შექმნეს ჩაფხუტი, რომელიც ხანდაზმულთა მეხსიერებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს
ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს ახალი და ეფექტური მეთოდი ხანდაზმულებში მეხსიერების გასაუმჯობესებლად.
რაც მთავარია, ის არაინვაზიურია. ერთადერთი რაც საჭიროა, ეს ჩაფხუტის ტარებაა, რომელიც ელექტრო დენებს აგზავნის ტვინის სამიზნე ნაწილებში.
თუ ეს ზედმეტად კარგად ჟღერს იმისთვის, რომ სიმართლე იყოს, ეს ასეც არის! მეცნიერები დიდი ხანია ეძებენ მეხსიერების გაუარესების მკურნალობის მეთოდებს და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მკვლევრების კვლევის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Neuroscience, წინასწარია. თუმცა, შედეგები ნამდვილად პერსპექტიულად ჟღერს და შეიძლება გამოგვადგეს ისეთი დაავადებების მკურნალობაში როგორიცაა ალცჰაიმერი და დემენცია.
ჩაფხუტი მუშაობს ელექტრული სიგნალების გაგზავნით პრეფრონტალურსა და პარიეტალურ ქერქში, რაც ხელს უწყობს ინფორმაციის შენახვასა და გახსენებას. ვინაიდან ტვინი ფუნქციონირებს როგორც ქიმიური, ასევე ელექტრო შეტყობინებების საშუალებით, მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ელექტრული სიგნალები მეხსიერებისა და ტვინის სპეციფიკურ ტალღებს აძლიერებდნენ.
ტესტირების პირველი რაუნდისთვის მკვლევრებმა 60 მოხალისე აარჩიეს, რომლებიც სამ ჯგუფად დაყვეს. მოხალისეების ასაკი 65-დან 88 წლამდე მერყეობდა. ყოველი მათგანი ატარებდა ელექტროდებით დატვირთულ ჩაფხუტს ყოველდღიურად 20 წუთის განმავლობაში. ეს ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ერთმა ჯგუფმა მიიღო მაღალი სიხშირის (60 ჰერცი) გამა ტალღები პრეფრონტალურ ქერქში, მეორე ჯგუფმა მიიღო დაბალი სიხშირის (4 ჰერცი) თეტა ტალღები. ხოლო მესამე საკონტროლო ჯგუფმა მიიღო პლაცებო.
ყოველდღიური პროცედურების დროს — სანამ მონაწილეთა ტვინები ტალღებს იღებდნენ — მეცნიერებმა სთხოვეს მათ დაემახსოვრებინათ გარკვეული სიტყვები. მკურნალობის დასრულების შემდეგ, თითოეულმა ინდივიდმა დაუყოვნებლივ გაიარა სიტყვების გახსენების ტესტები.
შედეგები იმედისმომცემი აღმოჩნდა. 20 ადამიანიდან ჩვიდმეტმა, ვინც მიიღო გამა ტალღები, აჩვენა გრძელვადიანი მეხსიერების გაუმჯობესება. თეტა ტალღის შემთხვევაში 20-დან თვრამეტმა მოკლევადიანი მეხსიერების გაუმჯობესება აჩვენა. ეს საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რომლებმაც პლაცებო მიიღეს, მნიშვნელოვნად კარგი შედეგი იყო.
მეცნიერებმა საბოლოოდ 150 ადამიანი გამოსცადეს, რასაც შემდგომი ტესტირების რაუნდები მოჰყვა, რამაც შედეგები კვლავაც დაადასტურა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მონაწილეებს მეხსიერების გაუმჯობესება ტესტირებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგაც აღენიშნებოდათ.
კომენტარები