ახალი კვლევის მიხედვით, სარძევე ჯირკვლის სიმსივნის უჯრედებს შესაძლოა "ელექტრული ენა" ჰქონდეთ
მკერდის სიმსივნის უჯრედები ნეირონების მსგავსად მოქმედებენ?
პრეს რელიზის მიხედვით, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯში ჩატარებული კვლევით დაასკვნეს, რომ მკერდის კიბოს უჯრედებს განსხვავებული "ძაბვა" აქვთ, რაც მათ გავრცელებასა და ზრდაზე გვაწვდის ინფორმაციას. ლონდონის სიმსივნის კვლევის ინსტიტუტთან კოლაბორაციით ჩატარებულ კვლევას შეუძლია დაგვეხმაროს იმის უკეთ გარკვევაში, თუ როგორ "წყვეტენ" კიბოს უჯრედები გაზრდასა და გავრცელების მიმართულებას. მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ მკერდის სიმსივნის უჯრედები ნეირონების მსგავსად მოქმედებენ.
სიმსივნის წარმოშობისას უჯრედებში მრავალი ბიოელექტრული ანომალია ხდება. მაგალითად, უჯრედის მემბრანა უფრო დადებითად დამუხტული ხდება, ვიდრე ჯანმრთელი უჯრედების მემბრანები.
მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ეს შეიძლება კიბოს უჯრედებს შორის ელექტრული კომუნიკაციის ქსელამდე მიდიოდეს, რომლის დაშლაც ერთ დღეს შესაძლოა ექიმების სამიზნე და მკურნალობის ახალი მეთოდების შექმნის საწყისი წერტილი გახდეს.
"როცა ჯანმრთელი უჯრედები კიბოს უჯრედები ხდებიან, ცვლილებები, რომელთაც ისინი განიცდიან, ეხმარება ზრდასა და გავრცელებაში. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ კონკრეტული გენები, რომლებიც აკონტროლებენ უჯრედის გამრავლებას, შესაძლოა გაითიშოს, რაც უკონტროლო ზრდას გამოიწვევს. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რატომ მერყეობს მემბრანის ძაბვა კიბოს უჯრედებში, თუმცა ჩვენი აღმოჩენა და ტექნოლოგია, რომელიც ბიოინჟინრებისა და ბიოლოგების კოლაბორაციის შედეგია, დაგვეხმარება სიმსივნის სიგნალის ქსელისა და ზრდის გაგებაში", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ბიოინჟინერიის მიმართულების პროფესორმა ამანდა ფროუსტმა.
ელექტრული სიგნალები — ციმციმი და რხევა
მკვლევრებმა სარძევე ჯირკვლის კიბოს 8 ხოლო ჯანმრთელი უჯრედების 1 ხაზი გამრავლებისა და ვოლტაჟის შესაფასებლად გამოიყენეს. ამისათვის მათ ტვინში ელექტრული აქტივობის დასაფიქსირებლად სპეციალურად შექმნილი მიკროსკოპი გამოიყენეს და აღწერეს უჯრედების მემბრანაში არსებული ძაბვა, მოგვიანებით კი ეს სიგნალები დაახარისხეს და აღწერეს.
როგორც აღმოჩნდა, კიბოს უჯრედების ვოლტაჟი მერყეობდა. ელექტრული სიგნალები "ციმციმებდნენ" და "ირხეოდნენ", ამიტომ დამატებითი კვლევებია საჭირო იმის გასაგებად, არსებობდა თუ არა მათ შორის ამ დროს კომუნიკაცია.
დაამატეს ტეტროდოტოქსინიც, ძლიერი ნეიროტოქსინი, რომელიც თრგუნავს ნატრიუმის არხებს, რათა ნერვულ უჯრედებს ელექტრული მუხტის შექმნის საშუალება არ მისცეს. ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ნატრიუმის არხები კიბოს უჯრედების ინვაზიურობისათვის აუცილებელია.
"ეს პირველი შემთხვევაა, როცა მკერდის კიბოს უჯრედებს შორის ელექტრული აქტივობის მსგავსი მკვეთრად გამოხატული ცვლილებები შევამჩნიეთ. თითქოს ამ უჯრედებმა გარკვეული ელექტრული ენა ჩამოაყალიბეს. ჩვენ ჯერ ისევ არ ვიცით, რამდენად კომპლექსურია ეს ენა, თუმცა ის, შესაძლოა კიბოს უჯრედებს აძლევდეს შესაძლებლობას, გადასცენ ინფორმაცია "საკვების" ან მტრულად განწყობილი ნივთიერებების შესახებ, რაც მათ სიცოცხლისუნარიანობას გაზრდის", — განაცხადა სიმსივნის მორფოდინამიკის პროფესორმა და კვლევის ერთ ერთმა თანაავტორმა, კრის ბეკალმა.
აღმოჩნდა, რომ ტეტროდოტოქსინი კიბოს უჯრედში "ძაბვის" მერყეობას ამცირებს, ისევე როგორც ამას ნერვული უჯრედების შემთხვევაში აკეთებს. მკვლევრებზე დაყრდნობით, ამან შეიძლება მიგვიყვანოს ახალ მეთოდებამდე, კიბოს უჯრედების კომუნიკაციის პრევენციისათვის.
კვლევა ჟურნალ Communications Biology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები