გვეხმარება მუდმივად განახლებადი ინფორმაციული ქსელის შექმნაშიც, რადგან თითოეული ჩვენგანის მიერ მოკვლეული ინფორმაცია ღია ინფორმაციის სახით ემატება სხვა მონაცემებს და აახლებს. პერიოდულად OONI კვლევებსაც აქვეყნებს, რომელიც კონკრეტულ რეგიონებში ცენზურის ტრენდებს ეხება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აპლიკაცია აბსოლუტურად უფასოა და მისი გამოყენება ნებისმიერს შეუძლია.
აქტივიზმი და ვიზუალიზაცია მონაცემთა სამყაროშიც მნიშვნელოვანია
DataFest Tbilisi-ის ერთ-ერთი საინტერესო სპიკერი ანჟელეს ბრიონესი იყო. ის არის მკვლევარი დიზაინის მიმართულებით Density Design Research lab-ში და პროფესორი დიზაინის სკოლა Politecnico di Milano-ში. როგორც ვორქოპისას გავიგეთ, მისი კვლევითი ინტერესები მონაცემთა ვიზუალიზაციასა და მონაცემთა აქტივიზმს მოიცავს.
ანჟელესისგან გავიგეთ, რომ მონაცემთა აქტივიზმი არის იმ სახის აქტივიზმი, რომელიც კრიტიკულად უდგება ძალაუფლებას და ცდილობს სოცილური ცვლილებების მოხდენას. მაშინ როდესაც მონაცემთა ვიზუალიზაცია არის მონაცემთა ვიზუალური წარმოდგენა მონაცემების ინფორმაციად გარდაქმნისთვის.
შესაბამისად, პირები, რომლებიც ჩართული არიან მონაცემთა ვიზუალიზაციაში აქტივიზმისთვის, იღებენ "მონაცემთა შუამავლების" როლს, რომლებსაც შეუძლიათ მონაცემები არაექსპერტებისთვისაც გასაგები გახადონ. ეს კი ხდება მონაცემების ვიზუალური ფორმით თარგმნით.
შესაბამისად, ინფორმაციის დიზაინი არის მონაცემებისთვის ფორმის მიცემის პრაქტიკა, რათა ის გახდეს მნიშვნელოვანი და ეფექტიანი. მთლიანობაში ეს მნიშვნელოვანია რათა უკვეთ გავუმკლავდეთ თანამედროვე გამოწვევებს და ხელი შევუწყოთ სოციალურ ცვლილებებს.
საქართველოში უამრავი სტარტაპია, რომელიც მონაცემთა მეცნიერებასა და ხელოვნურ ინტელექტს ეფუძნება
მონაცემებს ციფრული სამყაროს ნავთობს ტყუილად როდი უწოდებენ. ეს ისაა, რასაც თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს ფუნქციონირება თუ ინოვაციური სტარტაპების გადაწყვეტები ეფუძნება. გამონაკლისი არც ქართული სტარტაპ ეკოსისტემაა. ამის შესახებ დიდი ხანია ვიცით, თუმცა DataFest Tbilisi-მ ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენა და ამასთან, რამდენიმე ჩვენთვის აქამდე უცნობი ქართული სტარტაპიც გაგვაცნო. ერთ-ერთი მათგანია Stori AI, რომელიც ბრენდებს სოციალური ქსელებისთვის AI-ის მიერ გენერირებულ კონტენტს სთავაზობს და არა, ეს არ ეხება მხოლოდ გამოსახულებას. გუნდის მიერ შექმნილ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია დააგენერიროს როგორც ვიზუალი, ასევე ტექსტი და მეტიც, პლატფორმა იძლევა საშუალებას, ერთი დაკლიკვით გავრცელდეს ესა თუ ის პოსტი სხვადასხვა სოციალურ ქსელში. რა გასაკვირია, AI მოდელის გასაწვრთნელად გუნდი დიდ მონაცემებს იყენებს და ერთი მხრივ, აპირებს კონტენტ კრეატორები ჩაანაცვლოს. თუმცა, პლატფორმის გამოსაყენებლად ადამიანური ჩარევა მაინც აუცილებელია, რადგან სწორედ ადამიანი განსაზღვრავს დავალებას AI-ისთვის და შემდეგ ამოწმებს, რამდენად ზედმიწევნით შესრულდა ის.
ვიხილეთ Optio AI-ის პრეზენტაცია და ახალი კონცეფცია/ლოგოც სწორედ DataFest Tbilisi-ის აუდიტორიას წარუდგინეს პირველად.
Optio AI — ეს ქართული სტარტაპია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული და განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში დაგვამახსოვრა თავი, როცა დისტანციური ვერიფიკაციის შესაძლებლობა შექმნა ბანკებისთვის.
დატაფესტზე წარმდგარი კიდევ ერთი სტარტაპი — Tao Technology ჩვენს კიბერუსაფრთხოებაზე ზრუნვას დაგვპირდა, Aetis-მა ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობები გვაჩვენა, ხოლო Novel Visio საკმაოდ განსხვავებულად წარდგა ჩვენ წინაშე. Novel Visio-ს მიერ შექმნილი მოწყობილობა და აპლიკაცია უსინათლოებს სხვადასხვა სივრცეში გადაადგილებას უმარტივებს.
ფოტო: NEXT.On.ge
წლევანდელ დატაფესტზე AI-ზე დაფუძნებული 5 სტარტაპი წარდგა, თუმცა მათი რიცხვი საქართველოში გაცილებით მეტია და ასევე, მზარდიც.
