მეცნიერებმა დინოზავრების "მუმიები" აღმოაჩინეს — რასთან გვაქვს საქმე
2022 წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, "მუმიფიცირებული" დინოზავრები იშვიათობას არ წარმოადგენს, რაც გამოშრობისა და დეფლაციის პროცესით აიხსნება.
ტერმინი "მუმია" ხშირად გამოიყენება გაქვავებული კანის მქონე დინოზავრის ნამარხების აღსაწერად, რომლებიც შედარებით იშვიათია. როგორც წესი, ვარაუდობენ, რომ ასეთი ნამარხები წარმოიქმნება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და რომ გვამი დაცული უნდა იყოს გაფუჭებისა და დაშლისგან სწრაფი დამარხვით და/ან გამოშრობით, რათა კანი გაქვავდეს. ამ კვლევაში დრუმჰელერი და მისი კოლეგები აერთიანებენ ნამარხის მტკიცებულებებსა და დაკვირვებებს თანამედროვე ცხოველთა გვამებზე, რათა ახლებურად ახსნან, თუ როგორ შეიძლება წარმოიქმნას ასეთი "მუმიები".
მეცნიერებმა გამოიკვლიეს დინოზავრის, კერძოდ, ედმონტოზავრის (Edmontosaurus), ნამარხი, რომელიც ინახავს გამომშრალი და, ერთი შეხედვით, დაცარიელებული კანის დიდ ნაწილებს კიდურებსა და კუდზე. მათ აღმოაჩინეს მტაცებლების ნაკბენის ნიშნები დინოზავრის კანზე. ეს არის ნამარხი დინოზავრის კანზე მოუშუშებელი დაზიანების პირველი მაგალითები და, უფრო მეტიც, ეს იმის მტკიცებულებაა, რომ დინოზავრის გვამი არ იყო დაცული ლეშის მჭამელებისგან, მაგრამ ის მაინც მუმიად იქცა.
ცნობილია, რომ თანამედროვე ცხოველების გვამები ხშირად ცარიელდება, რადგან ლეშისმჭამელი ცხოველები და რედუცენტები მიზანში იღებენ შიდა ქსოვილებს და ტოვებენ მხოლოდ კანსა და ძვლებს. ავტორები ვარაუდობენ, რომ ამ დინოზავრის კანის დაზიანება არასრული გამოშიგვნის შედეგად დაუცველს დატოვებდა მის შიგნეულს და წარმოშობდა იმავე პროცესს, რის შემდეგაც კანი და ძვლები ნელ-ნელა გამოშრებოდა და დაიმარხებოდა.
კლინტ ბოიდი, ჩრდილოეთ დაკოტას გეოლოგიური კვლევის უფროსი პალეონტოლოგი, დასძენს: "დაკოტამ არა მხოლოდ გვასწავლა, რომ გამძლე რბილი ქსოვილები, როგორიცაა კანი, შეიძლება შენარჩუნდეს ნაწილობრივ გაცვეთილ ცხედრებზე, არამედ ამ რბილ ქსოვილებს შეუძლიათ, აგრეთვე უზრუნველყონ ინფორმაციის უნიკალური წყარო სხვა ცხოველებზე, რომლებიც სიკვდილის შემდეგ ურთიერთობდნენ გვამთან."
ეს პროცესი, რომელსაც ავტორები "გამოშრობასა და დეფლაციას" უწოდებენ, გავრცელებულია თანამედროვე გვამებში და ხსნის, თუ როგორ შეიძლება წარმოიქმნას დინოზავრის მუმიები შედარებით ჩვეულებრივ პირობებში. ავტორები ხაზს უსვამენ, რომ არსებობს მრავალი გზა, რომლითაც დინოზავრის მუმია შეიძლება განვითარდეს. ამ მექანიზმების ცოდნა დაგვეხმარება, გავიგოთ, თუ როგორ აგროვებენ და ინტერპრეტირებენ პალეონტოლოგები ასეთ იშვიათ და ინფორმაციულ ნამარხებს.
კომენტარები