როგორია კბილის ევოლუცია და როგორ წარმოიქმნა ის პირველად — კვლევა
შეიძლება არ იცით, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს კამათი იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიქმნა კბილები პირველად. მართლაც, პალეონტოლოგებმა ბევრი რამ გაარკვიეს, თუმცა ზუსტად ჯერ არ ვიცით, როგორ გაჩნდა კბილები.
ხანგრძლივი დებატები შეიძლება საბოლოოდ გადაწყდეს
ახლა ხერხემლიანთა პალეონტოლოგი ტოდ კუკი და ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, პენ შტატი ბერენდი, შესაძლოა, პასუხს ფლობენ. ისინი აქამდე როსტრული კბილების ქსოვილის სტრუქტურის შესწავლით მივიდნენ. ამის შესახებ მეცნიერების მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
როსტრული კბილები ხშირად ხერხის ზვიგენებსა და სხვა თევზებში გვხვდება. ისინი, როგორც წესი, გამოიყენება საკვების მოსაპოვებლად და თავდაცვისთვის.
"როსტრული კბილები უნდა იყოს მოდიფიცირებული ქერცლები, მათი მდებარეობის გამო წაგრძელებულ ყუნწზე. მათ აქვთ გარეგანი მორფოლოგია და განვითარების ნიმუში, რომელიც მსგავსია ქერცლისა", — თქვა კუკმა და განმარტა, რომ ისევე როგორც სხეულის სხვაგან აღმოჩენილი ქერცლის შემთხვევაში, ახალი როსტრული კბილი რომ ჩამოყალიბდეს, ჯერ ძველი უნდა ჩამოიშალოს და თავისუფალი ადგილი გაჩნდეს.
"ძალიან ცოტაა ცნობილი იმ ქსოვილების შესახებ, რომლებიც ქმნიან როსტრულ კბილებს, განსაკუთრებით მძიმე გარე ფენას, რომელიც ცნობილია როგორც მინანქარი. ჩვენ გამოვთქვით ჰიპოთეზა, რომ როსტრული კბილების მინანქარი სხეულის ქერცლების მინანქრის მსგავსი სტრუქტურის იყო, რომელსაც აქვს მარტივი მიკროკრისტალური მახასიათებლები", — ამბობენ მკვლევრები.
კუკის გუნდმა სკანიერებისთვის გამოიყენა ელექტრონული მიკროსკოპი Ischyrhiza mira-ს გაქვავებული როსტრული კბილების შესასწავლად. ეს სახეობა უკვე გადაშენებულია და ცხოვრობდა ჩრდილოეთ ამერიკის წყლებში გვიან ცარცულ პერიოდში, დაახლოებით 100-65 მილიონი წლის წინ.
"ამ უძველეს თევზში მინანქრის საერთო მახასიათებლები წააგავდა თანამედროვე ზვიგენის კბილის მინანქარს, რომელიც კარგად არის შესწავლილი", — თქვეს მკვლევრებმა.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი და რას გვეუბნება კბილების წარმომავლობაზე? კუკის თქმით, კვლევის შედეგები იმის მანიშნებელია, რომ კბილები წარმოიქმნა სხეულის ქერცლებიდან, რომლებიც შემდეგ "მიგრირდნენ" უძველესი ხერხემლიანების პირში. საბოლოოდ ასე ხერხელმიანებმა კბილების გამოყენება კვებისთვის დაიწყეს. ამას "გარედან შიგნით"-ის ჰიპოთეზა ჰქვია.
ეს ნიშნავს, რომ ყველა კბილი თავდაპირველად სხეულის სხვა ნაწილი უნდა ყოფილიყო? კვლევა ამაზე მიუთითებს. ასე რომ როდესაც საჭმელს შეჭამთ და ამაში კბილებს გამოიყენებთ, იფიქრეთ იმ უზარმაზარ ევოლუციაზე, რომელიც უნდა მომხდარიყო იმისთვის, რომ თქვენ საჭმლის დაღეჭვა შეგძლებოდათ.
კომენტარები