შესაძლოა, რუსეთი "მკვლელ რობოტებს" იყენებდეს — ეს ომში ხელოვნური ინტელექტის ჩართვის შიშს იწვევს
ბოლო დღეებია Telegram-სა და Twitter-ზე ფოტოები ვრცელდება, რომელზეც ჩამოგდებული დრონია გამოსახული. Wired-ის ცნობით, ეს KUB-BLA-ა, პატარა ლეტალური დრონი, რომელსაც რუსული სამხედრო კომპანია კალაშნიკოვის შვილობილი ZALA Aero ყიდის. ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, დრონი ხელოვნურ ინტელექტს იყენებს იმისათვის, რომ სამიზნე ამოიცნოს.
ფოტოების გავრცელების პარალელურად ექსპერტებში გარკვეული შიშები ჩნდება. მათი თქმით, ისეთი მკვლელი რობოტების გამოყენება, როგორიც ეს კონკრეტულია, იარაღთან დაკავშირებული საერთაშორისო კანონების დარღვევაა. მისი გამოყენება ბრძოლის ველზე დაუშვებელია.
უფრო კონკრეტულად, ეს შეიძლება იყოს შემთხვევა, როცა ალგორითმს მისცეს პასუხისმგებლობა, საომარი მოქმედებებისას მიიღოს გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მოკლას და ვინ არა.
"მკვლელი რობოტის გაგება, ანუ ტექნოლოგია, რომლის ფარგლებშიც ხელოვნური ინტელექტი შერწყმულია იარაღთან, აქ არის და ის გამოიყენება", — განუცხადა Wired-ს ზაქარი კალენბორნმა, ტერორიზმის შესწავლისა და ტერორიზმზე რეაგირების ეროვნული კონსორციუმის მკვლევარმა.
პატარა დრონი, სახელად KUB-BLA პორტატული გამშვებიდან ეშვება და 128 კილომეტრი საათში სიჩქარით, 30 წუთის განმავლობაში შეუძლია გადაადგილება. ის შექმნილია იმისათვის, რომ სამიზნეს შეეჯახოს მაშინ, როცა 2.7 კილოგრამის ოდენობის ასაფეთქებელს ატარებს.
უკრაინის მთავრობა ჯერ არ ადასტურებს, იყენებს თუ არა რუსეთი KUB-BLA დრონებს უკრაინული ქალაქების ნაწილზე თავდასხმისას. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ როგორც კალენბორნი ამბობს, ძალიან რთულია იმის დანამდვილებით თქმა, უკრაინულ ქალაქებზე თავდასხმისას, იყენებს თუ არა დრონი AI-ის (ხელოვნურ ინტელექტს) სამიზნემდე მისაღწევად, რადგან არსებობს მეორე ვარიანტიც — შესაძლოა ეს დრონები რუსი ოპერატორების მიერ, დისტანციურად იყოს კონტროლირებული. ჩვენ ვიცით, რომ ამ უკანასკნელს უკრაინული მხარე წარმატებით ახერხებს, დისტანციურად მართვადი დრონების — ბაირაქტარების გამოყენების გზით.
ასე რომ, ჯერჯერობით, ზუსტად ვერ ვიტყვით, ვართ თუ არა იმ დღის მომსწრენი, როცა ადამიანებმა საომარ მოქმედებებში ხელოვნური ინტელექტი ჩავრთეთ. თან ეს რუსული ალგორითმი შეიძლება იყოს... იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს ასე არ არის.
კომენტარები