ასთმის სამკურნალო ახალი მეთოდი თაგვებზე წარმატებით გამოცადეს
ვარაუდობენ, რომ მთელ მსოფლიოში ასთმით 250 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება, იმავე მიზეზით სიკვდილის შემთხვევები კი ყოველწლიურად ასობით ათასამდე აღწევს. აქედან გამომდინარე, ამ დაავადების მკურნალობის ეფექტიანი გზების მოძებნა ძალიან მნიშვნელოვანია.
სწორედ ასეთი შეიძლება იყოს მეცნიერთა მიერ შემუშავებული ახალი პოტენციური მეთოდი, რომელიც გრძელვადიან შედეგს იძლევა და არა მხოლოდ სიმპტომებს ებრძვის, არამედ მათ გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზსაც უტევს. კერძოდ, პერიციტების სახელით ცნობილ ღეროვან უჯრედებს.
ისინი ძირითადად სისხლძარღვების შიდა საფარველის მიმდებარედ გვხვდება და ასთმის მქონე ადამიანებში ანთებითი ან ალერგიული პროცესების დროს სასუნთქი გზების გასქელებას განაპირობებს, რაც სუნთქვის გაძნელებას ედება საფუძვლად. ასეთ პრობლემასთან გასამკლავებლად სტეროიდებს იღებენ, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი გამოსავალია.
"მიზანში პირდაპირ სასუნთქი გზების ამოღებით ეს მიდგომა უფრო ხანგრძლივი შედეგის მომტან და ეფექტიან მკურნალობას გვთავაზობს, ვიდრე ამჟამად ხელმისაწვდომი მეთოდები. განსაკუთრებით მათთვის, ვისზეც სტეროიდები არ მოქმედებს", — აცხადებენ სპეციალისტები.
თუ პერიციტებს ზემოხსენებულ ადგილამდე მიღწევას შევაფერხებთ, შესაძლოა, სუნთქვის უკმარისობა ავიცილოთ თავიდან. ამისთვის მეცნიერებმა თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტში მსგავსი უჯრედების მოძრაობის ხელშემწყობი, CXCL12-ის სახელით ცნობილი ცილის სიგნალები გააუვნებლეს, რაც 1 კვირის განმავლობაში ასთმის სიმპტომების შემცირებით, 2 კვირის განმავლობაში კი მათი სრულად აღმოფხვრით დასრულდა.
მღრღნელების კონტროლ ჯგუფთან შედარებით, აღნიშნულ ექსპერიმენტში მონაწილე თაგვებს სასუნთქი გზები დათხელებული ჰქონდათ, რაც ახალი მეთოდის ეფექტიანობას გამოკვეთს. უნდა ითქვას, რომ ის მეცნიერებმა ადამიანის ქსოვილურ უჯრედებზეც გამოცადეს.
ავტორები ამბობენ, რომ ამ წარმატების მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი, სანამ მკურნალობის ეს ხერხი საბოლოოდ დაინერგება. მათი ნაშრომი გამოცემაში Respiratory Medicine გამოქვეყნდა.
კომენტარები