საკუთარი თავის შეყვარება, აქტივიზმი და მუსიკა — ანრი კერესელიძის გამოცდილება
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Queer.ge-ზე. On.ge მასალას ავრცელებს პარტნიორობის ფარგლებში.
"ახლა რომ ვფიქრობ, საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ყოველთვის ვიცოდი, სხვადასხვა ნიშნით შეიძლებოდა იმის მიხვედრა, რომ გეი ვარ. თუმცა, ინფორმაციის არქონის გამო რაღაცების განსაზღვრა რთული იყო და რაც ჩემამდე აღწევდა, ძირითადად, შეურაცხმყოფელ ტერმინებში იყო მოქცეული, როგორც რაღაც არასწორი", — იხსენებს დამწყები მუსიკოსი და ქვიარ აქტივისტი, ანრი კერესელიძე. მან ჯერ კიდევ ბავშვობაში გააცნობიერა ისიც, რომ ამაზე სხვებთან ღიად საუბარი საფრთხისშემცველი იყო.
"ჯერ კიდევ ბავშვური თამაშებისას, და მსგავსი გამოცდილება, ვთვლი, რომ გარშემო ბევრს ჰქონია, რაღაცების გაზიარება, ღიად თქმა მინდოდა, თუმცა თავიდანვე მივხვდი, რომ სხვები სწორად ვერ გაიგებდნენ. ეს ის პერიოდი იყო, როცა პირველად ჩავიკეტე და არასწორადაც კი მივიჩნიე მისწრაფებები, რომლებზე ღიად საუბარიც მჭირდებოდა", — ამბობს ანრი.
ანრი კერესელიძემ საკუთარ თავთან ბრძოლის გზა გაიარა, რასაც სექსუალურ ორიენტაციაზე მეგობართან საუბარი, შემდეგ ლგბტქი ორგანიზაციების ღონისძიებებზე სიარული და ანდერგრაუნდ სივრცეში საკუთარი თავის შეყვარება მოჰყვა. ერთ დღეს კი ეს გზა აქტივისტურ საქმიანობამდე მივიდა.
საკუთარ თავთან ბრძოლა, პირველი სიყვარული და ქამინგაუთი
რადგან გარემო ისეთი იყო, რომ იდენტობაზე, სექსუალურ ორიენტაციაზე კითხვების დასმაც კი არასწორად მიიჩნეოდა, საკუთარ თავთან ბრძოლა დავიწყე. სხვადასხვა გზა მოვსინჯე და ვიყენებდი ყველა რესურსს, რაც იმ დროს გამაჩნდა. დავიწყე ეკლესიაში სიარული, სტიქაროსანი გავხდი და მოლოდინი მქონდა, რომ ამ გზით რაღაცების გადაფარვას შევძლებდი.
საკუთარ თავთან ბრძოლამ სრულწლოვანებამდე გასტანა, უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ რაღაცები შეიცვალა. იქამდე ჩემს იდენტობაზე არავისთან მისაუბრია, ანონიმური ფეისბუკ ანგარიში მქონდა და მხოლოდ იქ ვბედავდი, რომ რაღაცებზე მეწერა, ამ აზრებს კი სხვა ანონიმურ ანგარიშებს ვუზიარებდი. ეს ანონიმური სივრცე იქცა საკუთარი თავის გამომზეურების პირველ საშუალებად.
პირველი შეყვარებული სწორედ ანონიმური ფეისბუკის მეშვეობით გავიცანი. მაგ დროს მივხვდი, ეს ის მოცემულობა იყო, რომელშიც საკუთარი თავი ვიპოვე. იქამდე საკუთარ თავს ვუმტკიცებდი, რომ ბისექსუალი ვიყავი, რაც ერთგვარი ხელჩასაჭიდი იყო. საკუთარ თავთან არსებული უამრავი კითხვის გამო პირველი სექსი ქალთან მქონდა და ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ გეი ვარ.
საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე პირველად მეგობართან ვისაუბრე, რომელიც იქამდე თვითონ გამომიტყდა. ის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანი გახდა, რადგან ერთმანეთს ვშველოდით, ღიად საუბარი შეგვეძლო. ამ ადამიანმა შემაძლებინა საუბარი ისეთ თემებზე, რომლებზე ღიად საუბარიც იქამდე არ შემეძლო. ამიტომ დღემდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მეგობარია.
ლგბტქი ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სოციალიზებაც არ მინდოდა, რადგან სტიგმის გამო იმ ადამიანებთან არავითარი კავშირი არ მინდოდა მქონოდა, რომლებიც საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე ღიად საუბრობდნენ. შეყვარებულთან დაშორების შემდეგ მძიმე პერიოდი მქონდა და საჭიროებიდან გამომდინარე დავუკავშირდი თანადგომის სოციალურ მუშაკს.
იმავე პერიოდში WISG-ის შეხვედრებს ვესწრებოდი, რომელთა შესახებაც მეგობრისგან, ლესბოსელი გოგოსგან გავიგე, მაგრამ საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში ისევ ვიყავი. მცირე ასაკიდან იმდენად გვაჩვევენ, რომ საკუთარი თავი ღიად არ უნდა გამოვხატოთ, რომ შიში და უხერხულობა მქონდა. შეხვედრებზე იდენტობაზე, სხვა არაერთ მნიშვნელოვან თემაზე საუბრობდნენ, რაზეც იქამდე წარმოდგენა არ მქონდა. მაშინ გავიგე, რომ გენდერი და სექსუალობა სხვადასხვა ცნებებია და საკუთარი თავის შენება ფაზლივით დავიწყე. მივხვდი, რომ ცისგენდერი (ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობაც ბიოლოგიურ სქესთან თანხვედრაშია) ვარ, რომლისთვისაც მასკულინობა კომფორტულია.
ანდერგრაუნდ სივრცეები, რომლებმაც საკუთარი თავის სიყვარული შეაძლებინა
ჩემს პირველ ჰორუმნაითზე (ყოველთვიური ქვიარ მუსიკალური საღამოების სერია, რომელსაც კლუბი ბასიანი მასპინძლობს) მარტო წავედი და ულამაზესი სცენა, დრეგ შოუ ვნახე, რომელმაც შემძრა. ეს შვება იყო. იქ პირველად მივხვდი, რომ მარტო არ ვარ. ეს იყო სივრცე, რომელში შესვლამაც საკუთარი თავის შეყვარება, ჩახუტება, დანახვა შემაძლებინა. ბევრისთვის ეს რთული პროცესია და მთელი ცხოვრება ვერ ახერხებენ, მაგრამ იმ მომენტში რატომღაც გამიმარტივდა.
იმავე პერიოდში იყო გალერის ღონისძიებები, მოგვიანებით საქსესი და სულ უფრო მეტად, ამ სივრცეების გავლით ვიღებდი საკუთარ თავსაც და არაერთი ადამიანიც ვიპოვე. რაც არ უნდა იკითხო, რამდენად დიდი წარმოდგენაც არ უნდა გქონდეს გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ, თუ ადამიანებთან პირადად ურთიერთობის გამოცდილება არ გაქვს, რთულია რაღაცებს ბოლომდე მიხვდე. მუდმივად არასწორ წარმოდგენებს გილექავენ ქვიარ ადამიანების შესახებ და სტიგმების მსხვრევა ამ სოციალიზაციის სივრცეების გარეშე რთულია. იქამდე ტრანსფობი, ჰომოფობიც ვიყავი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება, სიახლის მიღების გამბედაობა, რადგან შიში საკუთარი და სხვების მიღების პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს.
საქსესში მივდიოდი და სწრაფადვე უკან მოვდიოდი. მერე უფრო გავიხსენი და ადამიანებთან ურთიერთობა, საკუთარი თავის ღიად გამოხატვა დავიწყე, მეგობრები შევიძინე, რომელთაც ჩემი ესმოდათ. სოციალიზაცია საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენთვის ამ სივრცეებით არის შემოსაზღვრული.
ანდერგრაუნდ სივრცეში მუსიკის სიყვარულით აღმოვჩნდი, ბავშვობიდან მუსიკალური ადამიანი ვიყავი, მერე უკვე მუსიკის წერაც დავიწყე. ახალი, ხარისხიანი მუსიკის მოსმენა და სოციალიზაცია ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. მუსიკამ და იდენტობამ რაღაცნაირად გამაერთიანა. მერე უკვე ყველა შეხვედრას, ორგანიზაციების აქტივობებს ვესწრებოდი — იდენტობის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თუ აქტივიზმის შესახებ.
სხვების დახმარების პირველი მცდელობები და გულისწყვეტა
გავაცნობიერე, რომ ყველაზე საჭირო მომენტში ცენტრ თანადგომას თანამშრომლისთვის რომ არ მიმეწერა, ეს შესაძლებლობა რომ არ მქონოდა, ჩემი ცხოვრების იმ პერიოდის უკან მოტოვება ბევრად გამიჭირდებოდა. ამან მიმახვედრა, რამდენად მნიშვნელოვანია აქტივისტების საქმიანობა.
შეხვედრებზე რასაც ვისმენდი, ვუზიარებდი ყველას — მიმოწერისას თუ პაემნებისას და ეს არანაკლებ საჭირო ჯაჭვია. მაშინ უბრალოდ ვფიქრობდი, რომ თუ პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვს და გინდა, რომ კარგი მოქალაქე იყო, სხვებსაც უნდა გააგებინო ის, რაც შენ გაიგე, მიიღე. მიმაჩნდა, რომ ეს ჩემი ვალი იყო. მაგ დროს ერთ-ერთ მღვდელთანაც მქონდა პაემანი, რომელიც საკუთარი თავის ვერ მიღების გამო მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე. მაშინ მისი გაგება მიჭირდა, ვერ ვხვდებოდი, ადამიანს საკუთარი ბედნიერების სანაცვლოდ მსგავსი გადაწყვეტილება რატომ უნდა მიეღო. გული მწყდებოდა, რომ სხვებს არ შეეძლოთ ის, რაც მე შევძელი. ახლა ვიცი, რომ წნეხი ამ ყველაფერს ართულებს და ადამიანების გამოცდილების გაგება უნდა ვცადოთ.
თანასწორობის მოძრაობის აქტივისტურ ბანაკშიც ვიყავი, მერე კვლევებსაც ვაკეთებდი, ექიმებთან და სოციალურ მუშაკებთან მიმუშავია და ვხედავდი, რამდენად არასწორი განწყობები იყო. ამ გამოკითხვებისას რეაქცია არ უნდა გამემჟღავნებინა და ამავდროულად ვისმენდი ჩემთვის იქამდე რთულად წარმოსადგენ დამოკიდებულებს.
საქსესში ვმუშაობდი და ჰომოფობიური განწყობებთან შეჯახება მუდმივად მიწევდა. ესეც ძალიან სენსიტიური იყო, რადგან საკუთარი თავის მიღების გზა გავლილი მქონდა და ვერ ვიგებდი აგრესიას, რომელიც მოდიოდა.
რაღაც გრძელი პროცესია — ჯერ საკუთარ თავს ემალები, მერე იღებ. საკუთარ თავს შეიყვარებ და ცდილობ, სხვებსაც დაანახო, ვინ ხარ რეალურად, რატომ არის გაუმართლებელი ვერმიღება მხოლოდ ორიენტაციის გამო. მაგ პერიოდში მუდმივად, ყველა სივრცეში, ნებისმიერი ადამიანისთვის დავიწყე ახსნა, რომ ის ფაქტი, რომ გეი ვარ, სულაც არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანი ვარ. თან ხშირად ისე ხდებოდა, რომ მისაუბრია არაერთ ადამიანთან, რომელსაც გეისთან საუბარი პირველად ჰქონდა. უამრავ კითხვას მისვამდნენ და მეც ვპასუხობდი, ვხვდებოდი, რომ ბევრისგან განსხვავებით, სოციალიზაციის "ფუფუნება" მქონდა. ადამიანები განწყობებს არარეალურ წარმოდგენების მიხედვით, სხვადასხვა სატელევიზიო შოუდან იქმნიდნენ. პირისპირ აღმოჩნდები და გეუბნებიან, რომ შენ კი კარგი ხარ, მაგრამ სხვები არა. ვუხსნიდი, რომ ანალოგიურად ზოგიერთი ჰეტეროსექსუალი კარგია, სხვები ნაკლებად და ამ აბსურდულ მოსაზრებას არ უნდა დააფუძნოს საკუთარი განწყობა. სამართლიანი ადამიანი ვარ, ჩემი სიმართლის შებღალვას ვერავის შევარჩენ, ალბათ, ახსნასაც ამიტომ ვუთმობდი დიდ დროს.
TBILISI PRIDE-ში მუშაობა და ლგბტქი თემში არსებული უთანხმოება
მერე თბილისი პრაიდში მივედი და აღმოვჩნდი იმ მხარეს, რაც ერთ დროს წარმოუდგენლად მიმაჩნდა. პრაიდში მისვლა ხილვადობის გაძლიერების სურვილმა განაპირობა, კამპანიურ წამოწყებებშიც ამიტომ ჩავერთე. მიმაჩნია, რომ რთული გამოცდილებები გავიარე — ბავშვობიდან დალექილ არასწორ წარმოდგენებს დღემდე ვებრძვი, ამიტომ აუცილებელია, რომ სხვებს, ახალგაზრდებს შევუქმნათ გარემო, რომელშიც საკუთარი თავის გამოხატვას ბევრად თავისუფლად შეძლებენ. ხშირად ისიც კი ძალიან რთულია, საკუთარ თავს გამოუტყდე, რომ ქვიარი ხარ. აუცილებელია, ღიად ვისაუბროთ, ყოველდღიურად და იმ ადამიანებსაც, რომლებიც აგრესიულად არიან განწყობილი ან ინერტულები არიან, დავანახოთ, რომ მათთან საუბარი გვინდა.
პრაიდში მუშაობისას პირდაპირ შევეჯახე მოცემულობას, რომ ლგბტქი საზოგადოებაშიც არსებობს ორი პოლუსი — ისინი, ვინც ხილვადობის პოლიტიკით იბრძვიან და ისინი, ვინც ღიაობის პოლიტიკას ემიჯნებიან. მე კი მგონია, რომ სხვადასხვა აზრზე მყოფი ადამიანების შრომა თანაბრად მნიშვნელოვანია და საერთო წერტილების გამონახვა უნდა შეგვეძლოს.
ხშირად ვფიქრობ, რა ვისწავლეთ 2013 წლის გამოცდილებიდან, გასული წლის 5 ივლისისგან?
2021 წლის ხუთმა ივლისმა ორნაირი შედეგი მოიტანა — სამწუხარო დღეები გავიარეთ და ამავდროულად, ღიად დავინახეთ, რომ ძალადობრივი ჯგუფი არის მცირე, ორგანიზებული და მათ ხელისუფლება, ეკლესია უმაგრებს ზურგს. შეიძლება ითქვას, რომ ომს გავდივართ და ამ პროცესში საკუთარი თავის ფლობა არ უნდა დავკარგოთ.
ალტ-ინფო რუსეთთან არის კავშირში, მაგრამ თითქოს ხალხმა დაივიწყა რუსეთ-საქართველოს გამოცდილება, რუსული აგრესია. ახლა იმავეს უკრაინა გადის და ომის დაწყების მიზეზად რუსეთის ეკლესიის პატრიარქმა ქვიარ ადამიანები დაასახელა. იგივეა ჩვენთანაც — პრორუსული ძალები ლგბტქი ადამიანებთან ბრძოლით ცდილობენ ფონს გასვლას. ეს სიძულვილის პოლიტიკა, როცა ჩემი არსებობა ვიღაცისთვის მანიპულაციის საგანია, ამაზრზენია.
6 ივლისს კი აღმოჩნდა, რომ იმაზე ბევრად მეტნი ვართ, ვიდრე იქამდე მეგონა და თანამოაზრეებიც ბევრად მეტნი არიან. თუმცა ხელისუფლების მხარდაჭერის არარსებობა ართულებს თანასწორობის იდეის მქონე ადამიანების მხრიდან პოზიციის ღიად დაფიქსირებას.
მე ვგრძნობ ძვრებს და განწყობების ცვლილებას და ეს თითოეული ორგანიზაციის, თითოეული ადამიანის დამსახურებაა, რომელიც ღიად საუბრობს; ყველა ადამიანის, რომელიც ანდერგრაუნდში მუშაობს, რომელსაც თუნდაც ერთი ადამიანისთვის აუხსნია, რომ სიძულვილი გამართლებული არ არის.
5 ივლისის შემდეგ პოსტტრავმული სტრესი დამეწყო, მაგრამ იმ დღეებში მედგრად ვიდექი, გაბრაზებული ვიყავი და შემართებით. ჩვენ შიშველი ხელებით, მშვიდობიანად გვინდა გასვლა და ჩვენ წინაშე არსებულ პრობლემებზე ღიად საუბარი, საპირისპირო მხარეს კი ძალადობას ვხედავთ.
5 ივლისის შემდეგ ერთ ბიჭთან მქონდა პაემანი და აღმოჩნდა, რომ ის მაშინ ჩვენ წინააღმდეგ იდგა — ამის მიზეზი შიში, თავდაცვა, იქნებ სულაც სახელმწიფო უწყებების მხრიდან შანტაჟია.
