გარღვევა ონკოლოგიაში — გამოვლენილია "ბნელი მატერია", რომელიც სიმსივნის ზრდაში მონაწილეობს
ახალი კვლევების ფარგლებში მეცნიერებმა "ბნელი მატერია" გამოავლინეს, რომელიც სიმსივნის ზრდაში მონაწილეობს და ამ პროცესში გენების აქტიურობის მაკონტროლებელ უჯრედებთანაა დაკავშირებული.
კერძოდ, საუბარია ეპიგენეტიკაზე, ანუ ფენოტიპურ ცვლილებებზე, რომლებიც დნმ-ზე არ მოქმედებს, მაგრამ კიბოს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. როგორც წესი, სიმსივნის დროს მხოლოდ დნმ-ის მუტაციებს იკვლევენ, ამიტომ დიდი შანსია, ამგვარი ფაქტორები ყურადღების მიღმა დარჩეს, რაც მკურნალობის ეფექტიანობაზეც აისახება.
"სიმსივნის 'ქცევაში' კონტროლის დამატებითი დონე გამოვავლინეთ, რომელსაც 'ბნელი მატერია' ვუწოდეთ. წლების განმავლობაში კიბოს შესახებ ჩვენი ცოდნა გენეტიკურ მუტაციებზე იყო კონცენტრირებული, რომლებიც დნმ-ის კოდს სამუდამოდ ცვლის. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, ის, თუ როგორ მიმდინარეობს დნმ-ის მოღუნვის პროცესი, შესაძლოა განსაზღვრავდეს, რომელი გენები იკითხება (უჯრედების მიერ) ისე, რომ დნმ არ იცვლება. ეს სიმსივნის მოქმედების შესასწავლად ძალიან მნიშვნელოვანია", — აცხადებს პროფესორი ტრევორ გრემი.
ეპიგენეტიკური ცვლილებების როლი სიმსივნის განვითარებაში
მეცნიერთა პირველ ნაშრომში განხილულია ნაწლავის 30 სიმსივნის 1 373 ნიმუში, რომლის მაგალითზეც სპეციალისტებმა მავნე ქსოვილის ზრდისას მიმდინარე ეპიგენეტიკური პროცესები გააანალიზეს. დაკვირვებების მიხედვით, სიმსივნეში ეპიგენეტიკური ცვლილებები საკმაოდ გავრცელებულია, მემკვიდრეობითობით ხასიათდება და გვხვდება უჯრედებში, რომლებსაც "გადარჩენის უპირატესობები" აქვს.
მეორე კვლევაში ყურადღება ერთი და იგივე სიმსივნის უჯრედების სხვაობაზე გამახვილდა. მეცნიერებმა ნიმუშების დნმ შეისწავლეს და დაადგინეს, რომ დაავადებული ქსოვილის ამა თუ იმ არეალში დაფიქსირებული დნმ-ის კოდის ცვლილებები გენების აქტიურობის ცვლილებას შეესაბამებოდა. ავტორებმა დაასკვნეს, რომ მავნე უჯრედების მახასიათებლები ხშირად დნმ-ის მუტაციების გარდა, სხვა ფაქტორებითაცაა განპირობებული.
სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მათი მიგნება სიმსივნეს ახლებურად დაგვანახებს და მის წინააღმდეგ მკურნალობის უფრო ეფექტიანი მეთოდების შემუშავების საშუალებას მოგვცემს, რადგან აქამდე მხოლოდ მთლიანი სურათის მცირე ნაწილს ვხედავდით.
კომენტარები