შემაძრწუნებელი მომავალი თუ შესაძლებლობა — რეალური "მკვლელი რობოტები" უკვე აქ არიან
ჰოლივუდური წარმოდგენებისგან განსხვავებული მკვლელი მანქანები უკრაინასა და მთიან ყარაბახში უკვე ვიხილეთ
თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ჰოლივუდს მომავლის წინასწარმეტყველება კარგად გამოსდის. მართლაც, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ტექნიკური მომსახურების ოფისის ხელმძღვანელმა, რობერტ უოლესმა, გაიხსენა, როგორ უყურებდნენ რუსი აგენტები ჯეიმს ბონდის ყოველ ახალ ფილმს, რათა წარმოდგენა შეექმნათ ტექნოლოგიებზე, რომელიც მომავალში მათ წინააღმდეგ შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული. შესაბამისად, ჰოლივუდის გატაცება მკვლელი რობოტებით სულაც არ არის ახალი.
რეალური მკვლელი რობოტები
მიუხედავად იმისა, რომ მკვლელმა რობოტებმა პოპულარულ კულტურაში უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრეს ადგილი, რეალობასთან მათი მიახლოება მაინც პრობლემაა. ფრიც ლანგის "მეტროპოლისით" დაწყებულ, ართურ კლარკისა და სტენლი კუბრიკის HAL 9000-ითა ("2001: კოსმოსური ოდისეა") და ჯეიმზ კამერონის ტერმინატორ T-800-ით გაგრძელებულ ამ ტრენდს სხვადასხვა კინოსტუდია დღემდე წარმატებით მიჰყვება. მაგალითად, APPLE TV+ ახლო მომავალში შემოგვთავაზებს სასამართლო დრამას სექს-რობოტზე (ვერც ჩვენ წარმოვიდგენდით), სახელწოდებით "დოლი", რომელიც მფლობელის მკვლელობაშია ბრალდებული (ფილმი დაფუძნებული იქნება ელიზაბეთ ბეარის ამავე სახელწოდების მოთხრობაზე).
მიუხედავად ამისა, რეალურ მკვლელ რობოტებს ჩამოთვლილთაგან ვერც ერთ კინოსურათში ვხვდებით.
მკვლელი რობოტები არ იქნებიან ანთროპომორფული, მგრძნობიარე ჰუმანოიდები ბოროტი განზრახვებით. შეიძლება, სიუჟეტის დრამატულობისა და გაყიდვებისათვის ეს სასარგებლოა, თუმცა ასეთ ტექნოლოგიებს, სავარაუდოდ, დეკადები ან საუკუნეები გვაშორებს. მეტიც, მიუხედავად ბოლოდროინდელი შიშებისა, შესაძლოა, რობოტი მგრძნობიარე არც არასდროს გახდეს.
ტექნოლოგიები, რომლებზეც ამჟამად უნდა ვდარდობდეთ, ბევრად მარტივია და ბრძოლის ველზე დღესაც ვხვდებით უკრაინისა და მთიანი ყარაბახის კონფლიქტებში.
შეცვლილი ომი
ფილმები, რომლებშიც შედარებით მარტივ შეიარაღებულ დრონებს ვხვდებით, მაგალითად "ანგელოზის დაცემა" (2019) და "თვალები ცაში" (2015), მკვლელი რობოტების რეალობასთან უფრო ახლოს მიდიან. სატელევიზიო სიახლეებში თითქმის ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს, თუ როგორ ცვლის სამხედრო საქმეს ავტონომიური დრონების, ტანკების, გემებისა და წყალქვეშა ნავების გამოყენება. ეს რობოტები სულ ოდნავ კომპლექსურები არიან ვიდრე ისინი, რომელთა შეძენაც ტექნიკის მაღაზიებში ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია. მიუხედავად ამისა, იდენტიფიცირებას, თვალთვალსა და სამიზნის განადგურებას ადამიანები მათ ალგორითმს უფრო და უფრო ხშირად ანდობენ.