სამომავლო გეგმები, რომლებიც მუსიკას უკავშირდება და ქვეყნიდან წასვლა, როგორც საკუთარ თავზე ზრუნვის გზა
მუსიკის კეთება ბავშვობიდან მინდა. როგორც მუსიკაში ვიპოვე თავი, ისე ვერსად, მაგრამ საქართველოში ამით შემოსავლის ქონა რთულად წარმოსადგენია, თანაც უფლებების დაცვაზე, საკუთარი თავის გაძლიერებაზე, ყოველდღიურ გამოწვევებზე ფიქრი საკმარის დროს აღარ გიტოვებს. არადა, ჩემთვის მუსიკაც რაღაცებზე ღიად საუბრის, პროტესტის მძლავრი გზაა. ხშირად მოტივაციას ვკარგავ, მაგრამ მერე როგორღაც გადატვირთვას ვახერხებ. ახლა იმ ეტაპზე ვარ, როცა შემოტრიალების წერტილი მაქვს, შევძელი და ალბომი — Glitters and Pain ჩავწერე, რომლის პრეზენტაციაც სექტემბრის ბოლოს შედგება. უკვე მზად მაქვს მეორე ალბომი, რომლის პრემიერაც მოგვიანებით, ესპანურ ჩენელზე იქნება. ჩემი კარიერული მიზნები აუცილებლად კიდევ უფრო განვითარდება, მაგრამ ვფიქრობ, სხვა ქვეყანაში.
Henry Keller-ის ერთ-ერთი ტრეკი არტისტის მეორე ალბომიდან — GAYISNTREAL:
საქართველოში რაც მაკლია, ერთმანეთზე ზრუნვა და სამართლიანობაა. ადამიანში რესურსის დანახვას არავინ ცდილობს, შესაძლებლობების მიცემა გვიჭირს და შედეგის მისაღწევად ხშირად მხოლოდ შრომაც არაა საკმარისი — მუდმივად მტკიცების პოზიციაში ყოფნა გიწევს. ერთმანეთის დანახვა გვიჭირს, მოტივაციის მიცემა, დაფასება. მინდა, ვიპოვო ადგილი, სადაც თავს კარგად ვიგრძნობ, შესაძლებლობებს ვიპოვი.
უკან როცა ვიხედები, რა თქმა უნდა, ისევ ვფიქრობ, რომ ბრძოლას აზრი აქვს, მაგრამ მოტივაცია მეკარგება და მგონია, რომ ჩემი ინტერესები მუდმივად რაღაცას ეწირება და ამასობაში დროს ვკარგავ, ამიტომ წასვლა მინდა და რაღაცების მოსინჯვა. არ მაქვს ილუზია, რომ წავალ სადმე და ყველაფერი მარტივად იქნება, განსაკუთრებით ქვიარ ადამიანებისთვის არ არსებობს იდეალური ადგილი. ყველგან არიან ადამიანები, რომლებიც ქუჩაში შეყვარებულისთვის ხელჩაკიდებულს რამეს მოგაძახებენ, თუმცა განსხვავებულია ის, რომ უფლებრივი მდგომარეობა უკეთესია ხოლმე.
წასვლა არ ნიშნავს, რომ აქტივიზმს ოდესმე მივატოვებ, თანაც უკვე ვახსენე, რომ აქტივიზმი და მუსიკა ჩემთვის ერთმანეთთან კავშირშია და მინდა უკეთესი შესაძლებლობები მოვნახო, საიდანაც უფრო მძლავრად შევძლებ, რომ არასწორ წარმოდგენებს შევუტიო, რასაც ჩემი ბავშვობა, მენტალური ჯანმრთელობა შეეწირა და ბევრი იარაც დამიტოვა.
თვითგამორკვევის პროცესში მყოფ ადამიანებს ვურჩევ, რომ სხვა ქვიარ ადამიანებთან ურთიერთობა იქონიონ, რადგან საუბრით ბევრად მარტივად იცვლება წარმოდგენები. იარონ თავშეყრის ადგილებში, ტრენინგებზე, შეხვედრებზე. ხშირად ძალიან არასწორი მითები არსებობს, თითქოს სხვადასხვა სივრცეში, საგანმანათლებლო შეხვედრებზე სიარული საფრთხეს უქმნის ადამიანს და შეიძლება ვინმემ შენი ორიენტაცია სხვებს გაუზიაროს, რაც ასე არაა, ქვიარ ადამიანებს დიდი მხარდაჭერა შეგვიძლია.
ჩვენს მოწინააღმდეგეებს უნდათ, რომ ქვიარ ადამიანები ერთმანეთთან დაპირისპირებული ვიყოთ, მაგრამ ბევრად ძლიერები ვიქნებოდით, თუ შევძლებთ ერთობლივად რაღაცების კეთებას, უფრო ღიად საუბარს.
და მაინც, იდეალური იქნებოდა, იარლიყებს რომ არ გვაწებებდნენ, ახსნა არ გვიწევდეს, წინასწარგანწყობები არ ჰქონდეთ ადამიანებს და ჰეტეროსექსუალი ადამიანებისგან განსხვავებით, მუდმივად რაღაცის მტკიცება არ გვიწევდეს.
კომენტარები