ვინ გაიმარჯვა საქართველოდან NASA Space Apps Challenge 2022-ზე
2012 წლიდან დღემდე, ყოველი წლის ოქტომბერს NASA-ის უდიდესი ჰაკათონი — NASA Space Apps Challenge ტარდება, რომელიც მსოფლიოს 300-მდე ქალაქში სხვადასხვა პროფესიის კოსმოსის ენთუზიასტებს უყრის თავს. ჰაკათონი ყოველწლიურად ათობით ათას მონაწილეს მასპინძლობს, რომლებიც გუნდებად ერთიანდებიან და ცდილობენ, დედამიწისა და კოსმოსის უდიდეს გამოწვევებს პრაქტიკული გადაჭრა სულ რაღაც 48 საათში მოუძებნონ. ჰაკათონის მთავარი მიზანი NASA-ის მიერ ათეულობით წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების გამოყენება და განათლების ხელშეწყობაა.
NASA Space Apps Challenge Tbilisi & Kutaisi 2022, რომელიც საქართველოში სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა, 30 სექტემბერს თბილისის ტექნოპარკში გაიხსნა, ხოლო 1-2 ოქტომბერს კი ღონისძიებამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გადაინაცვლა. თბილისში ჰაკათონი NASA Space Apps Challenge Abastumani 2019-ის გამარჯვებულმა მარიამ ალბექიონმა და მეცნიერებისა და განათლების მხარდეჭერის ფონდ NOVA-ის დამფუძნებელმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, რამაზ ბლუაშვილმა გახსნეს.
ღონისძიებაში სულ 100 ადამიანი და 19 გუნდი მონაწილეობდა. უნივერსიტეტის რექტორის, ალექსანდრე თევზაძისა და ფონდი ქართუს პროექტ დირექტორის, ვახტანგ ცაგარელის გამოსვლების შემდეგ მონაწილეებს არაერთ საინტერესო და ინსპირაციულ ვორქშოფზე დასწრების საშუალება ჰქონდათ. მათ შორის იყო საქართველოს ბანკის მონაცემთა მეცნიერის, დავით ბულისკერიას ვორქშოფი მონაცემთა მეცნიერების საფუძვლების შესახებ, Apeople-ის UI დიზაინერის, ნიკა ოსიპოვის ვორქშოფი UI/UX დიზაინის შესახებ და ა.შ. ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი დავით ნოზაძისა და სანდრო შუღლაძის ასტროფოტოგრაფიის ვორქშოფი იყო.
დარჩენილ დროს მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, საერთო ინტერესების ადამიანები მოეძებნათ, გუნდებად გაერთიანებულიყვნენ და სტარტაპ იდეაზე დაეწყოთ ფიქრი. აღსანიშნავია, რომ მათ ჟიურის მიერ უკვე შერჩეულ გამოწვევებზე უნდა ემუშავათ. მათ შორის იყო კოსმოსური ბიოლოგიური სუპერგმირის შექმნა, სამეცნიერო მემკვიდრეობის შენარჩუნება NASA-ის მონაცემთა ბაზების გამოყენებით, პარკერის მზის ზონდის მიერ მოპოვებული მონაცემების კრეატიული დემონსტრაცია, მთვარეზე მიწისძვრების რუკის შექმნა და ა.შ.
ასევე იხილეთ: როგორ გავხადოთ კოსმოსური სტარტაპი წარმატებული — ინტერვიუ კაპიტან სტივენ რეკისთან
ჰაკათონის მეორე დღეს მონაწილეები ჟიურის წინაშე საკუთარი პროექტების მოკლე პრეზენტაციებით წარდგნენ, რის საფუძველზეც ჟიურიმ ორი გამარჯვებული გამოავლინა.
პირველ ადგილზე წელს TON 618 გუნდის პროექტი NASearch გავიდა, რომელმაც მთავარ გამოწვევად NASA-ის მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის მოძიების გამარტივება დაისახა. ნასერჩი აპლიკაციაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სპამებს, სასვენ ნიშნებსა და უმნიშვნელო სიტყვებს გაფილტრავს, ჩაატარებს ანალიზს და დაინტერესებულ ადამიანებს NASA-ის უსასრულო ბაზებში კონკრეტული ინფორმაციის მოპოვების პროცესს გაუმარტივებს.
გუნდი 5 000 ლარით დაჯილდოვდა და შემდეგ ეტაპზე საკუთარ იდეას NASA Space Apps Challenge-ის გლობალურ შეჯიბრზე წარადგენს.
მეორე ადგილზე გუნდი IGN გავიდა, რომელმაც პარკერის მზის ზონდზე ცნობიერების ასამაღლებლად კომიქსი შექმნა. სახალისო კომიქსში მთავარ როლში, ცალსახად, პარკერის მზის ზონდია, რომელიც დედამიწიდან ჩვენი სისტემის ვარსკვლავისკენ მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესაგროვებლად მიიწევს და გზად სხვადასხვა სირთულეებს გადალახავს.
სპეციალური პრიზები მოიპოვა კიდევ ორმა გუნდმა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რჩეული პროექტი Space T-rex გახდა, რომლის მთავარი მიზანი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. Edison-ის რჩეულის, How Dare You-ის შთაგონების წყარო კი კლიმატის ცვლილება და გრეტა ტუნბერგის ეს ფრაზა იყო.
ჰაკათონის მთავარი პარტნიორები ორიენტ ლოჯიკი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იყვნენ. მთავარ მხარდამჭერებს შორის იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის სამხრეთ კავკასიაში, ბილაინი, ნოქსტონი, ედისონი, DataFest Tbilisi და მედია ლაბი.
NASA Space Apps Challenge მომავალ წელსაც გაიმართება და მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, იპოვონ თანამოაზრეები და რეალური სამყაროს პრობლემები ნასას რესურსების გამოყენებით გადაჭრან. მანამდე კი ველოდებით, რა შედეგებს აჩვენებენ გამარჯვებული გუნდები NASA Space Apps Challenge-ის გლობალურ შეჯიბრზე. მიიქცევს თუ არა ქართველი ახალგაზრდების იდეები და პროექტები NASA-ს მეცნიერების ყურადღბას — ამას მალე გავიგებთ.
კომენტარები