რატომ ვმოძრაობთ მუსიკის გაგონებისას? — მეცნიერებმა ეს ქცევა გენომური კვლევით ახსნეს
მუსიკალობის მასშტაბური გენომური კვლევით მეცნიერებმა 69 სხვადასხვა გენეტიკური ვარიანტი გამოყვეს, რომლებიც მუსიკის რიტმთან სინქრონში მოძრაობას უკავშირდება. ნაშრომი ახლახან გამოცემაში Nature Human Behaviour გამოქვეყნდა.
სხვა მკვლევრებთან ერთად ვანდერბილტის გენეტიკური ინსტიტუტისა და კომპანია 23andMe-ის მეცნიერებმა წარმოაჩინეს, რომ მუსიკალურ რიტმთან სინქრონში მოძრაობის უნარი, ე.წ. რიტმთან სინქრონიზაცია, ნაწილობრივ ადამიანის გენომშია ჩაწერილი.
კვლევის თანაავტორის, რეინა გორდონის, თქმით, მრავალი გენი, რომლებიც რიტმთან სინქრონიზაციას უკავშირდება, ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობაშია ჩართული. მათ შორისაა ის გენები, რომლებიც ტვინის განვითარების ადრეულ ეტაპებზეა გამოხატული; ასევე ისინი, რომლებიც სმენითი და მოტორული უნარების განმაპირობებელ არეებში გვხვდება.
"რიტმს მხოლოდ ერთი გენი არ განაპირობებს, მასზე ასობით გენს აქვს გავლენა", — განაცხადა გორდონმა — "მუსიკის რიტმზე სინქრონში ბაკუნი, ტაშის დაკვრა და ცეკვა ადამიანის მუსიკალობის საფუძველში დევს".
კვლევით ასევე დადგინდა, რომ რიტმთან სინქრონიზაციას ჩვენი სხვა თავისებურებების მსგავსი გენეტიკური სტრუქტურა აქვს, მათ შორის, ბიოლოგიური რიტმების: სიარულის, სუნთქვისა და ცირკადული კანონზომიერებების.
23andMe-ის უზარმაზარი მონაცემთა ნაკრების წყალობით მეცნიერებს 600 ათასზე მეტი ადამიანის კვლევითი მონაცემი ჰქონდათ. ასე მათ მოახერხეს და ის გენეტიკური ალელები ამოიცნეს, რომლებიც რიტმთან სინქრონიზაციის შესაძლებლობას სხვადასხვა ხარისხით უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ მკვლევრებმა ინფორმაცია მონაწილეთა ნებართვით გამოიყენეს.
"კვლევის მონაწილეთა დიდმა რაოდენობამ გუნდის წევრებს უნიკალური შესაძლებლობა მოგვცა, პატარა გენეტიკური სიგნალებიც კი დაგვეფიქსირებინა", — განაცხადა დეივიდ ჰინდსმა, 23andMe-ის სტატისტიკურმა გენეტიკოსმა — "მიგნებები გენეტიკასა და მუსიკალობას შორის კავშირების მეცნიერულად შესწავლისთვის დიდ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს".
კომენტარები