დასავლეთი ახალი გამოწვევის წინაშეა — პოლიომიელიტის ვირუსი დაბრუნდა
ვირუსმა ინფიცირებულებში ნაწილობრივი პარალიზება გამოიწვია
რამდენიმე კვირის წინ ნიუ იორკის გარეუბანში პოლიომიელიტით დაინფიცირების შედეგად ადამიანი პარალიზდა. ეს შოკისმომგვრელი ფაქტია, რადგან ათწლეულების განმავლობაში ქვეყნებში, სადაც არის სანიტარია, ვაქციანაცია და საყოველთაო ჯანდაცვა, პოლიომიელიტის არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა. დაავადება აშშ-ში სრულად 1979 წელს აღმოფხვრეს, ამერიკის ორივე კონტინენტზე — 1994 წელს, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში — 2003 წელს. და ახლა ნიუ იორკსა და ლონდონში პოლიომიელიტის შემთხვევები ფიქსირდება.
სამწუხაროდ, ეს ვირუსი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში დღემდეა გავრცელებული. 1988 წლიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით ვირუსის სრულად ელიმინაციის მიზნით გლობალური კამპანია დაიწყო. შარშან პოლიომიელიტმა პარალიზება — რომლის მკურნალობა, გამოსწორება ვეღარ ხერხდება — ორ ისეთ ქვეყანაში გამოიწვია, რომლებშიც ის არასდროს დაფიქსირებულა და 21 ქვეყანაში კიდე თავიდან გაჩნდა.
დაავადების ექსპერტები დასავლურ ქვეყნებში ვირუსის გაჩენით არ არიან გაოცებულნი. მათი აზრით, წლების მანძილზე ბიუჯეტის შემცირებით, ვაქცინაციებისგან თავის არიდებითა და ჯანდაცვის სექტორის მოდუნებით ვირუსისგან თავდაცვის მექანიზმები შესუსტდა."ამან ხალხი უნდა გამოაღვიძოს", — ამბობს პროფესორი ჰეიდი ლარსონი. "ჩვენ ამას სულ გავიმეორებთ — სანამ ვირუსი მსოფლიოდან სრულად არაა აღმოფხვრილი, ჩვენ ყველანი რისკის ქვეშ ვართ".
საჯარო ჯანდაცვის ექსპერტები კი განგაშის ზარს სცემენ, რადგან პოლიომიელიტით გამოწვეული პარალიზება მხოლოდ აისბერგის მწვერვალს წარმოადგენს: ყოველი პარალიზებული ადამიანის შემთხვევაში ითვლება, რომ რამდენიმე ასეულობით სხვა ადამიანს უსიმპტომო ინფექცია ექნება, რაც ვირუსს მათში და შემდეგ გარემოში გამრავლების საშუალებას აძლევს.
ამ განგაშის შედეგია ის, რომ ლონდონისა და ნიუ იორკის ჯანდაცვის სამსახურებმა ყველა ბავშვს, რომელიც 9 წლის ან უფრო პატარაა, ვაქცინაციის ბუსტერ დოზა შესთავაზეს. "პოლიომიელიტისგან პარალიზების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია ვაქციანაცია, რომელიც 99%-ითაა ეფექტური", — ამბობს პროფესორი დანიელ პასტულა. "თუ თქვენ ან თქვენი შვილი არ არის აცრილი და პოლიომიელიტი თქვენს თემშია გავრცელებული, მაშინ თქვენ პოლიო პარალიზების დიდი რისკის ქვეშ ხართ."
როგორ და რატომ აღმოჩდნა ვირუსი ლონდონსა და ნიუ იორკში?
იმის გასაგებად, თუ როგორ აღმოჩნდა ეს ვირუსი ამ ორ ქალაქში, საჭიროა, გადავხედოთ ვირუსის ვაქცინაციის მოკლე ისტორიას.
