მსოფლიო რეკორდი: ახალმა ჩიპმა წამში 1.84 პეტაბიტის მოცულობის მონაცემები გადასცა
მას 230 მილიონი ფოტოს ერთ წამში გადმოწერა შეუძლია...
უფრო და უფრო ძლიერი ინტერნეტი ყველა ჩვენგანის სურვილია და, შეიძლება, მის რეალიზაციასთან უფრო ახლოსაც მივედით. News Scientist-ის ცნობით, ერთადერთმა კომპიუტერულმა ჩიპმა 1.84 პეტაბიტის მოცულობის ინფორმაცია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის საშუალებით 1 წამში გადასცა!
230 მილიონი ფოტო ერთ წამში
კოპენჰაგენის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარ ასბიორნ არვად იორგენსენის ინიციატივის საშუალებით, 230 მილიონი ფოტოს სულ რაღაც ერთ წამში გადმოწერა გახდა შესაძლებელი.
კვლევაში ფოტონური ჩიპი გამოიყენეს. მიკროჩიპი, რომელიც ორ ან მეტ ფოტონურ კომპონენტს შეიცავს, რომლებიც მოქმედ სქემას ქმნიან. ეს ტექნოლოგია სხივის გენერირებისა და გადაცემის საშუალებით მონაცემთა ნაკადს ყოფს ათასობით ცალკეულ არხად და გადასცემს ერთბაშად 7.9 კილომეტრზე.
"თავდაპირველად, გუნდმა მონაცემთა ნაკადი 37 სექციად დაყო, რომელთაგან თითოეულიც ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის ცალკეულ ბირთვში გაეშვა. შემდეგ, თითოეული ამ არხთაგან დაიყო 223 ფრაგმენტად, რომლებიც ელექტრომაგნიტური სპექტრის ცალკეულ ნაწილებში არსებობდნენ. თანაბრად დაშორებული სინათლის ნაპერწკლების ამ "სიხშირის სავარცხელმა" შესაძლებელი გახადა სხვადასხვა ფერში ინფორმაციის ერთდროულად გადაცემა ისე, რომ მათ ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონდათ, რამაც თითოეული ბირთვის ტევადობა ძალიან გაზარდა", — განაცხადა მეცნიერმა.
წარსულში წამში 10.66 პეტაბიტის მოცულობის ინფორმაციის გადაცემაც გვინახავს, თუმცა ამგვარი მცდელობებში არაეფექტური და არაპრაქტიკული საშუალებები მონაწილეობდა. ზემოხსენებულმა კვლევამ კი დაამყარა რეკორდი ერთადერთი წყაროს საშუალებით გადაცემული ინფორმაციის სახით.
ტექნოლოგიამ, შესაძლოა, ენერგიის ხარჯები მნიშვნელოვნად შეამციროს, რის პარალელურადაც გაზარდოს გამტარუნარიანობა.
ექსპერიმენტში გამოყენებული იყო მონაცემების რაოდენობა, რომლის ამ დროში მიღებისა და გადაწოდების ძალაც დღეს არსებულ არც ერთ კომპიუტერს აქვს.
"შეიძლება ითქვას, მსოფლიოს საშუალო ინტერნეტ ტრაფიკი წამში ერთ პეტაბიტს შეადგენს, ჩვენ მიერ გატარებულზე ორჯერ ნაკლებს. წარმოუდგენლად დიდია რაოდენობა მონაცემისა, რომელსაც ჩვენ კვადრატულ მილიმეტრზე მცირე ზომის კაბელში ვატარებთ. ეს აჩვენებს, რომ ჩვენ დღევანდელზე ბევრად შორს შეგვიძლია წავიდეთ", — განაცხადა იორგენსენმა.
ჩიპზე მუშაობა საბოლოოდ დასრულებული არ არის. მას ჯერ კიდევ სჭირდება ლაზერი და გამომავალ არხებში ინფორმაციის კოდირებისათვის აუცილებელი მოწყობილობები, თუმცა იორგენსენის მტკიცებით, ამ ელემენტთაგან ორივეს თავად ჩიპშივე ინტეგრირებაა შესაძლებელი. ეს დაახლოებით ასანთის კოლოფის ზომის მოწყობილობა იქნება, რაც მას ყოველდღიური გამოყენებისათვის ძალიან პრაქტიკულად აქცევს. იორგენსენმა დაამატა, რომ მისი გუნდის ახალ მოწყობილობას შეუძლია გადასცეს იმავე რაოდენობის ინფორმაცია, რაც მასზე 8251-ჯერ დიდ მოწყობილობებს შეუძლიათ.
წარმატების შემთხვევაში გამოგონებას ჩვენ მიერ მონაცემების გამოყენებისა და კომპიუტერულ მეცნიერებებთან დაკავშირებული ამოცანების შესრულების ხასიათის სამუდამოდ შეცვლა შეუძლია.
კომენტარები