ჩინური "ცის მატარებელი"? — ინჟინრების თქმით, უახლესი მაგლევი 10 მეტრის სიმაღლეზე "იფრენს"
როცა საქმე მაგლევ მატარებლებს ეხება, ჩინეთი უდავოდ ლიდერად გვევლინება. ჯერ კიდევ 2018 წელს, ქვეყანამ განაცხადა, რომ ცდიდა მაგლევ მატარებელს, რომელიც, შემქმნელთა მოლოდინით, 1000 კმ/სთ სიჩქარით ივლიდა. ეს ტესტირებისას ვერ დამტკიცდა, რასაც ვერ ვიტყვით სხვა მატარებელზე, რომელიც 2021 წლის ივლისში წარადგინეს. მან 600 კმ/სთ სიჩქარე განავითარა და ამან ის უსწრაფეს სახმელეთო ტრანსპორტად აქცია.
მაგლევ მატარებლების ლიანდაგები ჩვეულებრივი მატარებლებისას ნამდვილად არ ჰგავს. ის მაგნიტებითაა უზრუნველყოფილი, იმისათვის, რომ მატარებელმა ლევიტირება, შესაბამისად კი ამ რეკორდული სიჩქარის განვითარება შეძლოს.
South China Morning Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთმა ახლა უკვე მსოფლიოში პირველი მაგლევ მატარებლების ხაზი შექმნა, რომელიც მუდმივი მაგნიტებითაა აღჭურვილი. ინჟინრების თქმით, ამ გადაწყვეტას შეუძლია მატარებელი 10 მეტრის სიმაღლეზე სამუდამოდ შეინარჩუნოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მატარებელს ელექტრომომარაგება არ ექნება. მეცნიერები მათ ახალ მიღწევას "ცის მატარებელს" უწოდებენ.
ექსპერიმენტული სარკინიგზო ხაზი — Red Rail ამ ეტაპზე 800 მეტრის სიგრძისაა და სამხრეთ ჩინეთში, ქსინგუოში, ჯინგხის პროვინციაში მდებარეობს. ის აღჭურვილია მძლავრი მაგნიტებით, რომელსაც შეუძლია მატარებელი ბორტზე მყოფ 88 მგზავრთან ერთად აწიოს.
ახალი მოდელი აქამდე არსებული მაგლივ ხაზებისგან განსხვავებულია. ის მატარებელს მიწიდან 10 მეტრის სიმაღლეზე წევს. ეს ყველაფერი კი ლიანდაგთან ნებისმიერი სახის ფიზიკური კონტაქტის გარეშე.
ახალი მატარებელი ენერგოეფექტურიცაა. უნიკალური მუდმივი ლევიტირების პირობებში, ის მცირე რაოდენობის ელექტროენერგიას საჭიროებს.
ამ შთამბეჭდავ მატარებელზე გამოყენებულ მაგნიტებს, რომელთაც მუდმივ მაგნიტებს უწოდებენ, დაამატეს იშვიათი ელემენტები, რათა გაზარდონ მათი სიცოცხლისუნარიანობა. და ეს ყველაფერი არ არის. როგორც ცნობილია, ამ მაგლევ მატარებელს ხელოვნური ინტელექტი მართავს. ექსპერტთა შეფასებით, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის მისი გადაადგილების სისწრაფეს. თუ ახლა ფუნქციონირებადი მეტროს მატარებლების სისწრაფე ძირითადად 80 კმ/სთ-ია, AI-ის დახმარებით მაგლევ მატარებელი 50%-ით სწრაფი იქნება. მიუხედავად ამ მიღწევებისა, როგორც ჩანს ეს მატარებელი მაგლევებთან დაკავშირებულ ძირითად მოლოდინს ვერ ამართლებს — ის რეკორდულად სწრაფი არაა.
კომენტარები