რატომ უჭირთ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს თვალით კონტაქტი? — კვლევა
ყოველდღიურ ურთიერთობებში თვალით კონტაქტის სურვილის უქონლობა აუტისტური სპექტრის აშლილობის (ASD) ერთ-ერთი ნიშანია. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული ჟესტი ჩვეულებრივი ურთიერთობების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია, მეცნიერებს ASD-ის მქონე პირებში მისი მომცველი ცოცხალი ინტერაქციების ნევროლოგიური საფუძვლების კვლევა უჭირდათ, რადგან ორი ადამიანის ტვინების ერთდროულად ასახვა არ შეეძლოთ.
ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც ცოცხალ, ბუნებრივ სიტუაციებში ორი ინდივიდის ასახვის საშუალებას იძლევა, იელის მეცნიერებმა ტვინის კონკრეტული ადგილები გამოყვეს, რომლებიც აუტიზმის სოციალურ სიმპტომებს უკავშირდება. კვლევა 9 ნოემბერს ჟურნალში PLOS ONE გამოქვეყნდა.
"ჩვენს ტვინებს სხვა ადამიანების შესახებ ინფორმაცია სწყურია, ჩვენ კი ეს სოციალური მექანიზმები ნამდვილი და ინტერაქციული სამყაროს კონტექსტში უნდა შევისწავლოთ, ტიპური განვითარების ადამიანებში იქნება ეს თუ აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონეებში", — განაცხადა ჯოი ჰირშმა, იელის მეცნიერმა და კვლევის ავტორმა.
იელის მკვლევართა გუნდმა ზრდასრულ ადამიანთა წყვილებს — ერთი ASD-ის მქონე იყო, ხოლო მეორე ტიპური განვითარების — შორის ხანმოკლე სოციალური ურთიერთობისას ტვინის აქტივობა შეისწავლეს. ამისათვის მათ არაინვაზიური მეთოდი, ფუნქციური ახლო ინფრაწითელი სპექტროსკოპია გამოიყენეს.
მკვლევრებმა შენიშნეს, რომ თვალით კონტაქტისას ASD-ის მქონე მონაწილეებს მის არმქონეებთან შედარებით ტვინის რეგიონში, უკანა პარიეტალურ ქერქში, მნიშვნელოვნად ჰქონდათ აქტივობა შემცირებული.
ამასთანავე, ADOS (აუტიზმის სადიაგნოსტიკო დაკვირვებითი კვლევა, მეორე გამოშვება) ტესტით ASD-ის რაც მეტი სოციალური სიმპტომი იყო გამოხატული, მით უფრო მცირე იყო აქტივობაც ტვინის ზემოხსენებულ რეგიონში. ტიპური განვითარების მონაწილეებში ნერვული აქტივობა ამ რეგიონებში სინქრონული იყო რეალურ ადამიანებთან თვალით კონტაქტისას, თუმცა არა — ვიდეოზე გამოსახული სახის შემთხვევაში.
ASD-ის მქონე პირებში ნერვული შეპირაპირების ტიპური მატება არ შეუნიშნავთ, ეს კი სოციალური ურთიერთობების სირთულეებს შეესატყვისება.
"ახლა არამარტო აუტიზმის ნეირობიოლოგიისა და სოციალური განსხვავებების კუთხით შევიძინეთ მეტი ცოდნა, არამედ ის ნერვული მექანიზმებიც გამოვყავით, რომლებიც ტიპურ სოციალურ კავშირებს წარმართავს", — დასძენს ჰირში.
შესაძლოა, თვალით კონტაქტზე ეს ნერვული პასუხები ASD-ის დიაგნოზის დასასმელად ერთგვარი ბიომარკერი აღმოჩნდეს. მიგნებები გამოსადეგი შეიძლება იყოს აუტიზმის მიმართ სხვადასხვა მიდგომის ეფექტიანობის შესაფასებლადაც.
კომენტარები