ჯეიმს ვების ტელესკოპმა ადრეულ გალაქტიკებზე დაკვირვებისას რაღაც უჩვეულო გამოავლინა
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის დაკვირვებების მიხედვით, სამყაროში პირველი გალაქტიკები შესაძლოა, იმაზე ადრე გაჩენილიყო, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით. ეს ადრეული კოსმოსის ჩვენეულ გაგებას ცვლის.
ახალ ნაშრომში მეცნიერები მსოფლიოში უმძლავრესი ტელესკოპის მიერ დაფიქსირებული, გამორჩეულად კაშკაშა და შორეული 2 გალაქტიკის შესახებ გვიყვებიან. მათ შესახებ ვებმა მონაცემები ფუნქციონირების დაწყების პირველსავე დღეებში შეაგროვა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთი სიკაშკაშე ორ რამეზე შეიძლება მიანიშნებდეს:
- გალაქტიკები ძალზე მასიურია და დაბალი მასის მქონე უამრავ ვარსკვლავს შეიცავს. მათი ფორმირება კი დიდი აფეთქებიდან 100 მილიონ წელში უნდა დაწყებულიყო. ეს ე.წ. კოსმოსის ბნელი ეპოქის (როცა სამყარო მხოლოდ აირისა და ბნელი მატერიისგან შედგებოდა) დასასრულს 100 მილიონი წლით უსწრებს
- ამ გალაქტიკებში ვარსკვლავთა "მესამე პოპულაციას" ვხვდებით, რომლებიც, თეორიების თანახმად, მხოლოდ ჰელიუმისა და წყალბადისგანაა შედგენილი, რადგან მათი გაჩენის დროს მძიმე ელემენტები ჯერ კიდევ არ არსებობდა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს მნათობები ძალიან კაშკაშა და ცხელი იყო, მათ მშობელ გალაქტიკას განსაკუთრებული მასიურობა არ დასჭირდებოდა, რომ მსგავსი სიკაშკაშე ჰქონოდა.
"ადრეული პერიოდის ისეთ კაშკაშა, ისეთ ნათელ გალაქტიკებს ვხედავთ, რომ ჩვენთვის ბუნდოვანია, რა ხდება იქ. გარკვეულწილად, გასაოცარია, რომ ასე ადრე ამდენი მათგანი წარმოიქმნა", — აცხადებენ ავტორები.
ზემოხსენებული 2 გალაქტიკა დიდი აფეთქებიდან 450 და 350 მილიონი წლის წინ წარმოიშვა. მათგან მეორე, GLASS-z12, ყველაზე შორეული სინათლის წყაროა, რომელიც აქამდე გვინახავს. რაც უფრო შორსაა ობიექტი, მით უფრო დიდი ხანი სჭირდება მისგან მომავალ სხივებს აქამდე მოსაღწევად. შესაბამისად, როცა მათ ვაკვირდებით, წარსულს ვუყურებთ.
სანამ ამ გალაქტიკების სინათლე დედამიწამდე მოაღწევს, იწელება, რაც სამყაროს გაფართოებითაა განპირობებული. შედეგად, ტალღები სპექტრის ინფრაწითელ სპექტრში გადადის, რომელსაც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი მაღალი გარჩევადობით აღიქვამს.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ვების მეშვეობით ზემოხსენებულ 2 გალაქტიკას მძლავრი სპექტროსკოპული ხელსაწყოებით შეისწავლიან და მეტ ინფორმაციას მოიპოვებენ როგორც დისტანციის, ასევე მათი მასის შესახებ.
მათი ნაშრომი გამოცემაში Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები