NASA სატურნის თანამგზავრ ტიტანზე აპარატის გაგზავნას გეგმავს — სად დაეშვება ხომალდი
ტიტანი, რომელიც სატურნის გარშემო მოძრაობს, მზის სისტემაში შემავალი პლანეტების თანამგზავრებს შორის სიდიდით მეორე ადგილს იკავებს. ის ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში ერთადერთი მსგავსი ციური სხეულია, რომელსაც ატმოსფერო აქვს. ამ ობიექტს ისიც გამოარჩევს, რომ მის ზედაპირზე თხევადი ნახშირწყალბადის ტბებია განლაგებული.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ტიტანი ასტრონომიული კვლევებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სამიზნეა. სწორედ ამიტომ, NASA იქ 2027 წელს როტორებიანი საფრენი აპარატის გაგზავნას გეგმავს, რომელიც აირის გიგანტი პლანეტის თანამგზავრზე მეტის გაგების საშუალებას მოგვცემს.
მისიის Dragonfly (ნემსიყლაპია) ფარგლებში, ხომალდი ციურ სხეულზე 2034 წელს დაეშვება. კერძოდ, შანგრი-ლას დიუნების ველზე, რომელიც სელკის კრატერის მახლობლად მდებარეობს და მეცნიერული თვალსაზრისით ძალიან საინტერესო რეგიონია.
სპეციალისტებმა ახალ კვლევაში ზემოხსენებული არეალის 6 ნაწილი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ იქ ქვიშის დიუნებსა და დამტყდარ ყინულოვან საფარს ვხვდებით. ეს და სხვა მონაცემი მისიის განმავლობაში ამა თუ იმ ჰიპოთეზის გამოცდაში დაგვეხმარება.
მეცნიერებმა ზონდ Cassini-ს რადარის მიერ მოპოვებული ინფორმაცია გააანალიზეს, რომელიც ტიტანის ზედაპირის მიერ არეკლილი სიგნალებით მივიღეთ. მისი სურათების გარჩევადობა ყოველ პიქსელზე დაახლოებით 300 მეტრია, ამიტომ გუნდმა ხომალდ Huygens-ის მონაცემებიც მოიშველია.
ფაქტობრივად, სეიკის კრატერის სიმაღლე და ფორმა უფრო ვარაუდებს ეფუძნება, შესაბამისად, ბევრი რამე გვაქვს გასარკვევი, სანამ 450 კილოგრამი წონის აპარატი ტიტანს ეწვევა. აღსანიშნავია, რომ ამ თანამგზავრს ადრეულ დედამიწას ადარებენ, ამიტომ მისი შესწავლა თავად ჩვენი პლანეტის ევოლუციაში ჩაგვახედებს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Planetary Science Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები