აზერბაიჯანის ქვიარ სექსმუშაკები ორმაგი იზოლაციის პირისპირ
აზერბაიჯანში ქვიარ სექსმუშაკები ეროვნული და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან სისტემურ დსიკრიმინაციას განიცდიან, ამასთან, მათ უწევთ იბრძოლონ უფრო ფართო ქვიარ თემში მიმღებლობის მოსაპოვებლად.
17 წლის ასაკში სამსახურის დაკარგვის შემდეგ, მატანი იძულებული გახდა სექს სამუშაოსთვის მიემართა, რათა როგორღაც თავი გაეტანა. მატანი აღნიშნავს, რომ მისი ასაკი და ქროს-დრესინგი სხვა ალტერნატივის პოვნას ართულებდა.
დღეს, 19 წლის ასაკში, ის რეგულარულად ხდება საზოგადოების მხრიდან შეურაცხყოფის და პოლიციის მხრიდან დაშინების ობიექტი.
მატანის ხმა მის ბინასთან მდებარე ბარის ხმაურმა ჩაახშო — ის ჰყვება, რამდენად რთულია მისი მეგობრებისთვის ფართო ქვიარ თემში ადგილის პოვნა — მათ მხოლოდ ერთმანეთის იმედი აქვთ.
"ერთხელ, ჩემს ნაცნობ სექსმუშაკს დოლარებში გადაუხადეს. ფული ყალბი იყო და როცა მის ეროვნულ ვალუტაში გადასაცვლელად ბანკში მივიდა, პოლიციამ დაიჭირა. გამოსაშვებად თანხას სთხოვდნენ", — უყვება ის OC Media-ს.
"სხვა სექსმუშაკებმა თანხა შეაგროვეს, პოლიციას ჯარიმის სახით 2 900 დოლარი გადაუხადეს და ასე გადაარჩინეს", — იხსენებს მატანი ღიმილით.
მჭიდროდ შეკრული მხარდამჭერი ჯგუფები
სექსმუშაკების მცირე ჯგუფს ხშირად მჭიდრო კავშირი აქვთ ერთმანეთთან, ისინი მათი თემის წევრებისთვის მხარდამჭერთა პირველ რიგებში დგანან, განსაკუთრებით, გადაუდებელი შემთხვევების დროს. თუმცა, ეს თემი, მათი პროფესიების, გენდერული იდენტობისა თუ ორიენტაციის გამო, კვლავ დგას სამართლებრივ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ დახმარებაზე წვდომის პრობლემების წინაშე.
სექს სამუშაოს ირგვლივ არსებული სტიგმის გამო, ეს მჭიდროდ შეკრული ჯგუფი აზერბაიჯანის ფართო ქვიარ თემისგან დამოუკიდებლად განვითარდა.
სანანი, რომელიც სტუდენტია, ღამით სექსმუშაკად მუშაობს — მას სჯერა, რომ აზერბაიჯანის ქვიარ თემში ადგილს პროფესიის გამო ვერ პოულობს. ხშირად იძულებულია, მისი საქმიანობის შესახებ არაფერი თქვას.
"როცა ვამბობ, რომ სექსმუშაკი ვარ, ადამიანებში გაუცხოებას ვიწვევ, თითქოს, რაღაც საფრთხის წინაშე ვაყენებ", — ამბობს სანანი თავის ბინაში, რომელსაც "ოფისად" მოიხსენიებს.
სანანს ნორმალური ცხოვრების შესანარჩუნებლად ყოველდღიურად ბრძოლა უწევს — უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან ის ხშირად განიცდის შევიწროებასა და ბულინგს. ამან მხოლოდ მას შემდეგ იკლო, რაც საკუთარი თავი დაიცვა და დეკანს შეეწინააღმდეგა.
ორგანიზაციები, რომლებსაც ქვიარ უფლებების დაცვაზე აქვთ პრეტენზია, ხშირად ქვიარ სექსმუშაკებსა და დანარჩენ თემს შორის ამ დაყოფას კიდევ უფრო აღრმავებენ.
"ნორმალური ტრანსგენდერი ადამიანი არ იქნება სექსმუშაკი", — თქვა გენდერისა და განვითარების ცნობიერების საზოგადოებრივი კავშირის თავმჯდომარემ, კამრან რზაიევმა 2021 წელს Dalan 18+-თან ინტერვიუში.
