შესაძლოა, ეცი ერთადერთი "ყინულის კაცი" არაა — ახალი ჰიპოთეზა
ახალმა კვლევამ "ბუნებრივი მუმიის" შესახებ კონრად შპინდლერის ყველა მოსაზრება ეჭვქვეშ დააყენა.
1991 წელს იტალიისა და ავსტრიის საზღვარზე, ეცტალის ალპებში აღმოჩენილმა ეცის ყინულის ადამიანმა მკვლევრები გააოცა, რადგან ის "ბუნებრივად" იყო შემონახული.
ეცის (მეტსახელი აღმოჩენის ადგილის მიხედვით მიიღო) ძვ.წ 3350-3105 წლების შუალედში უნდა ეცხოვრა. ითვლება, რომ იგი მოკლეს, რადგან მის მარცხენა მხარში ისრის თავი იპოვეს. შესაბამისად, "ყინულის მუმიის" ცხოვრების სტილმა და სიკვდილმა წლების განმავლობაში ბევრი მკვლევრის ცნობისმოყვარეობა გააღვიძა.
ახალმა კვლევამ ახალი კითხვები გააჩინა. ნორვეგიელი, შვედი და ავსტრიელი მკვლევრების მცირე ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომელიც ეცის გაყინვის ხანგრძლივობაზე აქამდე მიღებულ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებს.
კვლევა 7 ნოემბერს, ჟურნალ The Holocene-ში გამოქვეყნდა.
რა შეეშალა კონრად შპინდლერს
ავსტრიელმა არქეოლოგმა, კონრად შპინდლერმა, განავითარა თეორია იმის ასახსნელად, თუ როგორ გაძლო ეცის სხეულმა ამდენ ხანს. ის ამტკიცებდა, რომ სხეული ყინვამ გამოაშრო და მყინვარის ქვეშ (რომლის გადაადგილებისგანაც ხევი იცავდა) ყინულით დაფარვამ, ფაქტობრივად, დიდი ხნის განმავლობაში მაცივრის ფუნქცია შეასრულა .
მხოლოდ მაშინ, როცა ყინული, რომელშიც ეცი იყო გამომწყვდეული, გადნა კლიმატის ცვლილების შედეგად, "მუმია" აღმოვაჩინეთ. შპინდლერის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეცის ბედის მსგავს ინდივიდს კიდევ აღმოვაჩენთ, რადგან პროცესების მიმდევრობა, რომელმაც ყინულის კაცი მოგვცა, საკმაოდ რთულად წარმოსადგენი და უნიკალურია.
როგორც Phys მოგვითხრობს, ახალ კვლევაში მეცნიერები შპინდლერის იდეის თითმის ყველა ასპექტს აკრიტიკებენ. ერთადერთი ასპექტი, რომელსაც ისინი სწორად მიიჩნევენ, სიკვდილის მიზეზია. მათი მტკიცებით, ეცის მუცელში საჭმლის არსებობა მიანიშნებს იმაზე, რომ ის გაზაფხულზე გარდაიცვალა და არა შემოდგომაზე.
ლანდშაფტის ანალიზმა აჩვენა, რომ სხეულს მყინვარი სულაც არ ფარავდა და ეცი აღმოჩენამდე არაერთხელ გადნა. მეტიც, როგორც ჩანს, ყინულის კაცს წყალთანაც არაერთხელ ჰქონდა შეხება.
გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ იარაღები არათუ ბრძოლის, არამედ ამინდის გამო დაზიანდა და სიცოცხლე მათ მფლობელს ხევში არ დაუსრულებია, სხეულმა მთიდან თანდათან ამინდის გამო ჩამოინაცვლა.
ბოლოს კი გუნდმა შპინდლერის უკანასკნელი მოსაზრებაც უარყო და თქვა, რომ ეცის მსგავსი "მუმიები" კიდევ მრავლად გამოჩნდებიან, თუ რეგიონი დათბობას და ყინული დნობას გააგრძელებს, ვინაიდან პირობებში, რომელმაც ყინულის კაცი შემოგვინახა, არაჩვეულებრივი არაფერია.
როგორ მოკვდა ეცი?
ყინულის კაცის აღმოჩენიდან ათი წლის შემდეგ მისი სიკვდილის მიზეზი ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ეცი ზამთრის ქარიშხლის დროს გაიყინა. მოგვიანებით გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა ის რიტუალური მსხვერპლშეწირვის ობიექტი გახდა. უკანასკნელი ჰიპოთეზა შთაგონებული იყო ტორფის ჭაობებში ნაპოვნი ძვ.წ პირველი ათასწლეულის სხეულების, ტოლუნდის კაცისა და ლინდოუს კაცის შესახებ მიღებული ანალოგიური ჰიპოთეზით.
ასევე იხილეთ: 2 400 წლის გვამის ბოლო სადილის ანალიზით ადამიანის მსხვერპლშეწირვის ნიშნები აღმოაჩინეს
კომენტარები