ტელევიზორის დიდხანს ყურება შესაძლოა, დემენციის რისკს ზრდიდეს — კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, კოგნიტიური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, თავისუფალ დროს რას ვაკეთებთ. კერძოდ, მეცნიერები აცხადებენ, რომ შესაძლოა, ტელევიზორის დიდხანს ყურებამ დემენციის ჩამოყალიბების რისკი გაზარდოს.
"ჩვენი მიგნება მიანიშნებს, რომ თავისუფალი დროის მჯდომარე მდგომარეობაში გატარების გავლენა ტვინზე გამიჯნულია იმისგან, თუ ფიზიკურად რამდენად აქტიურები ვართ. ასევე, მიუთითებს, რომ მენტალური აქტიურობა, მაგალითად, კომპიუტერის გამოყენება, შედარებით ამცირებს დემენციის რისკს, რომელიც უფრო მეტად ისეთ პასიურ ქცევასთანაა დაკავშირებული, როგორიც ტელევიზორის ყურებაა", — ამბობენ ავტორები.
ამ დასკვნამდე სპეციალისტები დიდი ბრიტანეთის ბიობანკის ანონიმური მონაცემების გაანალიზების გზით მივიდნენ. მეცნიერებმა 60 და მეტი ასაკის დაახლოებით 145 000 ადამიანის სამედიცინო ისტორია შეისწავლეს. პროექტის დაწყებისას, 2006 წელს, მათგან დემენცია არცერთს ჰქონდა, თუმცა 12 წლის შემდეგ ეს დიაგნოზი 3 500 პიროვნებას დაუსვეს.
ზემოხსენებულ დიაგნოზსა და ტელევიზორის ყურებას შორის მჭიდრო კავშირი გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ საქმე მხოლოდ ჯდომას არ ეხება, არამედ მნიშვნელოვანია, ამ დროს რას ვაკეთებთ, კერძოდ, რამდენად ვიყენებთ კოგნიტიურ ფუნქციებს. მაგალითისთვის, ჯდომისას კითხვა ნაკლები საფრთხის შემცველია.
აქვე უნდა ითქვას, რომ ფიზიკური აქტიურობა, რა თქმა უნდა, დემენციის განვითარების პროცესს ეწინააღმდეგება, მაგრამ ახალი კვლევის თანახმად, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, თუ სხვა დროს რით ვართ დაკავებული.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები