დროის იდეალური დამთხვევაც ამას ჰქვია: ეგვიპტოლოგებს, რომლებიც აღნიშნავენ ტუტანხამონის საფლავის აღმოჩენის ასწლეულს, ახლა პერსპექტიული ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა აქვთ, რომელიც ეგვიპტეში გაკეთდა. მკვლევრებმა აღმოაჩინეს გვირაბი ტაპოსირის მაგნას ტაძრის ქვეშ, უძველესი ქალაქ ალექსანდრიის დასავლეთით, რომელსაც, მათი ვარაუდით, დედოფალ კლეოპატრას საფლავამდე მივყავართ. ამის მტკიცებულება, ჯერჯერობით, მოსაპოვებელია, მაგრამ ასეთ აღმოჩენას აქვს პოტენციალი, გადაწეროს ის, რაც ვიცით ეგვიპტის ყველაზე ცნობილი დედოფლის შესახებ.

ძველი ბერძენი მწერალი პლუტარქეს მიხედვით — რომელმაც დაწერა კლეოპატრას ქმრის, რომაელი გენერლის, მარკუს ანტონიუსის, ბიოგრაფია და პასუხისმგებელია კლეოპატრას მეფობის ბოლო დღეების ყველაზე ხანგრძლივ და დეტალურ ისტორიაზე — ანტონიუსიცა და კლეოპატრაც დაკრძალეს კლეოპატრას მავზოლეუმში.

პლუტარქეს თქმით, იმ დღეს, როდესაც ავგუსტუსი და მისი რომაული ჯარები შეიჭრნენ ეგვიპტეში და აიღეს ალექსანდრია, ანტონიუსი საკუთარ მახვილზე დაეცა, დაიღუპა და დაკრძალეს მავზოლეუმში. ორი კვირის შემდეგ, კლეოპატრა მივიდა მავზოლეუმში ანტონიუსისთვის შესაწირი რიტუალის ჩასატარებლად, იქ თავი მოიკლა და ისიც მავზოლეუმში დაკრძალეს.

მარკუს ანტონიუსის ბიუსტი

ფოტო: WH_Pics/Shutterstock.com

მომდევნო დღეებში, ანტონიუსის ვაჟი მარკუს ანტონიუს ანტილუსი და კლეოპატრას ვაჟი პტოლემე XV კეისარი (ასევე ცნობილი როგორც კესარიონი, "პატარა კეისარი"), ორივე მოკლეს რომაულმა ძალებმა და შეიძლება ასევე იმავე ადგილას დაკრძალეს.

თუკი კლეოპატრას მავზოლეუმი ჯერ კიდევ არ გამქრალა ხმელთაშუა ზღვის ტალღების ქვეშ, ელინისტური ქალაქ ალექსანდრიის უმეტეს ნაწილთან ერთად, და ერთ მშვენიერ დღეს მას მივაგნებთ, ეს იქნება უპრეცედენტო არქეოლოგიური აღმოჩენა.

ასევე იხილეთ: ოსირისის ძველეგვიპტური ტაძრის ქვეშ საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს — გზა კლეოპატრას საფლავისკენ?

აღმოჩენა, რომელსაც ისტორიის გადაწერა შეუძლია

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ცნობილი ისტორიული მმართველის საფლავი ჯერ კიდევ არსებობს, — ავგუსტუსის მავზოლეუმი რომში ერთ-ერთი მაგალითია — მათი შიგთავსი ხშირად იძარცვებოდა და იკარგებოდა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამონაკლისი არის ალექსანდრე მაკედონელის მამის, ფილიპე II-ის, საფლავი, რომელიც აღმოაჩინეს ვერგინაში 1970-იანი წლების ბოლოს. სამარხი ხელუხლებელი იპოვეს და ამან საშუალება მისცა მკვლევრებს, რომ ათწლეულების განმავლობაში ჩაეტარებინათ მეცნიერული გამოძიება, რამაც გაამდიდრა ჩვენი ცოდნა მაკედონიის სამეფო ოჯახის წევრებისა და მათი სასამართლოს შესახებ. ასეთივე შემთხვევასთან გვექნება საქმე, თუკი კლეოპატრას სამარხიც ხელუხლებელი აღმოაჩინეს; ახალი ინფორმაციის რაოდენობა, რომელსაც ეგვიპტოლოგები, კლასიკოსები, ანტიკური ისტორიკოსები და არქეოლოგები მისი საშუალებით გაიგებდნენ, უზარმაზარი იქნებოდა.

ავგუსტუსის მავზოლეუმი რომში

ფოტო: Aerial-motion/Shutterstock.com

უმეტესწილად, ჩვენი ცოდნა კლეოპატრასა და მისი მეფობის შესახებ მომდინარეობს ძველი ბერძნული და რომაული ლიტერატურული წყაროებიდან, რომლებიც დაიწერა მისი სიკვდილის შემდეგ და, არსებითად, მტრულადაა განწყობილი ეგვიპტის დედოფლის მიმართ. ჩვენ არ გაგვაჩნია ბევრი მტკიცებულება, რომელიც ავლენს ეგვიპტურ პერსპექტივას კლეოპატრაზე, მაგრამ ის, რაც გვაქვს, როგორებიცაა: საპატიო რელიეფები ტაძრებზე, რომლებიც მან ააშენა, და მისი ქვეშევრდომების მიერ მიძღვნილი აღთქმები — გვაძლევს სრულიად განსხვავებულ შეხედულებას მის შესახებ.

დღემდე პტოლემაიოსის მმართველების სამარხი არ არის აღმოჩენილი. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მდებარეობდა ალექსანდრიის სასახლის ნაწილში და, როგორც ვარაუდობენ, ზღვის ქვეშ იყო მოქცეული, ქალაქის დანარჩენ ნაწილთან ერთად.

კლეოპატრას სამარხის აღმოჩენის შემთხვევაში, მხოლოდ საფლავის არქიტექტურა და მატერიალური შინაარსიც კი ისტორიკოსებისგან ათწლეულების განმავლობაში კვლევა-ძიებას მოითხოვდა და უპრეცედენტო რაოდენობის ინფორმაციას მიაწვდიდა პტოლემაიოსების სამეფო კულტისა და მაკედონიისა და ეგვიპტური კულტურის შერწყმის შესახებ. მაგრამ თუკი კლეოპატრას ნეშტიც იქ იქნებოდა, ისინი შეძლებდნენ უამრავი საკითხის გარკვევას, მათ შორის, დედოფლის სიკვდილის მიზეზის, მისი ფიზიკური გარეგნობისა და რასის შესახებ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.