ნახეთ: NASA-ს ზონდის ახალი სურათები იუპიტერის თანამგზავრ ევროპას ახლო ხედით გვიჩვენებს
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კოსმოსურმა ზონდმა "ჯუნომ" 29 სექტემბერს იუპიტერის ბუნებრივ თანამგზავრ ევროპას ახლო მანძილზე ჩაუარა. აპარატმა ციურ სხეულს 352 კილომეტრი დისტანციიდან სურათები გადაუღო, რომელთა მსგავსი ახლო ხედის გამოსახულებებიც ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ მოგვიპოვებია.
"ჯუნო" მზის სისტემის აირის გიგანტად წოდებული პლანეტის შესასწავლად 2011 წელს გაუშვეს, ხოლო პირველადი მისიის წარმატებით დასრულების შემდგომ, ზონდი პლანეტის თანამგზავრებზე გადაერთო, მათ შორის ევროპაზე, განიმედესა და იოზე.
ყინულოვან ევროპასთან ჩავლისას აპარატმა მისი ზედაპირის ამსახველი, მაღალი გარჩევადობის კადრები დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ამ ციურ სხეულზე ყინულის სქელი საფარის ქვეშ უზარმაზარი ოკეანეა, ამიტომ ის მზის სისტემაში სიცოცხლის საძიებლად ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
"ჯუნო" ევროპასთან მაქსიმალურად ახლო მანძილზე თბილისის დროით 13:36 საათზე მივიდა, რა დროსაც მის ჩრდილში მოექცა. ამის მიუხედავად, იუპიტერიდან არეკლილი სინათლე საკმარისი აღმოჩნდა, რომ კამერას გასაოცარი სურათები გადაეღო.
მზის სისტემის უდიდესი პლანეტის ამ თანამგზავრს ბოლოს NASA-ს ზონდი "გალილეო" 2000 წელს ეწვია და მისი ფოტოებიც მოიპოვა. ძველი და ახალი მონაცემების შეჯერება ზემოხსენებულ ობიექტზე მეტის გაგების საშუალებას მოგცემს.
ზემოთ ნაჩვენები მარცხენა ფოტო (მიახლოებითი ბუნებრივი ფერებით) "გალილეომ" 1997 წელს გადაიღო, მარჯვენა კი "ჯუნოს" დაუმუშავებელი გამოსახულებაა. ორივე მათგანზე ობიექტის ზედაპირზე არსებულ სიგრძივ ნაპრალებსა და შემაღლებულ ადგილებს ვხედავთ.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ადრინდელი და ახლანდელი სურათების შედარების გზით გაიგებენ, რა შეიცვალა ამ 2 დეკადის განმავლობაში. ეს მნიშვნელოვანია როგორც ღირებული ინფორმაციის შესაგროვებლად, ასევე სამომავლო მისიებში გასათვალისწინებლად, როგორცაა NASA-ს "ევროპა კლიპერი".
კომენტარები