სხვები, მაგალითად, ტრანსგენდერი სექსმუშაკი ჰაიატ ალისოი ამბობს, რომ კრიტიკა ხშირად სწორედ ქვიარ თემის შეხვედრებზე მოუსმენია.
"შენს გამო ცუდი რეპუტაცია გვაქვს" — უთხრა ალისოის ერთ-ერთმა მონაწილემ. ეს კომენტარი ღონისძიების ორგანიზატორებმა არაფრად ჩააგდეს.
სისტემური ძალადობიდან დამანგრეველ გულგრილობამდე
ქვიარ სექსმუშაკები სამართალდამცავების სამიზნეები არიან — მათ ფარულად გადაცმული პოლიციელები ხშირად აპატიმრებენ.
"ისინი შეურაცხყოფას გვაყენებენ და პირდაპირ გზიდან გვიტაცებენ", — ამბობს მატანი.
"ერთხელ, როცა 17 წლის ვიყავი, პოლიციამ დაგვიჭირა, გამოგვკითხეს, შეურაცხყოფა მოგვაყენეს, მანქანაში ჩაჯდომა გვაიძულეს და ბაქოში წაგვიყვანეს. მოგვთხოვეს მათთან სექსი გვქონოდა, ან ფული მიგვეცა. იძულებული ვიყავით ფული მიგვეცა, რის შემდეგაც სადღაც დაგვტოვეს", — თქვა მან.
მაშინაც კი, როცა საფრთხეში არიან, ქვიარ სექსმუშაკები ამჯობინებენ, რომ დასახმარებლად პოლიციას არ მიმართონ.
"როცა რაღაც ცუდი ხდება, არც კი ვცდილობ ამის შესახებ პოლიციას შევატყობინო. ვიცი, ჩემს საქმეს სერიოზულად არ აღიქვამენ", — თქვა ალისოიმ.
"ერთხელ, კლიენტის სახლში მივედი. ის დამემუქრა, რომ ფარულად ჩაწერილ ვიდეოს გაავრცელებდა. მაგიდაზე დანა იყო, მე შიშისგან დასახმარებლად ყვირილსაც ვერ ვახერხებდი. ყვირილი მხოლოდ მაშინ მოვახერხე, როცა შენობის წინ ვიყავი და გავიქეცი", — ამბობს ის.
აზერბაიჯანის ქვიარ თემს სახელმწიფო არ აღიარებს — ეს მათ დისკრიმინაციის პირისპირ უფრო მოწყვლადებს ხდის.
აზერბაიჯანელი ადვოკატი, ემინ აბბასოვი OC Media-ს ეუბნება, რომ ქმედებები, რომელიც ეროვნული რასობრივი ან რელიგიური სიძულვილის, ასევე, მტრობის გაღრმავებისკენაა მიმართული, აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლით აკრძალულია. თუმცა აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი აგრძელებს ხაზგასმას, რომ სახელმწიფო იმიტომ არ სთავაზობს ქვიარ ადამიანებს დაცვას, რომ ისინი კონსტიტუციით "სოცილურ ჯგუფად" არ არიან აღიარებული.
ეს დისკრიმინაცია, გაუცხოვებასთან ერთად, რომელსაც ისინი ქვიარ თემსა და მთლიან საზოგადოებაში განიცდიან, მედიაში ხშირად ამძაფრებს ცილისმწამებლურ კამპანიას, რაც მათ შანტაჟის მთავარ სამიზნეებად აქცევს.
"რადიკალური ნაციონალისტური და რელიგიური ჯგუფები ხშირად ავრცელებენ სექსმუშაკებისა და მოწყვლადი პირების პერსონალურ ინფორმაციას. ეს ჯგუფები განსაკუთრებით პოპულარულია ტელეგრამზე და რამდენიმე საათში შენ შესახებ ინფორმაციის ათასობით ადამიანისთვის გადაცემა შეუძლიათ. ეს თავისთავად გაქცევს მათ სამიზნედ", — ამბობს მატანი.
"ხედავ ათასობით სტატიას, ახალ ამბებსა და ვიდეო კონტენტს, რომელთა ჰედლაინები მიზანში იღებს სექსმუშაკებს. ხალხის თვალში, სექსმუშაკები წარმოჩენილი არიან მონსტრებად, რომლებიც იზოლირებული უნდა იყვნენ".
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები