დღეში 2-3 ფინჯანი ყავის დალევამ შესაძლოა, სიცოცხლე გაგიხანგრძლივოთ — კვლევა
ავსტრალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, დღეში 2-3 ფინჯანი ყავის დალევამ, იქნება ეს უკოფეინო, ნალექიანი თუ ხსნადი, შესაძლოა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ნაადრევი სიკვდილის რისკი შეამციროს. სპეციალისტების თქმით, ამას მარცვლებში არსებულ ნივთიერებებს უნდა ვუმადლოდეთ და არა კოფეინს.
"ამ ფართომასშტაბიან, დაკვირვებაზე დაფუძნებულ კვლევაში ნალექიანი, ხსნადი და უკოფეინო ყავის მიღება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ჯანმრთელობის ნებისმიერი გართულებით გამოწვეული სიკვდილის ნაკლებ შემთხვევასთან დავაკავშირეთ", — აცხადებს ახალი ნაშრომის თანაავტორი, პიტერ კისტლერი.
ის აღნიშნავს, რომ ამ სასმლის მცირე ან ზომიერი დოზით მიღება შეგვიძლია, ჯანსაღი ცხოვრების სტილის ნაწილად მივიჩნიოთ.
მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთის ბიობანკში არსებული მონაცემები გააანალიზეს, რათა გაეგოთ, როგორი სახის და რა რაოდენობის ყავას სვამდნენ მოქალაქეები. ისინი 40 წელს გადაცილებული დაახლოებით 450 000 მოხალისის ჯანმრთელობის მდგომარეობას 12 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს.
შედეგად, დაასკვნეს, რომ ყავის მოყვარულებს, სხვებთან შედარებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ჩამოყალიბების (და სიკვდილის) ნაკლები შანსი აქვთ. დადგინდა ისიც, რომ სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იმ ადამიანებში იყო, რომლებიც დღეში 2-3 ფინჯან ყავას იღებდნენ. ასევე, ყოველდღიურად 1-5 ფინჯანი ნალექიანი ან ხსნადი ყავის დალევის შემთხვევაში, არითმიის ჩამოყალიბების ყველაზე ნაკლები რისკი გამოვლინდა.
"კოფეინი ყავაში შემავალი ყველაზე ცნობილი ნაერთია, თუმცა ამ სასმელში 100-ზე მეტი ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტია. სავარაუდოა, რომ ყავის დალევას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და გადარჩენას შორის არსებულ დადებით კავშირზე სწორედ ისინია პასუხისმგებელი", — ამბობს პიტერ კისტლერი.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში European Journal of Preventive Cardiology გამოქვეყნდა.
კომენტარები