ამერიკაში სკოლის მოსწავლემ თავისი მკვდარი თევზის გენომი გაშიფრა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, კალიფორნიაში მცხოვრებმა 17 წლის სკოლის მოსწავლემ თავისი მკვდარი თევზის გენომი გაშიფრა. აღსანიშნავია, რომ ეს წყლის ბინადართა Pterophyllum scalare-ს სახეობის წარმომადგენლის გენომის სეკვენირების პირველი პრეცედენტია.
ზემოხსენებული ახალგაზრდა ბიჭი ინდივარ მადირედი გახლავთ, რომლის საყვარელ ცხოველსაც კელვინი ერქვა. ის მარტში მოკვდა, პატრონმა კი თევზისთვის პატივის მისაგებად მისი გენომის გაშიფრა.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თევზი მოკვდა, მინდოდა ის სამუდამოდ შემენახა. გადავწყვიტე, მისი გენომი გამეშიფრა იმ იმედით, რომ სამეცნიერო საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდიდი და ჩემს თევზსაც პატივს მივაგებდი", — აცხადებს მოსწავლე.
ბიჭმა ეს გეგმა ქალაქ სანტა კლარაში მდებარე საზოგადოებრივ ლაბორატორია BioCurious-ში განახორციელა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. ის მომხმარებლებს მცირე საწევრო თანხის სანაცვლოდ იქ განთავსებული დანადგარებით სარგებლობის საშუალებას აძლევს.
ინდივარმა კელვინის დნმ -80°C ტემპერატურაზე შეინახა და გენომის სეკვენირების პროცესის შესწავლა დაიწყო. მან პროცედურა კომპანია Oxford Nanopore Technologies-ის მიერ შექმნილი მოწყობილობით ჩაატარა, რისთვისაც 2 კვირა დასჭირდა, მონაცემების ანალიზს კი — დამატებით 2 თვე. ეს ყველაფერი 2 000 აშშ დოლარი დაჯდა, რომლის თითქმის ნახევარიც ადამიანთა მიერ შეგროვებული თანხით დაიფარა.
უნდა ითქვას, რომ ინდივარ მადირედისთვის გენმოდიფიცირების CRISPR-ის ტექნოლოგიაც არაა უცხო. მან კელვინი და იმავე სახეობის სხვა მრავალი თევზი კვერცხის სტადიიდანვე გაზარდა. შეგახსენებთ, რომ Pterophyllum scalare ამაზონის აუზშია გავრცელებული და მთელ მსოფლიოში პოპულარული აკვარიუმის თევზია.
მართალია, მოსწავლის მიერ გაშიფრული გენომით გასაოცარი სიახლე არ შეგვიტყვია, მაგრამ ეს აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, როცა დაინტერესებულ ადამიანებს თანამედროვე ტექნოლოგიაზე აქვთ წვდომა.
ახალგაზრდა ავტორის კვლევა სამეცნიერო პორტალ microPublication-ზე გამოქვეყნდა.
კომენტარები