სწორი ინვესტირებისთვის აუცილებელია მონაცემები გამოვიყენოთ
ფესტივალის მესამე დღეს ხელოვნურ ინტელექტსა და მონაცემთა მეცნიერებაზე ორიენტირებული სტარტაპებისთვის, ინვესტორებისა და ამ საკითხით დაინტერესებული სტუმრებისთვის სპეციალური სესიებს დავესწარით. თავდაპირველად რუდრადებ მიტრა, Omdena-ს დამფუძნებელმა მოგვითხრო, თუ როგორ შეგვიძლია მომგებიან ბიზნესად ვაქციოთ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროდუქტები. Galt & Taggart, ასოცირებული ბროკერმა, ნიკოლოზ მაზანაშვილიმა კი გვასწავლა, თუ როგორ გამოვიყენოთ მონაცემები სწორი ინვესტირებისთვის. გარდა ამისა, ამ თემატიკის პანელური დისკუსიის მოსმენის საშუალებაც გვქონდა. სადაც ამირბეკ შარიპოვი — Sinofy Group-ის
თანადამფუძნებელი და ენჯელ ინვესტორი, სერგი გვარჯალაძე — Kettari Foundation-ის განვითარების მთავარი ოფიცერი, ირაკლი ვეკუა — ენჯელ ინვესტორი, სოფო ჭყოიძე — Impel-ის ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი გვიყვებოდნენ, თუ როგორ ხდება ინვესტირება მონაცემებსა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სტარტაპებში.
ინტერნეტისა და სოციალური მედიის ეპოქაში ინფორმაციითა და ადამიანებით მანიპულირება გაცილებით მარტივია
ცხადია, ინტერნეტმა სამუდამოდ შეცვალა ის, თუ როგორ ვიღებთ ინფორმაციას ან როგორ ვრეაგირებთ მასზე. მეტიც, ინტერნეტი იარაღია უამრავი აქტორის ხელში, რომელსაც დეზინფორმაციის გავრცელება განუზრახავს.
წელს DataFest Tbilisi-მა პირველად უმასპინძლა მისინფორმაციის გამოფენას — The Glass Room Misinformation Exhibition. ეს საერთაშორისო პროექტია, რომელიც ბერლინში შეიქმნა, ხოლო თავად გამოფენა უკვე 54 ქვეყანაში ჩატარდა.
საინტერესო ანიმაციების ნახვისა და ვიზუალიზაციების დათვალიერება/წაკითხვის გარდა ადგილზე პატარა ექსპერიმენტშიც ჩავერთეთ — სპეციალურად განლაგებულ პლანშეტებზე ტესტები შევავსეთ. ერთ-ერთი ასეთი ტესტისას პიროვნული ნიშნების გამოსავლენად აპლიკაცია კითხვებსა და სავარაუდო პასუხებს გვაწვდიდა, ამ ერთგვარი ქვიზის შევსების შემდეგ კი ჩვენს ფსიქოტიპებზე მორგებული დეზინფორმაცია შემოგვთავაზა. ეს იყო პერსონიფიცირებული მისინფორმაციის მაგალითი, რომელსაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამომრჩევლის ემოციებზე ზემოქმედება შეეძლო.
ამ პატარა ექსპერიმენტის შემდეგ საკუთარ თავებს კიდევ ერთხელ დავუსვით კითხვა — როგორ იყენებენ ჩვენს პერსონალურ ინფორმაციას ჩვენზე მორგებული სიახლეების შემოსათავაზებლად და თუ უკვე არა, მომავალში როგორ გამოიყენებენ მას სხვადასხვა, რბილად რომ ვთქვათ, არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის?
დაბოლოს, საქართველოში არსებობს საკმარისად შრომისმოყვარე, მიზანდასახული და ჯიუტი გუნდი, რომელიც უკვე მეექვსე წელია რეგიონში ყველაზე დიდ მონაცემთა ღონისძიებას აორგანიზებს
Forset-ის მიერ ორგანიზებული DataFest Tbilisi 6 წელს ითვლის და ამ 6 წლის განმავლობაში ღონისძიებამ უკვე შეძლო სფეროს არაერთი პროფესიონალისთვის თუ დამწყებისთვის შეეწყო ხელი. უფრო დიდ სურათს რომ შევხედოთ, 6-წლიანი გამოცდილებით, DataFest Tbilisi უკვე არის იმ მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც საქართველოში მონაცემთა მეცნიერებისა და მისი მომიჯნავე სფეროების განვითარებას განაპირობებს. ეს არის სფეროსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ეხმაურება სოციალურ საკითხებს, სადაც წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და ხედვები ზიარდება, მყარდება ახალი კონტაქტები და უამრავი დამსწრე ახერხებს, იპოვოს თანამოაზრე და შთაგონება.
DataFest Tbilisi-ის ორგანიზატორია ForSet — არასამთავრობო ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტოს, დიზაინის სტუდიისა და დეველოპერული კომპანიის უნიკალური ჰიბრიდი, რომლის მიზანია სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მონაცემების, დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. უნდა ითქვას, რომ 6-წლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, ფესტივალი ამას ნამდვილად ახერხებს. ეს კი მისი მიზანდასახული, შრომისმოყვარე და ნაწილობრივ ჯიუტი გუნდის დამსახურებაა. გუნდის, რომელიც ადაპტირების კარგი უნარით გამოირჩევა, არ უშინდება წინაღობად ქცეულ პანდემიასა და თუ სხვა გამოწვევებს და მოქნილად ახერხებს, წლიდან წლამდე ზრდა არ შეწყვიტოს.
ფოტო: NEXT.On.ge
DataFest Tbilisi მომავალ წლამდე ასე დაგვემშვიდობა. პოსტერზე NEXT.On.ge-ის, როგორც მედიაპარტნიორის ლოგოსაც იპოვით და ჩვენ ტრადიციულად, მომავალ წელსაც მოგიყვებით, თუ რა მოხდება მონაცემთა მთავარ ღონისძიებაზე.
კომენტარები