არაფსიქოდელიური კეტამინი? — ახალ ნაერთს ანტიდეპრესანტების ეფექტი აქვს
მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების უმეტესობა იწვევს დამოკიდებულებას, ისინი შეიძლება ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენეობოდეს — მაგალითად დეპრესიის, შფოთვისა და ADHD-ის.
Yale-ის, Duke-ისა და Stanford-ის მკვლევრები მუშაობენ არაფსიქოდელიურ ნაერთზე, რომელსაც ანტიდეპრესანტული ეფექტი ექნება. კვლევის მიზანია ადამიანები წამლების მიმართ დამოკიდებულებისგან დაიცვან.
Nature-ში გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ შესაძლებელია შემუშავდეს ნივთიერება, რომელიც უშუალოდ მიზნად იღებს 5-HT2A სეროტონინის რეცეპტორებს კონკრეტული ნეირონების ზედაპირზე. ეს იგივე სამიზნეა, რომელზეც ფსიქოდელიური მედიკამენტები გადიან, მაგრამ იგივე ფსიქოდელიური ეფექტების წარმოქმნის გარეშე.
"ჩვენ ძალიან გაგვიკვირდა, როდესაც ვნახეთ, რომ ნაერთს იგივე ანტიდეპრესანტული აქტივობა შეენიშნებოდა, როგორც ეს კეტამინისა და ფსილოციბინის შემთხვევაშია. თუმცა, ყველანაირი ფსიქოდელიური ეფექტის გარეშე. ჩვენ ვატარებდით ქიმიურ ექსპერიმენტს, რათა გვენახა, შეგვეძლო თუ არა შეგვექმნა ნაერთი 5-HT2A-ს გასააქტიურებლად", — თქვა კვლევის თანაავტორმა, დოქტორ ბრაიან ლ. როტმა.
როტის თქმით, მან ჯერ არ იცის როგორი ეფექტი ექნება პრეპარატს ადამიანებზე. თუმცა, იმედი აქვს, რომ მალე ამასაც გამოცდიან. წარმატების შემთხვევაში ეს ყველაფერს შეცვლის და დეპრესიისა თუ შფოთვის მკურნალობა საგრძნობლად გამარტივდება.
გავიგოთ მეტი 5-HT2A რეცეპტორის შესახებ
5-HT2A არის G ცილასთან დაწყვილებული რეცეპტორი, რომელიც არის 5-HT2 რეცეპტორის ქვეტიპი და სეროტონინის რეცეპტორების ოჯახში მოიხსენიება (GPCR). 5-HT2A რეცეპტორი არის უჯრედის ზედაპირის რეცეპტორი. სეროტონინი ან 5-HT ასევე ცნობილია როგორც 5-ჰიდროქსი-ტრიპტამინი. მაგალითად, თუ თქვენ მიიღებთ ჯადოსნურ სოკოს (მეჯიქ მაშრუმს), აქტიური ნივთიერება ფსცილოცინი, რომელიც მიღებულია ფსილოციბინისგან, მჭიდროდ უკავშირდება 5-HT2A სეროტონინის რეცეპტორებს ნეირონების ზედაპირზე.
ამ რეცეპტორის ხანგრძლივი გააქტიურება იწვევს უჯრედებში ქიმიური სიგნალების კასკადს. ეს უჯრედები შემდგომში ურთიერთობენ ტვინის სხვა უჯრედებთან, რაც იწვევს ფსიქოდელიურ გამოცდილებას საათობით. ფსიქოდელიურ ნივთიერებას შეუძლია მყისიერად შეამსუბუქოს დეპრესია მათში, ვინც რეზისტენტულია მკურნალობის მიმართ და შვება გრძელდება რამდენიმე თვე.
სეროტონინის შერჩევითი ინჰიბიტორები (SSRIs), ანტიდეპრესანტების ოჯახი, გავლენას ახდენს სეროტონინის გადაცემაზე არაპირდაპირ და არა პირდაპირ, როგორც ამას ფსიქოდელიური ნივთიერებები აკეთებენ.
"შესაბამისად, ასეთ დროს უფრო მეტი ხდება, ვიდრე უბრალოდ სეროტონინის დონის ამაღლება დეპრესიის სამკურნალოდ. SSRIs იწვევს თავის ტვინში ცვლილებებს, რომლიც ანტიდეპრესიულ ეფექტს იძლევა. მე ვიცნობ ბევრ ადამიანს, რომლებსაც ამ მეთოდით ცხოვრება დადებითობისკენ შეეცვალათ", — თქვა როტმა, რომელმაც ორი ათწლეული გაატარა ფსიქიატრიულ პაციენტებთან.
მთლიანობაში, თუ კვლევა შედეგებს გამოიღებს, მეცნიერები შექმნიან ნაერთს, რომელიც შერჩევით მოქმედებს 5-HT2A რეცეპტორზე, მაგრამ ააქტიურებს მას ისე, რომ ცვლის ტვინის ქიმიას დეპრესიის სამკურნალოდ და თავიდან იცილებს გვერდით ეფექტებს, რომლებიც SSRIs-თან არის დაკავშირებული.
კომენტარები