კოღოებს მაგნიტივით იზიდავთ? — ამას თქვენი სუნი განაპირობებს
თუკი კოღოები ყველაზე ხშირად გკბენენ და სამყაროსადმი უსამართლობის შეგრძნება გიჩნდებათ, უნდა გითხრათ, რომ ეს თქვენი სუნის გამო ხდება.
ზოგიერთი ადამიანი კოღოებს მაგნიტივით იზიდავს, გამოყოფს რა ქიმიკატების კომბინაციას, რომელიც ამ მწერებს "სასადილოდ უხმობს".
ნიუ-იორკის როკფელერის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ გარკვეული მჟავების მაღალი დონე კანზე, 100-ჯერ უფრო მიმზიდველნი არიან მდედრი Aedes aegypti-სთვის — კოღოების ტიპი, რომელიც პასუხისმგებელია ისეთი დაავადებების გავრცელებაზე, როგორებიცაა: დენგე, ჩიკუნგუნია, ყვითელი ცხელება და ზიკა.
დასკვნებმა, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა ჟურნალ Cell-ში, შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი პროდუქტების შემუშავებას, რომლებსაც შეუძლია, შენიღბოს ან შეცვალოს ადამიანის გარკვეული სუნი, რაც ართულებს კოღოებისთვის ადამიანის სისხლის პოვნას და პოტენციურად აფერხებს დაავადების გავრცელებას.
კოღოებით გამოწვეული დაავადებები ყოველწლიურად დაახლოებით 700 მილიონ ადამიანზე მოქმედებს და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი გაიზრდება გლობალური ტემპერატურის მატებასთან ერთად.
ლესლი ვოშალის, ჰოვარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტის მთავარი სამეცნიერო ოფიცერისა და ახალი კვლევის წამყვანი ავტორის მიხედვით, კოღოებს ჩვენს ადგილმდებარეობას მხოლოდ სუნთქვითაც კი ვამცნობთ. მდედრობითი სქესის კოღოები ნაკბენიდან სისხლის მისაღებად არიან შექმნილები, რადგან მის გარეშე მათ არ ექნებათ საკმარისი ცილა რეპროდუცირებისთვის.
"ამას ისე უნდა შეხედოთ, როგორც ცილის დიდ კოქტეილს", — თქვა ვოშალმა. "მათთვის ეს არის გზა, რომ ერთი წუთის განმავლობაში მიიღონ 68 კგ საკვების ექვივალენტი და შემდეგ გამოიყენონ ეს კვერცხების წარმოებისთვის."
მეცნიერებმა კარგა ხანია იციან, რომ ამ პროცესისას კოღოები ზოგიერთ ადამიანს მეტ უპირატესობას ანიჭებენ, თუმცა ზუსტი მიზეზი აქამდე გაურკვეველი იყო.
ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, როგორც ჩანს, უფრო მიმზიდველები ხდებიან კოღოებისთვის, როდესაც ისინი ორსულად არიან ან დალევენ რამდენიმე კათხა ლუდს, რამაც მეცნიერები დააფიქრა იმაზე, არიან თუ არა კოღოები კონკრეტული სუნების მიმართ მეტად სენსიტიურები.
ვოშალმა მიზნად დაისახა, გაერკვია, რატომ აქვს ზოგიერთ ადამიანს A. aegypti კოღოსთვის მიმზიდველი სუნი. საბედნიეროდ, ექსპერიმენტის სისრულეში მოსაყვანად კოღოებით სავსე ოთახში ჯდომა არავის დასჭირვებია. ამის ნაცვლად, მათ მკლავებზე ნეილონის წინდების ტარებით, მკვლევრებმა შეაგროვეს ადამიანების კანის ბუნებრივი სუნი. მათ წინდები დაჭრეს ორ დუიმიან ნაჭრებად და მოათავსეს ქსოვილის ორი ნაჭერი ორი ცალკეული კარის უკან გამჭვირვალე პლასტმასის ყუთში, სადაც ათობით კოღო დაფრინავდა. შემდეგ მკვლევრებმა გახსნეს ხაფანგები, რომ მწერებს აერჩიათ სატყუარა — წინდები — პირველი ან მეორე კარის უკან.
როგორც აღმოჩნდა, კოღოები ყველაზე ხშირად ირჩევდნენ "სუბიექტ 33-ს". კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, როგორიცაა სუბიექტი 33, რომლებსაც კანზე აქვთ კარბოქსილის მჟავების უფრო მაღალი დონე, უფრო მეტად არიან "კოღოს მაგნიტები".
ყველა ადამიანი წარმოქმნის კარბოქსილის მჟავას კანის ცხიმის, ცვილისებრი საფარის მეშვეობით. ცხიმს შემდეგ მილიონობით სასარგებლო მიკროორგანიზმი ჭამს, რომლებიც ჩვენს კანზე მეტ კარბოქსილის მჟავას გამოიმუშავებს. უხვი რაოდენობით მჟავას შეუძლია წარმოქმნას სუნი, რომელიც ყველის სუნს მოგვაგონებს. როგორც ჩანს, ეს სუნი იზიდავს მდედრ კოღოებს, რომლებიც ნადირობენ ადამიანის სისხლზე.
აღსანიშნავია, რომ კვლევაში გამოყენებულ ნეილონის წინდებს ოფლის სუნი ნამდვილად არ ჰქონდა. კოღოები წარმოუდგენლად მგრძნობიარეები არიან ადამიანის სუნის მიმართ, ამიტომ სუნამო ან ოდეკოლონი ბუნებრივ სუნს ვერ გადაფარავს. ექსპერიმენტი სამი წლის განმავლობაში ტარდებოდა და კოღოები მიზიდულობას ავლენდნენ იმავე ადამიანების მიმართ, მიუხედავად იმისა, რას ჭამდნენ ისინი იმ დღეს ან შეცვალეს თუ არა შამპუნი.
"თუკი დღეს კოღოების მაგნიტი ხართ, სამი წლის შემდეგაც ასე იქნება", — დასძინა ვოშალმა.
კვლევას არ უპასუხია კითხვაზე, თუ რატომ აქვს ზოგიერთ ადამიანს უფრო მეტი კარბოქსილის მჟავა კანზე, მაგრამ ვოშალმა აღნიშნა, რომ კანის მიკრობიომის შემადგენლობა უნიკალურია ყველა ინდივიდში და შეიძლება სწორედ ეს განაპირობებდეს კოღოების მიზიდულობის მაჩვენებელს.
ლ.ჯ. ცვიბელის, ვანდერბილტის უნივერსიტეტის პროფესორის, მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კარბოქსილის მჟავები აშკარად იყო გამოხატული კვლევაში, არ არსებობს ერთი ნაერთი, რომელიც იზიდავს კოღოებს. ეს, ალბათ, სხვადასხვა კომპონენტისგან შემდგარი "კოქტეილია", რომელიც კოღოს მწვანე შუქს უნთებს. ცვიბელის თქმით, მან, ვისაც კოღების მიზიდულობის შემცირება სურს, ხშირად უნდა დაიბანოს, განსაკუთრებით, ფეხები, რათა შეამციროს ყველა ნაერთი, რომელიც ამ მწერებს იზიდავს.
ვოშალის თქმით, შემდეგი კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ შეგვიძლია კანითა და, პოტენციურად, იქ მცხოვრები ბაქტერიების სუნით "მანიპულირება". მაგალითად, მეცნიერებს შეუძლიათ, შექმნან პრობიოტიკური კანის კრემი, რომელიც ხელს უშლის ან ამცირებს გარკვეული ბიოპროდუქტების დონეს, რამაც შეიძლება ადამიანი ნაკლებად მიმზიდველი გახადოს კოღოებისთვის.
ასევე იხილეთ: სიცივის ეფექტი: სად მიდიან კოღოები, როცა აღარ გვკბენენ
კომენტარები