ადამიანებსა და ჩეთბოტებს შორის ვირტუალური რომანტიკა ღვივდება — ახალი კვლევა
თითქმის ათი წელი გავიდა სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმის — HER — გამოსვლის შემდეგ, რომელმაც ადამიანისა და ჩეთბოტის სასიყვარულო ურთიერთობის, ერთი მხრივ, შორეული კონცეფცია ასახა. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, ვირტუალური სიყვარული უკვე შეიძლება აქ იყოს. "რომანტიკული ანთროპომორფიზმის" კონცეფციის შემოღებით, კვლევის ავტორები აჩვენებენ, თუ როგორ ანიჭებენ რომანტიკული ვიდეო თამაშების მოთამაშეები (RVG) ადამიანურ თვისებებს "ციფრულ აგენტებს" და შედიან ვირტუალურ ურთიერთობებში, რომლებსაც ავთენტურად აღიქვამენ.
"სიყვარულისა და საყვარელ სუბიექტად ყოფნის საჭიროება ადამიანის ფსიქოლოგიის მუდმივი, უნივერსალური ასპექტია", — წერენ მკვლევრები. "ჩვენი ისტორიის უმეტესი პერიოდის განმავლობაში, ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება მოითხოვდა სხვა ადამიანს — ვინმეს, რომელსაც უყვარდა და რომელიც უყვარდათ. დღეს კი ვირტუალურ აგენტს ამ საჭიროების დაკმაყოფილება შეუძლია."
პოპულარულ ციფრულ აგენტებზე მითითებით, როგორებიცაა: Alexa, Cortana და Siri — კვლევის ავტორები განმარტავენ, თუ როგორ ასრულებს ჩეთბოტები უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს ჩვენს თანამედროვე სამყაროში. და მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა მომსახურების ბოტს, სავარაუდოდ, არავინ შეიყვარებს, ზოგიერთ უფრო რთულ ვირტუალურ აგენტს შეუძლია, რომ უკვე შევიდეს ურთიერთგაცნობის ასპარეზზე.
მაგალითად, კაცებზე ორიენტირებული RVG სახელწოდებით LovePlus "იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ უამრავ კაცს უყვარდა თავისი ვირტუალური შეყვარებული, იმ დონემდეც კი, რომ მას უპირატესობას ანიჭებდა რეალურ ქალებთან შედარებით". ავტორები ამტკიცებენ, რომ ამ სიყვარულზე დაფუძნებული თამაშების მზარდი პოპულარობიდან გამომდინარე, მსოფლიოში ახლა 50 მილიონი RVG მოთამაშეა.
რომანტიკული ანთროპომორფიზმის შესახებ მეტის გასაგებად მკვლევრებმა ჩაატარეს სამი ლაბორატორიული ექსპერიმენტი. პირველ მათგანში 61 ჰეტეროსექსუალი ქალი თამაშობდა RVG-ს სახელად Castaway, სანამ შეავსებდა კითხვარების სერიას, რომელიც შექმნილია იმის შესაფასებლად, თუ რამდენად ანიჭებდნენ ისინი ჩეთბოტებს ადამიანის მსგავს თვისებებს და რამდენად ავთენტური იყო მათი ვირტუალური ურთიერთობა.
შედეგებმა აჩვენა, რომ "უფრო დიდი რომანტიკული ანთროპომორფიზმი დაკავშირებული იყო ვირტუალურ აგენტთან ურთიერთობის ავთენტურობის უფრო დიდ გრძნობებთან, რაც შემდეგ პროგნოზირებდა რეალურ სამყაროში ვირტუალურ აგენტთან ურთიერთობის უფრო დიდ სურვილს".
მეორე ექსპერიმენტი ზუსტად იმავე პროტოკოლს მიჰყვებოდა, მაგრამ მოიცავდა უფრო დიდ, 104 ქალისგან შემდგარ ჯგუფს. ქალები ამჯერად თამაშობდნენ RVG-ს სახელწოდებით Choices: Stories You Play. ამ სავარჯიშოს შედეგებმა "სრულად გაიმეორა" პირველი ექსპერიმენტის შედეგები.
"აღმოჩენა გვეუბნება, რომ ეს არ არის ანთროპომორფიზმი თავისთავად — არ არსებობს სანდო პირდაპირი კავშირი ანთროპომორფიზმსა და შედეგებს შორის — არამედ ესაა ის, თუ როგორ იკვებება ანთროპომორფიზმი ურთიერთობის ავთენტურობით, რომელიც პროგნოზირებს რეალურ სამყაროში ურთიერთობის სურვილს ვირტუალურ აგენტსა და პოზიტიურ განწყობასთან", — განმარტა კვლევის ავტორმა მაიუ კოიკემ განცხადებაში. "მარტივად რომ ვთქვათ, ანთროპომორფიზმი ქმნის ურთიერთობებში ავთენტურობის განცდას. თავის მხრივ, ურთიერთობის ავთენტურობა მნიშვნელოვანია აგენტებთან ძლიერი კავშირის დასამყარებლად."
დაბოლოს, მთელი ეს პროცედურა გაიმეორა 78 მარტოხელა ჰეტეროსექსუალი ქალის მესამე ჯგუფმა, თუმცა ამჯერად კვლევის ავტორები ცდილობდნენ, დაედგინათ, თუ როგორ მოქმედებს ციფრული სიყვარული ადამიანების რეალურ ქცევაზე. ამის გასაგებად მკვლევრები აკვირდებოდნენ მონაწილეებს, როდესაც ისინი ურთიერთობდნენ "მიმზიდველ მამაკაცთან" RVG-ის თამაშის შემდეგ ხუთი წუთის განმავლობაში. თუმცა, ფლირტში არანაირი ცვლილება არ შეინიშნებოდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ვირტუალურმა სიყვარულმა შესაძლოა გავლენა არ იქონიოს რეალურ რომანტიკაზე.
წინა კვლევამ აჩვენა, რომ მარტოსული ადამიანები უფრო მეტად ახდენენ არაადამიანური არსებების ანთროპომორფიზაციას — მაგალითად, ტომ ჰენკსი და მისი მეგობარი უილსონი ფილმში Castaway. თუმცა, ამ ახალ დაკვირვებებზე დაყრდნობით, კვლევის ავტორების დასკვნით, "ნაკლებად სავარაუდოა, რომ უბრალოდ იმის დაჯერება, რომ არსება ადამიანის მსგავსია, პიროვნებას ნაკლებად მარტოსულად აგრძნობინებს თავს. უფრო სავარაუდოა, რომ ის, რაც მარტოსულობის განცდას ამცირებს, ამ ადამიანად აღქმულ არსებასთან დამყარებული ურთიერთობაა."
კომენტარები