ტვინის დაავადებები და სიახლეები თერაპიაში — ინტერვიუ ზაალ კოკაიასთან
ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორ სულხან მეტრეველთან ჩაწერილ საინტერესო ვიდეოინტერვიუში ქართველმა პროფესორმა და გლობალურად ცნობილმა მეცნიერმა ზაალ კოკაიამ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. ამ კონკრეტულ სტატიაში ყურადღებას ტვინის დაავადებებსა და მის თერაპიაზე გავამახვილებთ.
ინტერვიუ სულხანმა ტვინზე შეკითხვით დაიწყო. მას აინტერესებდა თუ რამდენად შესაძლებელია დაზიანებული ტვინის ფუნქციონირების სრულად აღდგენა და რა პროგრესი განვიცადეთ ამ მხრივ ბოლო 30 წელიწადში.
ზაალის თქმით, რიგ შემთხვევებში ტვინს დაზიანებების აღდგენა თავად შეუძლია და ეს თვითაღდგენა შეიძლება ძალიან ეფექტიანიც იყოს. მიუხედავად ამისა, ადრე მეცნიერებაში იყო მოსაზრება, რომ ნერვული უჯრედები არ აღდგება. ეს ხედვა თანამედროვე ნეირომეცნიერების ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, რამონ კახალმა შემოიღო, თუმცა, ზაალის თქმით, საბედნიეროდ ის ამ შემთხვევაში მცდარი აღმოჩნდა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ავტორიტეტული მეცნიერების შეცდომა უნდა გვიხაროდეს.
უკვე მოგვიანებით, მეოცე საუკუნის 80-იან წლებში დავინახეთ, რომ ტვინში ახალი ნეირონები იბადება. ტვინში არის გარკვეული უბნები, სადაც ნერვული ღეროვანი უჯრედებიდან ახალი ნეირონების წარმოქმნა შეიძლება. და რაც მთავარია, ეს მუდმივად ხდება!
თუმცა, ერთია თვითაღდგენა და ბუნებრივ პროცესებზე დამოკიდებულება, მეორეა რა შეუძლია თავად მეცნიერებას, იმ შემთხვევაში თუ აღდგენითი პროცესები არ ხდება?
ზაალმა ამ მხრივ ინსულტის თემა განიხილა, როდესაც იშემიური ინსულტის დროს სისხლძარღვში სისხლის მიწოდების დახშობა ხდება. ეს შეიძლება იყოს დიდი სისხლძარღვი, რომლის კედელზე გროვდება გარკვეული ცხიმოვანი წარმონაქმნები, რა დროსაც სისხლი ვეღარ მოძრაობს სათანადოდ. ასევე შეიძლება იყოს წვრილი სისხლძარღვები, სადაც ხდება სისხლის კოლტის გაჭედვა. ასეთ დროს ის უბანი, რომელსაც კონკრეტული სისხლძარღვი ამარაგებს ვეღარ მიიღებს ჟანგბადს, გლუკოზას და მოხდება უჯრედების დაღუპვა. ამ დროს ტვინის ის ფუნქცია რაზეც კონკრეტულ უბანში განლაგებული ნეირონები იყო პასუხისმგებელი იწყებენ დაქვეითებას. ეს შეიძლება იყოს მოტორიკის პრობლემა, ან გინდაც მეტყველების.
მედიცინას აქამდე ამ პრობლემებზე გამკლავება დიდად არ შეეძლო. რაც შეეხება სულხანის ერთ-ერთ პირველ შეკითხვას, თუ რა პროგრესი განვიცადეთ ტვინის პრობლემებთან დაკავშირებით ბოლო 30 წელიწადში, ზაალის თქმით, პასუხი სწორედ ამაშია:
"სწორედ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა, რომ ხსენებული სისხლის კოლტები ქიმიური ნივთიერებებით დავშალოთ და აღვადგინოთ სისხლის მიმოქცევა".
ზაალის თქმით, უკვე უამრავი შემთხვევაა, როდესაც ინსულტიან პაციენტს სრულად აღუდგა სისხლის მიმოქცევა. თუმცა, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა და ეს დროსთან არის დაკავშირებული. აღდგენითი პროცედურები უნდა დაიწყოს მალევე. თუ დახშობა ხანგრძლივად გაგრძელდა იწყება შეუქცევადი პროცესები, რა დროსაც საწყის პოზიციებზე დაბრუნება ბევრად რთულდება.
ზაალის თქმით, "ის ფანჯარა, რომელშიც სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ 5-6 საათია. ეს ისაა რა დროც გვაქვს ინსულტის სიმპტომების შემდეგ. თუ პროცედურა არა უგვიანეს 6 საათში დაიწყება, უდიდესი შანსია აღდგენა მოხდეს სრულად, ყველანაირი დეფექტის დატოვების გარეშე". ეს სწორედ ის პროგრესია, რაც ბოლო წლებში ინსულტთან ბრძოლისას მივიღეთ და რაც აქამდე ფიზიკურად შეუძლებელი იყო. როგორც თავში ვთქვით, სულ რამდენიმე ათეული წლის წინ საერთოდაც წარმოუდგენლად მიაჩნდათ ნეირონების აღდგენა, ახლა კი თანამედროვე მედიცინას შესაფერისი პირობების შემთხვევაში 100 პროცენტიანი შედეგის მოცემა შეუძლია!
ინტერვიუში ზაალმა მკურნალობის მეორე არანაკლებ საინტერესო მეთოდზეც ისაუბრა. ეს მიდგომა შედარებით მსხვილი სისხლძარღვებისთვისაა. ამ შემთხვევაში სისხლძარღვებში უკვე კათეტერით შედიან. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ბარძაყის სისხლძარღვებიდან. ამ პროცესში კათეტერით უახლოვდებიან იმ სისხლძარღვს, სადაც არის საცობი და მისი გამოტანა, გათავისუფლება ხდება. ამ მიდგომით ასევე ბუნებრივი მდგომარეობისთვის დაბრუნებაა შესაძლებელი, რა დროსაც სისხლის მიმოქცევის აღდგენა ხდება.
ეს ორი პროცედურა ზაალის თქმით, თანამედროვე მიღწევებია, რომლებმაც ტვინის ინსულტის დარგში რევოლუცია მოახდინეს და ათასობით ადამიანი გადაარჩინეს იმ ფატალური და შეუქცევადი პროცესებისგან, რასაც ინსულტი იწვევს.
თემის შეჯამებისას ზაალმა ხაზი გაუსვა, რომ ინსულტის დროს, მწვავე სტადიის შემდეგ გარკვეული აღდგენა ბუნებრივად ყოველთვის ხდება. ეს შეიძლება იყოს მცირე, ან სულაც მნიშვნელოვანი.
"რეალურად აღდგენით პროცესები ტვინში ყოველთვის ხდება და ეს განპირობებულია დაზიანებული ლოკაციების მომიჯნავე უბნებით. ეს ის უბნებია, რომლებიც დაზიანებული ნეირონების კომპენსაციას ახდენენ. ეს კი იქიდან გამომდინარეობს, რომ ტვინში ახალი ნეირონების წარმოქმნის წყარო ბუნებრივადაც არის. თანამედროვე ნეირომეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კი არა მარტო ამ ნეირონების აღდგენა, არამედ ახალგაზრდა ნეირონების გადანერგვაა", — თქვა ზაალმა.
ეს უკანასკნელი სწორედ ის მიმართულებაა რაზეც ზაალი და მისი კოლეგები მუშაობენ და უახლოეს მომავალში ამ მხრივაც ბევრ სიახლეს უნდა ველოდეთ.
ვიდეოინტერვიუს სრულად ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
კომენტარები