ამ ტენდენციას მსოფლიო სახიფათო წერტილისკენ მიჰყავს, სადაც მორალური, იურიდიული და ტექნიკური პრობლემები იცდიან. ასეთი იარაღი ისედაც საკმაოდ დაძაბულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე ზეწოლას უფრო აძლიერებს. მაგალითად, თურქეთი სამხედრო დრონების კუთხით დღითიდღე უფრო დიდ ძალად ყალიბდება.
თუ სიტუაციას აპოკალიფსურად შევხედავთ, საშინელ მომავალში უმართავი მანქანები თავად გადაწყვეტენ, ვინ იცოცხლოს და ვინ მოკვდეს. რობოტების მწარმოებლები მომავლის ასეთ ხედვას ეწინააღმდეგებიან.
შეუიარაღებლობის პირობა
ოქტომბრის დასაწყისში რობოტიკის 6-მა წამყვანმა კომპანიამ პირობა დადო, რომ არასდროს შეაიარაღებენ რობოტებს. ამ კომპანიებს შორის იყო Boston Dynamics, რომელიც პოპულარულ ჰუმანოიდ რობოტ Atlas-ს აწარმოებს, რომელსაც რთული აკრობატული ტრიუკების შესრულება შეუძლია.
Boston Dynamics-ს ეკუთვნის რობოტი-ძაღლიც, რომელიც თითქოს სერიალ "შავი სარკიდან" გადმოვიდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რობოტიკის კომპანიებმა შემაშფოთებელ მომავალზე ხმამაღლა ისაუბრეს.
ხუთი წლის წინ ილონ მასკმა და AI კომპანიების 100-ზე მეტმა სხვა დამაარსებელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ღია წერილით მიმართა, სადაც მკვლელი რობოტების გამოყენების რეგულირებას სთხოვდა.
თუმცა, ფაქტი რომ რობოტიკის წამყვანმა კომპანიებმა მსგავსი პირობა დადეს, უბრალოდ კეთილი ნების გამოხატვაა და ქმედითი არაფერი, რადგან, მაგალითად, Boston Dynamics-ისგან დამოუკიდებლად, მესამე პირებმა რობოტი-ძაღლის შეიარაღება მაინც შეძლეს.
ამ სახით მოდიფიცირებული რობოტების წარმატებული გამოყენების მაგალითი 2020 წელს ვიხილეთ, როცა რობოტიზებული ტყვიამფრქვევით ირანის ატომური პროექტის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი მოკლეს.
კოლექტიური ქმედება სამომავლო უსაფრთხოებისთვის
ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება თავი დავიცვათ შემაძრწუნებელი მომავლისგან, კოლექტიური მოქმედებაა, როგორც ეს ქიმიური, ბიოლოგიური და ატომური იარაღის შემთხვევაში მოხდა.
ისევე როგორც ჩამოთვლილ შემთხვევებში, იდეალური არც ეს რეგულაციები იქნება, თუმცა აღკვეთს იარაღის მწარმოებლების მიერ მსგავსი შეიარაღების გაყიდვასა გავრცელებას.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, გამოიკვლიოს ახალი ავტონომიური ტექნოლოგიების გავლენა ადამიანის უფლებებზე.
რამდენიმე ათეულმა სახელმწიფომ უკვე მოუწოდა გაეროს მკვლელი რობოტების რეგულირებისკენ. ევროპის პარლამენტი, აფრიკის კავშირი, გაეროს გენერალური მდივანი, ნობელის პრემიის ლაურეატები, ეკლესიის ლიდერები, პოლიტიკოსები და ათასობით AI-სა და რობოტიკის მკვლევრები ასევე ამ იდეის დამცველთა რიგებში არიან.
მართალია, ჰოლივუდური, სრულყოფილი რობოტები ჯერ კიდევ ძალიან შორეულ მომავალში არიან, თუმცა, ფაქტია, ის ტექნოლოგიებიც კი, რომელსაც კაცობრიობამ უკვე მიაღწია, დაურეგულირებელი გამოყენების შემთხვევაში, საფრთხისშემცველია. თუ საერთაშორისო საზოგადოება ზომებს დროულად არ მიიღებს, არასასიამოვნო რეალობის წინაშე ოდესმე აუცილებლად დავდგებით.
კომენტარები