არის თუ არა პლასტმასის გადამუშავება "ჩავარდნილი კონცეფცია" — Greenpeace-ის კვლევა
Greenpeace USA-ს კვლევამ აჩვენა, რომ 2021 წელს აშშ-ს ოჯახების მიერ წარმოქმნილი 51 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენიდან მხოლოდ 2,4 მილიონი ტონა ანუ დაახლოებით ხუთი პროცენტი გადამუშავდა.
Greenpeace U.S.A-ის ორშაბათს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პლასტმასის გადამუშავების მაჩვენებლები მცირდება, მისი წარმოება კი იზრდება. ინდუსტრიების მტკიცება, რომ მათ შექმნეს ეფექტური, წრიული ეკონომიკა, არის მითი.
კვლევამ, რომელსაც Circular Claims Fall Flat Again ჰქვია აჩვენა, რომ 2021 წელს აშშ-ს ოჯახების მიერ წარმოქმნილი 51 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენიდან, მხოლოდ 2,4 მილიონი ტონა გადამუშავდა, ეს დაახლოებით ხუთი პროცენტია.
2014 წელს ამ მაჩვენებლმა პიკს მიაღწია და 10 პროცენტს წარმოადგენდა მაგრამ, მან ისევ კლება დაიწყო განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2018 წელს ჩინეთმა შეწყვიტა დასავლეთის პლასტმასის ნარჩენების მიღება.
ასევე იზრდება გადაუმუშავებელი პლასტმასის წარმოება, ნავთობქიმიური ინდუსტრიების გაფართოებასთან ერთად, რაც ამცირებს ხარჯებს.
ინდუსტრიული ჯგუფები და მსხვილი კორპორაციები მიმართავენ გადამუშავებას, როგორც გამოსავალს, მაგრამ ისინი გაურბიან ყველანაირ პასუხისმგებლობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ პლასტმასის გადამუშავებამ რეალურად იმუშაოს", — განაცხადა Greenpeace U.S.A-ის კამპანიის მონაწილემ, ლისა რამსდენმა.
მან მთავარ დამნაშავეებად დაასახელა ისეთი კომპანიები, როგორიცაა: Coca-Cola, PepsiCo, Unilever და Nestle.
Greenpeace U.S.A-ის გამოკითხვის თანახმად, ქვეყანაში არსებული 375 მასალების აღდგენის ობიექტში, მხოლოდ ორი ტიპის პლასტმასია მიღებული.
პირველი არის პოლიეთილენ ტერეფტალატი (PET), რომელიც გამოიყენება წყლისა და გაზიანი სასმელის ბოთლებში; და მეორე არის მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენი (HDPE), რომელიც გვაქვს რძის ყუთებში, შამპუნის ბოთლებში და საწმენდი საშუალებების კონტეინერებში.
ისინი დანომრილია "1" და "2" სტანდარტიზებული სისტემის მიხედვით, რომელშიც შედის შვიდი სახის პლასტმასი.
თუ პროდუქტი არის გადმუშავებადი ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრაქტიკაში მისი გადამუშავება ხდება.
კვლევამ აჩვენა, რომ PET და HDPE პროდუქტებს ჰქონდათ გადამუშავების რეალური მაჩვენებელი 20.9 % და 10.3 %. ეს ორივე მაჩვენებელი ოდნავ ჩამორჩება Greenpeace US-ის ბოლო გამოკითხვისას ნაჩვენებ შედეგს, 2020 წელს.
პლასტმასის ტიპი ''3''-დან ''7''-ის ჩათვლით, რომლებიც შედის — ბავშვის სათამაშოებში, პლასტმასის ჩანთებში, პროდუქტის შეფუთვებში, იოგურტის და მარგარინის შეფუთვებში და საჭმლის კონტეინერებში, გადამუშავდა ხუთ პროცენტზე ნაკლები სიჩქარით.
მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტებს ხშირად ეტიკეტზე აქვთ გადამუშავების სიმბოლო, პროდუქტები რომლებიც იყენებენ პლასტმასის ტიპს "3"-დან "7"-მდე, ვერ აკმაყოფილებენ ფედერალური სავაჭრო კომისიის კლასიფიკაციას და არ არიან გადამუშავებადი. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ ტიპის გადამუშავების საშუალებები მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუწვდომელია.
კვლევის თანახმად, არსებობს ხუთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც პლასტმასის გადამუშავება ''ჩავარდნილი კონცეფციაა''.
- პლასტმასის ნარჩენები წარმოიქნება ძალიან დიდი რაოდენობით და რთულია შეგროვება, რაც ნათელი გახდა როდესაც კვლევამ Keep America Beautiful-ის მოხალისეების დასუფთავების ''ტრიუკებს'' არაეფექტური უწოდა.
- მაშინაც კი, თუ ეს ყველაფერი შეგროვდება, შერეული პლასტმასის ნარჩენების ერთად გადამუშავება არ შეიძლება და ''შეუძლებელია ყოველწლიურად წარმოებული ტრილიონი პლასტმასის დახარისხება'', — ნათქვამია კვლევაში
- გადამუშავების პროცესი ეკოლოგიურად საზიანოა, მომუშავეები კონტაქტში შედიან ტოქსიკურ ქიმიკატებთან და წარმოქმნიან მიკროპლასტმასებს, რომლებიც აღმოჩენილი იქნა ადამიანების ფილტვებშიც.
- გადამუშავებულ პლასტმასასს აქვს ტოქსიკურობის რისკი რადგან შეგროვების დროს სხვადასხვა ტიპის პლასტმასები ერთად იყრიან თავს ურნაში და აბინძურებენ ერთმანეთს, რაც ხელს უშლის მას კვლავ გახდეს საკვები პროდუქტის შესაფუთად გამოსადეგი მასალა.
- გადამუშავების პროცესი ძალიან ძვირია.
რამსდენმა მოუწოდა კორპორაციებს მხარი დაუჭირონ პლასტმასის გლობალურ ხელშეკრულებას, რომლის შექმნაზეც, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრები შეთანხმდნენ თებერვალში. ამით ისინი უახლოვდებიან პლასტმასის შევსებისა და ხელახალი გამოყენების სტრატეგიებს.
''ეს რეალურად არ არის ახალი კონცეფცია — ასე იქცეოდა კოკა-კოლა. ის მომხმარებელს სასმელებს შუშის ბოთლში აწვდიდა, მომხმარებლები სვამდნენ თავიანთ სასმელს, აბრუნებდნენ შუშის ბოთლს, რასაც შემდეგ ასტერილიზებდნენ და ხელახლა იყენებდნენ'', — თქვა მან.
პლასტმასის გამოყენების შეზღუდვის კუთხით რამდენიმე ქვეყანა ლიდერობს, მათ შორის ინდოეთი, რომელმაც ცოტა ხნის წინ აკრძალა 19 პლასტმასის ნივთი. ავსტრიამ მიზნად დაისახა 2025 წლისთვის პლასტმასის 25 პროცენტის ხელახალი გამოყენება, პორტუგალიამ კი 2030 წლისთვის ამ მაჩვენებლის 30%-მდე გაზრდა დაისახა მიზნად. ჩილე აპირებს ეტაპობრივად გაუქმდეს ერთჯერადი დანა-ჩანგალი და სავალდებულო გახადოს გადამუშავებადი ბოთლები.
საქართველოშიც დიდი პრობლემაა პლასტმასის ნარჩენებთან და გადამუშავებასთან გამკლავება. ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის გეგმის მიხედვით, მთავრობის მიზანია, რომ 2025 წლისთვის ქვეყანაში წარმოებული ნარჩენების 50%, 2030 წლისთვის კი 80% გადამუშავდეს. თუმცა თუ მსოფლიოს მასშტაბით არსებულ პრაქტიკას გავითვალისწინებთ, ფაქტია, რომ ეს არარეალისტური მოლოდინია.
კომენტარები