ებოლას მორიგი აფეთქება მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დაიწყო, როცა 24 წლის კაცი, რომელსაც მაღალი სიცხე და კრუნჩხვები აწუხებდა, გადაიყვანეს მუბენდეს რეგიონალურ რეფერალურ ჰოსპიტალში, უგანდაში. მას თვალებში სისხლდენა, სისხლიანი ღებინება და დიარეა აღენიშნებოდა. კაცი 19 სექტემბერს დაიღუპა. მეორე დღეს ლაბორატორიულმა ტესტებმა დაადასტურა მასზე მზრუნველების ყველაზე დიდი შიში: ებოლა დაბრუნდა.

ამჯერად ეს აფეთქება განსხვავებულია. ებოლა ვირუსია, რომლის ყველაზე გავრცელებული სახეობებისთვის უკვე შემუშავებულია წარმატებული ვაქცინები, მაგრამ სხვებისთვის ვაქცინა არ არსებობს. მუბენდეში აღმოჩენილი ვირუსის ვერსია სუდანის სახეობიდან იყო, რომლის ვაქცინაც ამ ეტაპზე არ გვაქვს.

რეგიონში ებოლათი დაღუპვის სხვა შემთხვევებიც დაფიქსირდა. აღნიშნული პაციენტის ოჯახიდან ექვსი ადამიანი, სამი ზრდასრული და სამი ბავშვი, ასევე დაიღუპა 11-დან 15 სექტემბრამდე. უგანდას ჯანდაცვის სამინისტრომ გაგზავნა სწრაფი რეაგირების ჯგუფი მუბენდეს რაიონის დაზარალებულ სოფლებში, რათა შეეგროვებინათ ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის სიკვდილიანობის სავარაუდო მიზეზის შესახებ, რადგან ფიზიკური გაკვეთის ჩატარების შემთხვევაში ინფექციის გავრცელების რისკი ძალიან მაღალი იქნებოდა.

16 ოქტომბრისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ დააფიქსირა ებოლას 60 დადასტურებული შემთხვევა. საერთო ჯამში, დადასტურებულია 24 გამოჯანმრთელება და 24 სიკვდილი. ის ფაქტი, რომ იმდენივე ადამიანი დაიღუპა, რამდენიც გამოჯანმრთელდა, გასაოცარია, მაგრამ გასაკვირი არ არის. ებოლა იშვიათი, მაგრამ უაღრესად საშიში ვირუსული დაავადებაა, რომელიც კლავს დაავადებული ადამიანების დაახლოებით 50%-ს. ვირუსის ბუნებრივ მასპინძლად ხეხილის ღამურები ითვლება, მაგრამ მას ასევე შეუძლია დააინფიციროს პრიმატები, მღრღნელები და ადამიანები. იგი ვრცელდება ინფიცირებული ცხოველების ან ადამიანების, ცოცხალისა თუ მკვდრის, სხეულის სითხეებით.

2013-2016 წლებში ებოლას აფეთქებისას 28 000 ადამიანი დაინფიცირდა და 11 000-ზე მეტი დაიღუპა. ამ ეპიდემიის დროს, ვირუსის ყველაზე გავრცელებული ფორმის — ზაირის სახეობის — ექსპერიმენტული ვაქცინები დაიტესტა. ისინი კარგად მუშაობდა, დამტკიცდა და გამოიყენებოდა ხალხის დასაცავად. მაგრამ ებოლას მსგავსი იშვიათი ვირუსებისთვის ვაქცინების შემუშავება ყოველთვის კატა-თაგვობანას თამაშს ჰგავს. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სუდანის ვირუსმა გამოიწვია მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა. ამ ვირუსის სამიზნე ვაქცინებზე მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ არცერთი არ არის სრულად ტესტირებული, არათუ დასრულებული.