ჰარვარდის პროფესორების თქმით, ჩვენს მზის სისტემაში 4 კვინტილიონი უცხოპლანეტური ხომალდია
ფოტო: DeviantArt
უცხოპლანეტელებზე მონადირე ჰარვარდის პროფესორი ავი ლოები ამჯერად ახალი კვლევით შეიარაღებული დაბრუნდა და ამტკიცებს, რომ ჩვენს მზის სისტემაში, არც მეტი, არც ნაკლები, შეიძლება 4 კვინტილიონი უცხოპლანეტური ხომალდი იყოს, რაც, დაგვეთანხმებით, მეტისმეტად დიდი რიცხვია.
კვლევა მოჰყვა პირველ აღმოჩენას, რომლის მიხედვითაც, ჩვენს მზის სისტემას ვარსკვლავთშორისი ობიექტი, სახელად 'ოუმუამუა, ესტუმრა 2017 წელს. 'ოუმუამუას, სახელის მსგავსად, ბუნებაც უცნაური ჰქონდა და მეცნიერებში დღემდე საკამათო საგანია. როგორც ცნობილია, იგი სიგარის ფორმის იყო და გამოიწვია უამრავი დებატი იმაზე, წარმოადგენდა თუ არა ის არამიწიერ სტუმარს.
ლოები ცალსახად არ ამტკიცებს, რომ 'ოუმუამუა უცხოპლანეტური ხომალდი იყო, თუმცა არც ამის შესაძლებლობას გამორიცხავს. მისი აზრით, მთავარი კითხვა ის არის, თუ რამდენი პოტენციური 'ოუმუამუა შეიძლება იყოს ჩვენს მზის სისტემაში?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ლოები და მისი კოლეგა, ასევე ჰარვარდის ასტრონომი კარსონ ეზელი, დააკვირდნენ, თუ რამდენი ვარსკვლავთშორისი ვიზიტორი შევნიშნეთ უკვე.
"შეგვიძლია გამოვიყენოთ ვარსკვლავთშორისი ობიექტების აღმოჩენის უახლესი მაჩვენებლები და ცნობილი მეთოდები მზის სისტემის სამეზობლოში მსგავსი ობიექტების სიმკვირივის შესაფასებლად", — წერენ ასტრონომები.
'ოუმუამუას შემდეგ, ასტრონომებმა კიდევ სამი ვარსკვლავთშორისი ობიექტი აღმოაჩინეს, ანუ 8 წელიწადში — 4. ამ ტემპით, ლობმა და ეზელერმა გამოთვალეს, რომ მთელ მზის სისტემაში შეიძლება 40 დეცილიონამდე ვარსკვლავთშორისი ობიექტი იყოს, მათ შორის, ჩვენი ხელსაწყოებისთვის მიუწვდომელი ადგილების ჩათვლით.
ეს რიცხვი მცირდება უფრო მოკრძალებულ 4 კვინტილიონამდე, თუკი მხედველობაში მივიღებთ საზღვრებს, რომლებითაც შემოიფარგლება მზის მახლობლად "საცხოვრებლად ვარგისი ზონა". ეს კი ამაღელვებელი ამბავია, რადგან თუ ამ ობიექტებიდან ზოგიერთი უცხოპლანეტელია, მაშინ მათი აღმოჩენა უფრო გაგვიმარტივდება.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ 4 კვინტილიონი ვარსკვლავთშორისი ობიექტის უმეტესობა უბრალოდ კოსმოსური ქვების ნატეხებია — რაც, ლოების მიხედვით, სავარაუდოა — მაინც რჩება საკმაოდ დიდი შანსი, რომ ზოგიერთი მათგანი უცხოპლანეტური ხომალდია. ამიტომ თითები გადავაჯვარედინოთ და ახალ აღმოჩენებს დაველოდოთ.
ასევე იხილეთ: რა სჭირდებათ უცხოპლანეტელებს (ან მომავლის ადამიანებს) ვარსკვლავთშორისი მოგზაურობისთვის?