ვარსკვლავი ბეტელგეიზე 2 000 წლის წინ მოყვითალო შეფერილობის იყო — კვლევა
მეცნიერები, ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, მივიდნენ დასკვნამდე, რომ წითელი ზეგიგანტი ვარსკვლავი ბეტელგეიზე 2 000 წლის წინ მოყვითალო შეფერილობის იყო. ფაქტობრივად, მათ ძველ ტექსტებში ამოკითხული მონაცემების საფუძველზე ამ უზარმაზარი მნათობის ევოლუცია შეისწავლეს.
ბეტელგეიზე ჩვენგან დაახლოებით 640 სინათლის წლითაა დაშორებული და ღამის ცაზე წითლად ელვარებს, რადგან მის ბირთვში წყალბადის მარაგი ამოწურულია. ამის შედეგად, ვარსკვლავების ცენტრალური ნაწილი კოლაფსს განიცდის, გარეთა ფენა კი ფართოვდება. სწორედ ეს ელის მზესაც, რომელიც ამ ეტაპამდე 5 მილიარდ წელში მივა და ზომაში ისე გაიზრდება, რომ მარსის ორბიტამდე მიაღწევს და გზად ყველაფერს გაანადგურებს, მათ შორის დედამიწასაც.
მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ ევოლუციის განმავლობაში მნათობების შეფერილობა, სიკაშკაშე და ზომა იცვლება, რაც მათი ასაკისა და მასის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. მზეზე ბევრად მასიური ობიექტები, როგორიც ბეტელგეიზეა, ჯერ მოლურჯო-თეთრი, შემდეგ კი წითელი ფერისაა, თუმცა გარდამავალ ფაზაში მოყვითალო-მონარინჯისფრო ხდება.
ჩინელი ისტორიკოსი, სიმა ციანი ძველი წელთაღრიცხვით 100 წელს, ვარსკვლავების აღწერისას წერდა: "თეთრი, როგორც სირიუსი, წითელი, როგორც ანტარესი, ყვითელი, როგორც ბეტელგეიზე, ლურჯი, როგორც ბელატრიქსი".
100 წლის შემდეგ, რომაელი ავტორი გაიუს იულიუს ჰიგინუსი ბეტელგეიზეს ფერით პლანეტა სატურნს ადარებს, რაც ნიშნავს, რომ იმ დროს ეს ზეგიგანტი ყვითელ-ნარინჯისფერი იყო. პტოლემე მას წითელი ვარსკვლავებისგან მიჯნავს, როგორიც ანტარესი და ალდებარანია. უკვე XVI საუკუნეში, დანიელი ასტრონომის, ტიხო ბრაჰეს ტექსტებიდან ვასკვნით, რომ მაშინ ბეტელგეიზე ალდებარანზე წითელი იყო. დღესდღეობით ის ანტარესს უფრო ჰგავს.
შეგახსენებთ, რომ 2019-20 წლებში ბეტელგეიზეს სიკაშკაშე საგრძნობლად შემცირდა, რამაც სპეციალისტებს აფიქრებინა, რომ ის შესაძლოა, ზეახლად ანთების ზღვარზე ყოფილიყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს სინამდვილეში ვარსკვლავის გაცივებითა და მის გარშემო არსებული მტვრის ღრუბლით იყო გამოწვეული.
მეცნიერთა თქმით, ის დაახლოებით 1.5 მილიონ წელში აფეთქდება. ახალი მონაცემებით გამოთვალეს ისიც, რომ ბეტელგეიზე მზეზე 14-ჯერ მასიურია და 14 მილიონი წლისაა. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.
კომენტარები