შავი ხვრელები ჩვენთვის დღემდე ყველაზე იდუმალ და საინტერესო ობიექტებად რჩება მას შემდეგ, რაც გერმანელმა ფიზიკოსმა და ასტრონომმა კარლ შვარცშილდმა მათი არსებობა იწინასწარმეტყველა, რასაც საფუძვლად აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია ედო. XX საუკუნის შუა ხანებში პირველი აღმოჩენები გაკეთდა, 1980-იან წლებში კი ზემასიური შავი ხვრელები შევისწავლეთ, რომლებიც გალაქტიკების ცენტრში გვხვდება.

2019 წელს მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის მეშვეობით შავი ხვრელის პირველი ფოტო გადავიღეთ, 2022-ში კი ირმის ნახტომის გალაქტიკის ბირთვში მდებარე მშვილდოსანი A*-ც დავაფიქსირეთ.

ეს ობიექტები "შავად" მოიხსენიება, რადგან იქიდან სინათლეც კი ვერ აღწევს თავს. სამაგიეროდ, მათ ახლომდებარე ვარსკვლავებზე გრავიტაციული ზემოქმედების წყალობით ვავლენთ. უკანასკნელ კვლევაში, გაიას სახელით ცნობილი კოსმოსური ობსერვატორიის მონაცემებში სპეციალისტების ყურადღება მზის მსგავსი მნათობის უჩვეულო ორბიტამ მიიქცია, რამაც ისინი მიიყვანა დასკვნამდე, რომ საქმე შავი ხვრელისა და ვარსკვლავის ბინარულ სისტემასთან ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ ის ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარე შავი ხვრელია, რადგან დაახლოებით 1 600 სინათლის წლის დისტანციაზეა განლაგებული. ეს მიგნება, ასევე, მიანიშნებს, რომ ირმის ნახტომში ბევრი ასეთი ობიექტი "იმალება".

ფოტო: ESO/L. CALÇADA

კვლევაში მონაწილეობა ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრსა და მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად მიიღეს. მათი დაკვირვებები ფართომასშტაბიანი პროექტის ფარგლებში შედგა, რომლის მიზანიც ჩვენს გალაქტიკაში მდებარე ვარსკვლავების კომპანიონი შავი ხვრელების გამოვლენაა.

მათ მიერ შესწავლილი მნათობი ყვითელი ჯუჯაა, სახელად Gaia BH1 (ასევე, ცნობილი, როგორც Gaia DR3). შავი ხვრელის გავლენით, მისი მოძრაობის ტრაქტორია ელიფსურია, ორბიტის ზომა და მასზე გადაადგილების პერიოდი კი მიუთითებს, რომ ვარსკვლავის კომპანიონს 10 მზის მასა აქვს. ეს ინფორმაცია სხვა ტელესკოპების მონაცემებითაც დადასტურდა.

ავტორთა ნაშრომი სამეცნიერო პორტალ arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.