საუდის არაბეთში Sci-Fi ქალაქის მშენებლობა დაიწყეს — როგორი იქნება ის
როგორც ცნობილია, ქალაქს ორივე მხარეს, მთელს სიგრძეზე 500 მეტრის სიმაღლისა და 200 მეტრის სიგანის კედელი ექნება.
რთულად დასაჯერებელია, თუმცა დრონით გადაღებულ კადრებზე გამოსახულია საუდის არაბეთში მშენებარე გიგანტური Sci-Fi ქალაქი, სახელწოდებით Line, რომლის სიგრძეც 170 კმ იქნება. გეგმის მიხედვით ქალაქი აბსოლუტურად თვითკმარი უნდა იყოს, ჰქონდეს დამოუკიდებელი მიკროკლიმატი და მის მაცხოვრებლებს, სურვილის შემთხვევაში, მისი დატოვება არასდროს უნდა მოუწიოთ.
მართლაც, სამყაროში სადაც დიდი ძმა უფრო და უფრო მეტ ადამიანს უყურებს და კრიპტოვალუტის კომპანიები იძირებიან, თითქოს დისტოპიურ, Sci-Fi მომავალს უფრო და უფრო ვუახლოვდებით — ერთადერთი, რაც გვაკლია ფუტურისტული მეგაპოლისია. არაბეთის ნახევარკუნძულზე მშენებარე ქალაქის პროექტმა ყურადღება მიმდინარე წლის ზაფხულშიც მიიქცია დიზაინის მიმართ არასტანდარტული მიდგომით. როგორც ცნობილია, ქალაქს ორივე მხარეს, მთელს სიგრძეზე 500 მეტრის სიმაღლისა და 200 მეტრის სიგანის კედელი ექნება. რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით, იდეამ სკეპტიციზმი დაიმსახურა და არავის სჯეროდა, რომ ის ოდესმე განხორციელდებოდა, თუმცა ახალი ვიდეო აბსოლუტურად საპირისპიროს ამტკიცებს და მასზე მშენებლობის საწყისი ეტაპია აღბეჭდილი.
Youtube-ზე ვიდეო არქიტექტურული სიახლეების პორტალმა Dezeen-მა ატვირთა, თუმცა გადამღები არაბული კომპანია Ot Sky-ია. კადრები მოკლებულია ყველანაირ დეტალიზაციას, თუმცა ტრიუმფალური მუსიკის ფონზე უდაბნოში გაბნეულ სამშენებლო მასალასთან, მოწყობილობებთან და ტექნიკასთან ერთად ქვიშაში ამოთხრილ გიგანტურ ხაზსაც ვხედავთ.
Line-ს Neom აშენებს. კომპანია, რომელიც შექმნილია საუდის არაბეთის მთავრობის არქიტექტურული იდეების განსახორციელებლად, რომელიც ერის გათანამედროვებას ემსახურება.
მიუხედავად ვიწრო, მაგრამ გიგანტური სიგრძის ხაზისა, Neom-ის განცხადებით ქალაქში რამდენიმე კვარტალი იქნება, რომელთა შორისაც სამგზავროდ 5 წუთი იქნება საკმარისი, ხოლო Line-ის ერთი ბოლოდან მეორეში მოხვედრას 20 წუთიც ეყოფა. კომპანია გარდა Line-ისა, ანალოგიურ პროექტებზე, Oxagon-სა da Trojena-ზე მუშაობს.
ასევე იხილეთ: თოვლი უდაბნოში: დისტოპიური ქალაქი ნეომი ზამთრის სპორტულ თამაშებს უმასპინძლებს
კომპანიას მშენებლობის დასრულების ოფიციალური თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა საუდის არაბეთის პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა სავარაუდო დასრულების თარიღად 2030 წელი დაასახელა.
მიუხედავად ხმამაღალი გეგმებისა, Line-ის იდეის მაინც ძალიან ცოტა ადამიანს სჯერა და სანამ არაბეთის უდაბნოდან ამოშვერილ გიგანტურ სარკეებს არ ვიხილავთ, ეჭვი, თითქოს ეს საერთაშორისო ყურადღების ადამიანის უფლებათა დარღვევიდან სხვა მხარეს გადატანის მცდელობაა, რეალურია. თუ ეს ასეა, ქალაქი პრინცის აუხდენელ ოცნებად დარჩება.
კომენტარები