როდის ვსწავლობთ სხვების ნდობას?
არის სხვებისადმი ნდობა ბუნებრივი? თუ იგი დასწავლადია?
უფროსები მიდრეკილნი არიან, დაეთანხმონ მას, ვინც ასევე ეთანხმებათ. ეს რეციპროკული კავშირები ერთ-ერთი ფაქტორია, რითიც ადამიანები საზღვრავენ, თუ ვინ არის სანდო. თუმცა ეს უნარი დაბადებიდან არ მოგვყვება, არამედ დაახლოებით 10 წლის ასაკიდან ვითარდება.
წარმოიდგინეთ, რომ სამსახურის შეხვედრაზე ხართ, სადაც არსებული პრობლემის გადასაჭრელად იდეა წამოაყენეთ და მხოლოდ ერთმა ადამიანმა, ვთქვათ, დავითმა, დაგიჭირათ მხარი. ამის გამო, შემდეგში, როდესაც დავითი რაიმე იდეას წამოაყენებს, დიდი ალბათობით, თქვენც მას დაუჭერთ მხარს. სწორედ ასე მუშაობს რეციპროკული კავშირები.
მიუხედავად იმისა, რომ რეციპროკული კავშირების სოციალურ გავლენაზე უფროსებში ბევრი კვლევა ჩატარებულა, ის სათანადოდ შესწავლილი არაა ბავშვების შემთხვევაში. თუმცა ბოლოდროინდელ მოხსენებაში, რომელიც ჯოშუა ზონკას ჯგუფმა გამოაქვეყნა ჟურნალ Royal Society Open Science-ში, სწორედ ის საკითხია განხილული, თუ რა გავლენას ახდენს რეციპროკული კავშირები ბავშვებზე.
რეციპროკული კავშირები
ზრდასრულების უმრავლესობა ქცევისა და გადაწყვეტილებების ოპტიმიზაციისთვის იღებს რჩევებს და სწავლობს სხვებისგან. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა პრობლემას თავად ვერ გადავჭრით, ვეყრდნობით სხვებს და ვთანამშრომლობთ მათთან გადაწყვეტილების მიღებისას. ჩვენ ყველას გაგვაჩნია სანდო და არასანდო ადამიანების კლასიფიცირების სისტემა. სანდოობის კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად, ვიყენებთ სხვების ადრინდელ წარმატებებს ("მისი რჩევა მაშინ ძალიან გამომადგა") ან ცოდნას ("ის ინჟინერია, ამიტომ ეს საკითხი უკეთ ეცოდინება").
თუმცა, ამაზე ხშირად, ადამიანები სოციალური დასწავლისა და გადაწყვეტილებების მიღებისას კვაზი-ოპტიმალურ ინფორმაციულ კრიტერიუმს იყენებენ. ეს, ჩვეულებრივ, განპირობებულია ჩვენი უამრავი კოგნიტური მიკერძოებით, მაგალითად, როცა ვეძებთ ისეთ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს აზრს შეესაბამება (ე.წ. confirmation bias). ერთ-ერთი კიდევ უფრო დამარწმუნებელი ფაქტორი ჩვენი თანხმობის სხვისთვის მისაცემად ისაა, დაგვთანხმებია თუ არა თავად ის წარსულში — ანუ დავამყარეთ თუ არა მასთან რეციპროკული ურთიერთგაგება.
საკუთარი თავის ნდობა
ზონკამ და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ სხვების ნდობის უნარი ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება. მკვლევართა გუნდმა 6, 8 და 10 წლის ბავშვებს ერთი და იგივე დავალება მისცა — მათ უნდა შეეფასებინათ და აღედგინათ ხაზის სიგრძე, რომელიც სულ მცირე ხნით დაინახეს. თითოეულ ბავშვს ახლდა ზრდასრული და იმავე დავალებას ასრულებდა. ზრდასრულსა და ბავშვს მორიგეობით უნდა გადაეწყვიტათ, თუ რომელ პასუხს აირჩევდნენ. უფროსი ზოგიერთ ბავშვს უნდა დათანხმებოდა, ხოლო ზოგიერთთან — მხოლოდ საკუთარი პოზიცია დაეცვა. გამოავლენდნენ თუ არა ბავშვები იმავე მიკერძოებას უფროსთან შეთანხმების მიმართ, რომელიც ასევე ეთანხმებოდა მათ?
ეს ასაკზე იყო დამოკიდებული. 10 წლის ბავშვები (დაახლოებით 50%) ცვლიდნენ თავიანთ პასუხებს, რათა შესაბამისობაში მოსულიყვნენ უფროსის (რომელიც მათ ეთანხმებოდა) პასუხთან. თუმცა, საინტერესოა, რომ 6 და 8 წლის ბავშვები თავიანთ გადაწყვეტილებას არ ცვლიდნენ მათი პარტნიორის აზრის მიუხედავად. ისინი უბრალოდ განაგრძობდნენ საკუთარი გადაწყვეტილების მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კეთილგანწყობილი და სანდო ჩანდა მათი პარტნიორი უფროსი.
სხვების მიმართ ნდობის სწავლა
ზემოხსენებული კვლევა აჩვენებს, რომ სხვების ნდობას ასაკთან ერთად ვსწავლობთ. როგორც აღმოჩნდა, 10 წლამდე ბავშვებს არ აღმოაჩნდათ უფროსების სანდოობის შეფასების კრიტერიუმი გადაწყვეტილების მიღებისას. ძალიან მცირეწლოვანი ბავშვები მხოლოდ საკუთარ პასუხს უჭერდნენ მხარს და არ განიხილავდნენ პარტნიორის რჩევას. ეს ეხება ბავშვების უფრო ფართო მეტაკოგნიტურ მახასიათებელს, რომელიც ისაა, რომ ბავშვები სამყაროსთან ურთიერთქმედებისას ზოგად ფსიქოლოგიურ წესებს ეყრდნობიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "ენდე საკუთარ თავს, რადგან, როგორც წესი, მართალი ხარ" შექმნის აბსოლუტურ და გამარტივებულ წესს ცხოვრებისათვის, სადაც გამონაკლისების მიღება რთულია.
თუმცა 10 წლიდან ვსწავლობთ, რომ სხვა ადამიანებსაც შეუძლიათ ჩვენთვის რაიმეს შემოთავაზება. უკეთესები ვხდებით კონკრეტული საკითხის შეფასებას, წარმოდგენასა და რელევანტური ინფორმაციული კონტექსტის განახლებაში. ასევე, ვამყარებთ კონკრეტულ წესებს, რომლის მიხედვითაც, ვიღაცას მივიჩნევთ სანდოდ ან პირიქით. ზემოხსენებულ კვლევაში, 10 წლის ბავშვები პარტნიორის ნდობის გადაწყვეტილებას იღებდნენ მათი წინა წარმატებისა (რამდენად სწორად გამოიცნო ზრდასრულმა პასუხი) და კეთილგანწყობის (რამდენად იღებდა თავად უფროსი ბავშვის რჩევას) მიხედვით.
ამგვარად, როგორც ჩანს, რეციპროკული კავშირის ფორმირება — ერთმანეთისადმი ნდობის უნარი — ბუნებრივად თანდაყოლილი არაა. ეს დასწავლადი უნარია, რომელსაც ასაკთან ერთად ვითვისებთ.
კომენტარები