შესაძლოა, მზის სისტემაში სიცოცხლე პირველად მარსზე გაჩენილიყო და არა დედამიწაზე
ახალი კვლევის მიხედვით, ორგანული მოლეკულები, რომლებმაც სიცოცხლის გაჩენას შეუწყო ხელი, მარსზე 4.5 მილიარდი წლის წინ არსებობდა. შესაბამისად, შესაძლოა, მზის სისტემის ფარგლებში სიცოცხლის საწყისები სწორედ წითელ პლანეტაზე ყოფილიყო, რომელზეც ძველად ბევრად კარგი პირობები იყო, ვიდრე ადრეულ დედამიწაზე.
ეს ორივე ციური სხეული შიდა მზის სისტემას ეკუთვნის, სადაც მყარ პლანეტებს ვხვდებით. მათი ფორმირებიდან მალევე თითოეულ ობიექტს ასტეროიდებისა თუ კომეტების წვიმა დაატყდა თავს. დედამიწის ფილების ტექტონიკის გამო აქ ეს უძველესი მატერია სიღრმეში ჩაიძირა, მარსზე კი ზედაპირზევე დარჩა, რაც ამ ასტრონომიული სხეულების შემადგენლობის შესწავლის საშუალებას გვაძლევს.
მარსის 31 მეტეორიტის გამოკვლევის გზით მათი წარმოშობის შესახებ რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას გაეცა პასუხი. მაგალითად, აქამდე ამ ობიექტების წარმოშობის ადგილი უცნობი იყო, ისევე, როგორც ორგანული მოლეკულების შემცველობა.
ქიმიურ ელემენტ ქრომის იზოტოპის შესწავლით მეცნიერებმა დაადგინეს რომ ზემოხსენებული მეტეორიტები გარე მზის სისტემაში წარმოქმნილი ნახშირბადოვანი ქონდრიტებია. იქიდან გამომდინარე, რომ მარსზე ისინი გავრცელებულია და მსგავსი ასტრონომიული სხეულების მასის 10 პროცენტი ყინულს უკავია, მათთან შეჯახებების შედეგად წითელ პლანეტაზე საკმარისი წყალი გაჩნდებოდა, რომ მთლიანი ზედაპირი სითხეს 307 მეტრით დაეფარა.
მნიშვნელოვანია, რომ ნახშირბადოვანი ქონდრიტების მეშვეობით შიდა მზის სისტემაში ორგანული მოლეკულებიც მოხვდა, კერძოდ ამინომჟავები, რომლებიც დნმ-ის ფორმირებისთვისაა საჭირო. ამ დროისთვის მარსზე სიცოცხლისთვის თავსებადი გარემო არსებობდა, რასაც დედამიწაზე ვერ ვიტყვით.
"ამ პერიოდის შემდეგ, დედამიწაზე სიცოცხლეს რაღაც კატასტროფული დაატყდა თავს. მიიჩნევა, რომ ის მარსის ზომის პლანეტას შეეჯახა, რამაც დედამიწა-მთვარის სისტემა წარმოშვა და ამავდროულად, აქ არსებული პოტენციური სიცოცხლე სრულად გაანადგურა", — აცხადებენ ავტორები.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადრეულ მზის სისტემაში სიცოცხლის განვითარების შანსი მარსზე უფრო იყო, ვიდრე დედამიწაზე. მეცნიერთა ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები