ბირთვულმა ომმა შესაძლოა, მილიარდობით ადამიანის შიმშილობა გამოიწვიოს — კვლევა
ყველამ ვიცით, რომ ბირთვული ომი კაცობრიობისთვისა და დედამიწის მთლიანი ეკოსისტემისთვის სერიოზული საფრთხეა, მაგრამ კონკრეტულად რას უნდა ველოდოთ ქვეყნებს შორის ასეთი დაძაბული კონფლიქტების დროს ატომური იარაღების გამოყენების შემთხვევაში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მეცნიერები აქამდეც ცდილობდნენ, თუმცა ტექნოლოგიის განვითარებამ და ცოდნის გაღრმავებამ უფრო კონკრეტულ შედეგებზე მსჯელობის შესაძლებლობა მოგვცა.
ამის მაგალითი უკანასკნელი კვლევაა, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტებმა ამინდის მოდელი გამოიყენეს. ასევე, ჩვენთვის ხელმისაწვდომი მარცვლეულის მოსავლისა და თევზეულის რესურსის გათვალისწინებით 6 სცენარი განიხილეს, რომელიც მათ ბირთვული დაპირისპირების ფონზე შიმშილობის დონის პროგნოზირებაში დაეხმარა.
პირველ რიგში, ასეთი ომი ასობით მილიონი ადამიანის დახოცვას მაშინვე გამოიწვევს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზრდება, რადგან საკვების ხელმისაწვდომობა საგრძნობლად შემცირდება, რაც მთელი მსოფლიოს პოპულაციაზე იქონიებს გავლენას. მეცნიერებმა გამოთვალეს, რა მოხდება ბირთვული აფეთქების გამო ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ჭვარტლისა და მტვრის დაგროვების შემდეგ, როგორ შეიცვლება ამინდი, როგორ აისახება ეს მცენარეებსა თუ ზღვის პროდუქტების რესურსზე, ნალექზე, პირდაპირ თუ გაფანტულ სინათლეზე და სხვა.
აღმოჩნდა, რომ თუნდაც ინდოეთისა და პაკისტანის ბირთვული დაპირისპირების შემთხვევაში, დაახლოებით 100 აფეთქების შედეგად, ატმოსფეროში 5 მილიონი მეტრული ტონა ნაწილაკი გაიფრქვევა, რის გამოც ადამიანთა უმეტესობას 8 პროცენტით ნაკლებ კალორიაზე მიუწვდება ხელი, მომდევნო წლებში კი 255 მილიონი ადამიანი შიმშილით მოკვდება. ირონიულია, მაგრამ კვების რაციონის ცვლილებამ შესაძლოა, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში მიღებული პროდუქტების რაოდენობა 5 პროცენტით გაზარდოს.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის კონფლიქტის შემთხვევაში, ათასობით ატომური ბომბის აფეთქება ატმოსფეროში 150 მილიონი მეტრული ტონა ნაწილაკის დაგროვებას განაპირობებს, რაც მთლიან მსოფლიოს კალორიების მარაგის 3/4-ს გამოაცლის. ამის მომდევნო 2 წლის განმავლობაში 5 მილიარდ ადამიანს გლობალურად ნელი შიმშილობა ემუქრება, როცა იმით გამოვიკვებებით, რაც ახლა ნარჩენად იქცევა.
მნიშვნელოვანი იქნება ისიც, თუ სად ვცხოვრობთ. მაგალითად, სცენარში, რომელშიც 250 ბომბი ფეთქდება და ჰაერში 27 მილიონი მეტრული ტონა მტვერი გამოიყოფა, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მაღალ განედებში მარცვლეულის მოსავლით მიღებული კალორიები 50 პროცენტით მცირდება, თევზისა კი 20-30 პროცენტით.
მეორე მხრივ, ეკვატორთან ახლოს მდებარე ქვეყნებში კალორიების რაოდენობა 10 პროცენტზე ნაკლებით შემცირდება. დაირღვევა სავაჭრო ურთიერთობებიც, რასაც გადაურჩება, მაგალითად, ავსტრალია, რომელიც საკუთარ საგაზაფხულო ხორბალს გამოიყენებს. იგივე შეიძლება ითქვას ახალ ზელანდიაზე, რომელიც უკეთეს სიტუაციაში აღმოჩნდება, ვიდრე ბრინჯის მსგავს მარცვლეულზე დამოკიდებული სახელმწიფოები. სამაგიეროდ, ამ ორ ქვეყანას მრავალრიცხოვანი მოსახლეობა მიაწყდება აზიიდან და სხვა რეგიონებიდან.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვარაუდებია და ბევრ მოსალოდნელ პოლიტიკურ ან სოციალურ ფაქტორს არ ითვალისწინებს, მაგრამ სხვა მხრივ ზუსტ მონაცემებს გვთავაზობს. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Food გამოქვეყნდა.
კომენტარები