ნარცისები შეთქმულების თეორიების მიმართ არიან მიდრეკილნი — კვლევა
წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან როგორც ნარცისები — მათ, ვისაც საკუთარი მნიშვნელობის გაზივადებული შეგრძნება, თანაგრძნობის ნაკლებობა და ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი აქვს — უფრო მიდრეკილნი არიან შეთქმულების თეორიებისკენ.
ახალი კვლევა კი გვთავაზობს ახსნას თუ რატომ შეიძლება ნარცისიზმი კონსპარაციული თეორიების დაჯერებასთან იყოს დაკავშირებული. კვლევის მიხედვით პარანოია, განსხვავებულობის სურვილი და უნიკალურობის შეგრძნება ეს ყველაფერი დაკავშირებულია კონსპირაციულ თეორიებთან.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ თითოეული ეს ფსიქოლოგიური პროცესი დაკავშირებულია სხვადასხვა კომპონენტთან, რომლებიც ქმნიან ნარცისიზმს.
"ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ნარცისიზმის კომპონენტებს შეუძლია მიდრეკილება გააჩინოს შეთქმულების თეორიების მიმართ. ეს ფსიქოლოგიური პროცესების გამო ხდება", — წერენ მკვლევრები თავიანთ გამოქვეყნებულ ნაშრომში.
პირველ რიგში, არის პარანოია, ნარცისების მიდრეკილება, სჯეროდეთ, რომ სხვა ადამიანები ცდილობენ მათთვის ცუდის გაკეთებას. ეს აადვილებს გარკვეული შეთქმულების თეორიების დაჯერებას.
მეორე, დომინირებისა და კონტროლის საჭიროებაა. ნარცისების ამ მოთხოვნილებამ შეიძლება შეთქმულების თეორიები მიმზიდველად აქციოს, როგორც ბრალის გადატანის საშუალება — სხვა ჯგუფის განტევების ვაცად გამოყენება, სხვებისთვის გადაბრალება.
მესამე პროცესი, უნიკალურობის ნარცისისტული მოთხოვნილება, შეიძლება უკავშირდებოდეს შეთქმულების თეორიებს, რადგან ისინი გვპირდებიან წვდომას პრივილეგირებულ ან ფარულ ინფორმაციაზე, რომელიც სხვებისთვის მიუწვდომელია. ეს ნარცისს უფრო განსაკუთრებულს ხდის.
მკვლევრები ასევე მნიშვნელოვან ფაქტორებზე საუბრობენ. მაგალითად, ნარცისიზმი უფრო მაღალია პოლიტიკოსებში, ვიდრე ზოგადად მოსახლეობაში, რაც ნიშნავს, რომ არსებობს საშიშროება, მთავრობაში მყოფი პირები უფრო მგრძნობიარენი იყვნენ შეთქმულების თეორიების მიმართ.
"ნარცისები მიდრეკილნი არიან პოლიტიკისკენ. ისინი ამ მხრივ თავს კვალიფიციურად მიიჩნევენ და ხშირად პოლიტიკაში მოღვაწეობაც სურთ", — აღნიშნავენ მკვლევრები.
მკვლევრები ასევე ვარაუდობენ, რომ მათ მიერ გაანალიზებული ფსიქოლოგიური პროცესები ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს კოლექტიურ ნარცისიზმთან — მაგალითად, ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს სჯერა, რომ ისინი განსაკუთრებულები და უნიკალურები არიან, შესაბამისად, მხოლოდ მათ იციან ის რაზეც სხვებს წარმოდგენა არ აქვთ.
მომავალი კვლევები მოიცავს იმის შესწავლას თუ როგორ ავრცელებენ ნარცისები შეთქმულების თეორიებს (მაგალითად, სოციალურ მედიაში) და როგორ შეიძლება ეს აღმოჩენები დაკავშირებული იყოს სხვა სახის ყალბ ან განზრახ სენსაციურ ინფორმაციასთან შეთქმულების თეორიის მიღმა.
კვლევა ჟურნალ Current Opinion in Psychology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები