სიკვდილი კოსმოსში: რა შეიძლება დაემართოს ჩვენს სხეულს კოსმოსში
კოსმოსური მოგზაურობა სულ უფრო რეალური ხდება. შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ჩვენ სხვა პლანეტებზე ვიმოგზაურებთ, ვინ იცის იქნებ ახალი პლანეტებიც ავითვისოთ. კომერციულმა კოსმოსურმა კომპანია Blue Origin-მა უკვე დაიწყო ადამიანების გაგზავნა სუბორბიტალურ ფრენებზე. აქვეა ილონ მასკიც, რომელსაც მარსზე ბაზის განთავსება სურს.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორი იქნება კოსმოსში ცხოვრება — მაგრამ ასევე რა მოხდება, თუ იქ ვინმე მოკვდება?
დედამიწაზე სიკვდილის შემდეგ ადამიანის სხეული გადის დაშლის რამდენიმე ეტაპს. ეს აღწერილი იყო ჯერ კიდევ 1247 წელს სონგ ჩის მიერ, რომლის ნაწარმოებსაც ხშირად პირველ სამეცნიერო სახელმძღვანელოსაც ეძახიან.
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილის დადგომის მომენტიდან ჯერ სისხლი წყვეტს დინებას და იწყებს დაგროვებას. შემდეგ სხეული ცივდება და კუნთების ბოჭკოებში კალციუმი უკონტროლოდ გროვდება. უკვე ამის შემდეგ ფერმენტები, ცილები, რომლებიც აჩქარებენ ქიმიურ რეაქციებს, ანგრევენ უჯრედის კედლებს და ათავისუფლებენ მათ შიგთავსს.
ამავდროულად, ჩვენი ნაწლავის ბაქტერიები აღწევს ნაწლავებიდან და ვრცელდება მთელ სხეულში. ისინი შთანთქავენ რბილ ქსოვილებს და მათ მიერ გამოთავისუფლებული აირები იწვევს სხეულის შეშუპებას. საბოლოოდ კუნთები განადგურებულია, გამოიყოფა მკვეთრი სუნი და რბილი ქსოვილები იშლება.
ეს დაშლის პროცესები არის შინაგანი ფაქტორები, მაგრამ არსებობს გარე ფაქტორებიც, რომლებიც გავლენას ახდენენ დაშლის პროცესზე, მათ შორის ტემპერატურა, მწერების ფაქტორი, სხეულის დამარხვა და სხვა. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, რბილი ქსოვილები საბოლოოდ ქრება და ჩნდება ჩონჩხი. ეს მძიმე ქსოვილები ბევრად უფრო მდგრადია და შეუძლიათ ათასობით წლის განმავლობაში გაძლება.
დაშლის შეჩერება
თუმცა, რა ხდება კოსმოსში სიკვდილის შემთხვევაში?
მაშ ასე, სხვა პლანეტებზე განსხვავებული გრავიტაციას მნიშვნელოვანი როლი ექნება იმ მხრივ თუ რა დაემართება სხეულს სიკვდილის დადგომის შემდეგ. ეს, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს სიკვდილის შემდეგ პირველივე სტადიაზე. პირველი — სიმძიმის ნაკლებობა კოსმოსში ყოფნისას ნიშნავს, რომ სისხლი არ დაგროვდება.
რაც შეეხება მეორე სტადიას, ნაწლავებიდან ბაქტერიები მაინც შთანთქავს რბილ ქსოვილებს. თუმცა, ამ ბაქტერიებს სჭირდებათ ჟანგბადი სწორად ფუნქციონირებისთვის და ამიტომ ჰაერის შეზღუდული მიწოდება მნიშვნელოვნად შეანელებს პროცესს.
თავის მხრივ, ნიადაგის მიკრობები ასევე ხელს უწყობენ დაშლას და ამიტომ პლანეტარული გარემო, რომელიც აფერხებს მიკრობულ მოქმედებას, როგორიცაა უკიდურესი სიმშრალე, აუმჯობესებს რბილი ქსოვილების შენარჩუნების შანსებს.
დედამიწის გარემოსგან განსხვავებულ პირობებში ბევრი სხვა ფაქტორიც სხვანაირი იქნება. როდესაც ადამიანი ცოცხალია, ძვალიც ცოცხალი მასალაა, რომელიც შეიცავს როგორც ორგანულ მასალებს, როგორიცაა სისხლძარღვები და კოლაგენი, ასევე არაორგანულ მასალებს. ჩვეულებრივ, ორგანული კომპონენტი იშლება და, შესაბამისად, ჩონჩხები, რომლებსაც მუზეუმებში ვხედავთ, ძირითადად არაორგანული ნარჩენებია. თუმცა, განსხვავებულ ნიადაგებში, რომელებიც შეიძლება სხვა პლანეტებზე აღმოვაჩინოთ, ყველაფერი განსხვავებულად იქნება — შეიძლება პირიქითაც მოხდეს — არაორგანული კომპონენტი გაქრეს და მხოლოდ რბილი ქსოვილები დარჩეს.
დედამიწაზე ადამიანის ნაშთების დაშლა წარმოადგენს დაბალანსებული ეკოსისტემის ნაწილს, სადაც საკვები ნივთიერებები გადამუშავდება ცოცხალი ორგანიზმების მიერ, როგორიცაა მწერები, მიკრობები და მცენარეებიც კი. სხვადასხვა პლანეტაზე არსებული გარემო ჩვენის სხეულისთვის უცხოა.
ასევე ტემპერატურაც მნიშვნელოვანი ფაქტორია დაშლის მხრივ. მაგალითად, მთვარეზე ტემპერატურა შეიძლება მერყეობდეს 120°C-დან -170°C-მდე.
შესაბამისად, ადამიანის სხეულის დაშლის პროცესი ვერც მთვარესა და მარსზე იქნება ისეთი როგორიც ეს დედამიწაზეა. ჩვენი სხეული "უცხო" იქნება სხვა პლანეტისთვის, აღარაფერს ვამბობთ კოსმოსზე, სადაც გრავიტაციის სიმცირის გამო საერთოდ სხვა პირობებია. სხეული, იქნება ეს ცოცხალი თუ მკვდარი, ჩვენი პლანეტის ეკოსისტემის ნაწილია და ის პროცესები, რომელიც სიცოცხლისა თუ სიკვდილისას ხდება ბუნებრივი ციკლის ნაწილია.
კომენტარები