პოლიომიელიტის ორი ვაქცინა არსებობს: სალკის ვაქცინა, რომელიც მკვდარი ვირუსებისგან შედგება, დაავადებისგან იცავს, თუმცა არა მისი გადაცემისგან. ამ ვაქცინას ინიექციით (ნემსით) იღებენ; მეორე საბინას ვაქცინაა. ის დასუსტებული ვირუსებისგან შედგება და როგორც დაავადებისგან, ისე მისი გადაცემისგან იცავს. ეს უკანასკნელი ორალური გზით სითხის სახით მიიღება. გამომდინარე იქიდან, რომ მეორე ვაქცინის მიღება ძალიან მარტივია და არ მოითხოვს არც სამედიცინო მუშაკს და არც რაიმე აღჭურვილობას, ამიტომ მთელს მსფოლიოში წლების მანძილზე ზუსტად ამ ვაქცინას იღებდნენ. მისი უპირატესობა კიდევ ისაა, რომ ის დეფეკაციისას (კუჭში გასვლისას) გამოიყოფა და დაბინძურებული წყლით გარემოში ვრცელდება, რითაც იმ გარემოში მცხოვრებ ადამიანებსაც იცავს. თუმცა, სამწუხაროდ, რამდენიმე მილიონი დოზიდან ზოგიერთი ვირუსი "არასაკმარისად" დასუსტებული იყო, რაც ვაქცინაციის შემდეგ ადამიანის დაინფიცირებას იწვევდა. შესაბამისად გარემოში ვირუსის გამოყოფისა და გავრცელების შემდეგ ადამიანთათვის საკმაოდ საშიში ხდებოდა. ზუსტად ამიტომ დასავლეთის ქვეყნებმა ორალური ვაქცინის გამოყენება მალევე შეწყვიტეს, თუმცა მისი მიღება სხვა ქვეყნებში იმის იმედად, რომ მოსახლეობის საერთო იმუნიტეტი მალე ამაღლდებოდა, გააგრძელეს. ამერიკაში პოლიომიელიტით დაინფიცირებული ადამიანის ვირუსის წყარო ზუსტადაც ორალური ვაქცინაა (ორალური ვაქცინის შედეგად გავრცელებული ვირუსი), რაც იმაზე მეტყველებს, რომ დასავლეთი ვირუსისგან საკმარისად არაა დაცული. შარშან 20 ქვეყანაში ამ გზით გავრცელებული პოლიომიელიტის 688 შემთხვევა დაფიქსირდა.
კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც არაა ვირუსი დღემდე აღმოფხვრილი და ის ამერიკისა და ბრიტანეთის ქალაქებში აღმოჩნდა, არის ვაქცინიდან მეორე ტიპის პოლიომიელიტის შტამის ამოღება. სულ სამი შტამის პოლიომიელიტი არსებობს. თავიდან სამივე შტამი იყო ჩართული ვაქცინაში, მაგრამ დროსთან ერთად მეორე ტიპის შტამის რიცხვმა საგრძნობლად იკლო, თითქმის გაქრა და მეცნიერებმა გადაწყვიტეს, 2016 წლიდან ის ვაქცინიდან ამოეღოთ. "ვფიქრობ, ამის აღწერის საუკეთესო ფრაზა არის მიამიტური შეცდომა", — ამბობს პროფესორი სვეა კლოსერი. იყო ალბათობა, რომ ვირუსს შესაძლოა, ეარსება გარემოში ან ადამიანებში არააქტიური სახით და ზუსტად ასეც მოხდა. ვაქცინიდან მისი ამოღების შემდეგ მეორე ტიპის შტამი დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია და ლონდონსა და ნიუ იორკში დაინფიცირებულ ადამიანებსაც ზუსტად ეს შტამი აქვთ.
ამიტომ აუცილებელია, სასწრაფოდ განახლდეს მასობრივი იმუნიზაცია. რანაირად დაავიწყდათ ადამიანებს ის საშინელება, რაც გასული საუკუნის შუა წლებში ხდებოდა? პანიკა, რამაც ყველა სკოლა, დაწესებულება დახურა; რიგები ვაქცინის მისაღებად. პოლიომიელიტი არ არის კორონა, ის გაცილებით საშიში და გამანადგურებელი შედეგების მქონე ვირუსია. ერთი პოლიომიელიტით პარალიზებული ადამიანი ნიშნავს, რომ მის გარშემო კიდევ 2000 არის დაინფიცირებული. ამიტომ უნდა დავიწყოთ ბუსტერ დოზების მიღება და მუდამ გვახსოვდეს, სანამ ერთ ადგილას მაინც მსოფლიოში ეს ვირუსი იქნება, ჩვენ ყველანი რისკის ქვეშ ვიქნებით.
წაიკითხეთ ასევე: ბოლო ათწლეულში პირველად, აშშ-ში პოლიომიელიტის ვირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
კომენტარები