ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ მზის შესასწავლად გაშვებულმა ზონდმა Solar Orbiter ჩვენი სისტემის ცენტრალური ვარსკვლავიდან ამოფრქვეულ მატერიაში გაიარა. ეს 4 სექტემბერს მოხდა, როცა აპარატი ტრაექტორიის შესასწორებლად ვენერასკენ მიემართებოდა, რათა მისი გრავიტაცია გამოეყენებინა.

მზეზე მძლავრი კორონალური მასის ამოფრქვევა, ანუ მისი გვირგვინიდან პლაზმის ნაკადის გამოთავისუფლება 30 აგვისტოს დაფიქსირდა. მან ზონდამდე რამდენიმე დღეში მიაღწია. თანამგზავრი ამას გადაურჩა და არაფერი დაზიანებია, რადგან მისი შექმნისას მსგავსი მოვლენები გათვალისწინებული იყო.

კერძოდ, ის მნათობთან 0.27 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე მიახლოებას უძლებს, სადაც ტემპერატურა 537 გრადუს ცელსიუსამდე ადის. Solar Orbiter სპეციალური შავი საფარველითაცაა აღჭურვილი, რომელიც მას მწველი სიცხისგან იცავს.

ფოტო: ESA/NASA SOHO

NASA-სთან თანამშრომლობით განხორციელებული მისიის ფარგლებში ზემოხსენებული აპარატი კოსმოსში 2020 წლის თებერვალში გაუშვეს. მისი მიზანი მზის ქარზე, მაგნიტურ ველზე, ამოფრქვევებსა და სხვა საკითხებზე ინფორმაციის მოპოვებაა. საბოლოო ორბიტაზე განთავსებაში მას ვენერას გრავიტაცია ეხმარება, რომლის მეშვეობითაც მნათობის გარშემო უნიკალურ, სამეცნიერო დაკვირვებებისთვის ხელსაყრელ პოზიციაზე განლაგდება.

აღსანიშნავია, რომ კორონალური მასის ამოფრქვევები მზეზე საკმაოდ ხშირად ხდება. ეს მატერია ზოგჯერ პლანეტებამდეც აღწევს, მათ შორის დედამიწამდე, სადაც გეომაგნიტურ შტორმებსა და პოლარულ ციალს იწვევს. მასთან ურთიერთქმედებისას Solar Orbiter-ის ხელსაწყოების ნაწილი გათიშული იყო, თუმცა დანარჩენმა ინსტრუმენტებმა ღირებული მონაცემების შეგროვება შეძლო.

მსგავსი მოვლენების შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან კოსმოსური ამინდის პროგნოზირების, ასევე, ასტრონავტებისა და ხომალდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებას გვაძლევს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.